logo_geo
ამგვარი წიგნი სანატრელი ჰქონდა ჟურნალისტიკას დაწაფებულ სტუდენტთა არაერთ თაობას
- +

20 აპრილი. 2017. 02:10


საქართველოში პროფესიონალი ჟურნალისტების მომზადებას ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. მთელი ამ ხნის განმავლობაში იცვლებოდა არა მარტო ჟურნალისტიკის როლი და ადგილი, არამედ მისი არსიც. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი გახდა ისეთი სახელმძღვანელოების მომზადება, რომელიც უპასუხებდა თანამედროვე დროის მოთხოვნებს და ქართული დემოკრატიის განვითარებას, რომელსაც აუცილებლად სჭირდება კარგი ჟურნალისტიკა ფაქტების სწორად გაანალიზებისა და მიწოდებისთვის. სწორედ ასეთი სახელმძღვანელოს - „ჟურნალისტიკა" - პრეზენტაცია გაიმართა 11 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.


ქართულ-ფრანგული პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის შექმნისა და გამოცემის იდეა ეკუთვნით პროფესორ მარინე ვეკუასა და ისტორიის დოქტორს, განათლების მეცნიერებათა (რეიმს-შამპან-არდენის უნივერსიტეტი, საფრანგეთი) და ევროპეისტიკის (მატეი ბელის უნივერსიტეტი, სლოვაკეთი) პროფესორს ჟილ რუეს. წიგნის პირველი გამოცემა 2013 წლით თარიღდება.

სახელმძღვანელო, რომელიც 11 თავისაგან შედგება, შექმნილია 9 უმაღლესი სასწავლებლის 13 პროფესორის (მათ შორის ერთი ფრანგი პროფესორის) ავტორობით.


„პროექტი მოიცავს ჟურნალიზმის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც კი წამოჭრილა დაფუძნებიდან მოყოლებული მისი განვითარების ყველა საფეხურზე. ამ წიგნის მიზანია, შეაძლებინოს სტუდენტს - ჩასწვდეს თავისი პროფესიის ევოლუციას საქართველოს განსაკუთრებულ კონტექსტში", - აღნიშნავს ფრანგი პროფესორი ტერი კომი წიგნისთვის დართულ რეცენზიაში.


წიგნი პირველმა წარადგინა ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო ჭალაგანიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მეორე გამოცემის საჭიროება ბაზრის მოთხოვნამ გამოიწვია.


„წიგნის ეს გამოცემა უფრო შევსებული და მრავალფეროვანია. სახელმძღვანელო საქართველოში არსებულმა ყველა მედია სკოლამ აიტაცა და თავის სასწავლო პროგრამებში ჩასვა. სახელმძღვანელო პოლიფუნქციურია და მრავალ მიმართულებას მოიცავს. რაც მთავარი და ხაზგასასმელია, ეს წიგნი არ არის უცხოური სახელმძღვანელოს თარგმანი, ის ქართულ რეალობასა და მაგალითებზეა დაფუძნებული. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ მედია-განათლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მარტო ქართულენოვანი სახელმძღვანელოების არ ქონა კი არ არის, არამედ ქართულ რეალობაზე მორგებული სახელმძღვანელოების დეფიციტიცაა. წიგნი ამ მოთხოვნებს ბრწყინვალედ პასუხობს. სახელმძღვანელოში მოცემული ყველა მაგალითი ქართული სინამდვილიდანაა აღებული", - განაცხადა ნინო ჭალაგანიძემ.


პრეზენტაციაზე სახელმძღვანელოს შექმნის იდეისა და გაწეული სამუშაოების შესახებ საინტერესოდ ისაუბრა პროფესორმა მარინე  ვეკუამ. მან საზოგადოებას ავტორთა ჯგუფის ყველა წევრი გააცნო და წიგნის სტრუქტურასა და შინაარსზეც ისაუბრა. სახელმძღვანელოს რეცენზენტების შეფასებების გახმოვანებით პროფესორმა წიგნის ღირსებებსა და მასშტაბურობას გაუსვა ხაზი. პროექტის იდეის ავტორმა მსმენელს წიგნის პირველი გამოცემის პრეზენტაციასა და განხილვებზეც მოუთხრო და წიგნზე მუშაობის პროცესის თავისებურებებზეც ისაუბრა.


„პროექტი მოიცავს ჟურნალიზმის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც კი წამოჭრილა დაფუძნებიდან მოყოლებული მისი განვითარების ყველა საფეხურზე. მეორე გამოცემა გამოირჩევა სიახლეებით, რომელიც შეიძლება 4 ძირითად პუნქტად გამოვყოთ. ესენია: სოციალური გავლენის ზოგიერთი თანამედროვე თეორია; ინტერვიუ, როგორც განსაკუთრებული მეთოდი; უახლესი ლიტერატურა, წყაროები, მონაცემები და „ახალი მედიის" განახლებული ნაწილი. წიგნში განხილულია პრესის, ტელევიზიის, რადიოს, ფოტოგრაფიის, კინემატოგრაფიის და ინტერნეტმედიის წარმოშობისა და განვითარების ისტორია და ჟურნალისტიკის როლი საზოგადოებრივი აზროვნების, ეროვნული და სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაში. წიგნში ასევე დიდი ადგილი ეთმობა ჟურნალისტური ეთიკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს", - აღნიშნა მარინე ვეკუამ.


სახელმძღვანელოს შესახებ აზრი გამოთქვეს პროფესორებმა: ნათია კვიტაშვილმა, მაია მიქაშავიძემ, თამაზ ჯოლოგუამ, ვასილ კაჭარავამ, დალი ჩიკვილაძემ, ჟურნალისტთა კავშირის თანათავმჯდომარემ მარინე გიგინეიშვილმა და სხვებმა. მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ ამ სახელმძღვანელოში განხილული საკითხების ღრმა გააზრება აამაღლებს მომავალი ჟურნალისტების პროფესიული დაოსტატების დონეს.


„ჟურნალისტიკაში ქართულ ენაზე ასეთი მასშტაბური და მრავალფეროვანი სახელმძღვანელო პირველად მომზადდა და გამოიცა. საგულისხმოა, რომ სახელმძღვანელოს ყოველი თავი შევსებულია ქართული მასალით და მისადაგებულია დასავლურ მიღწევებთან. წიგნი ინფორმაციულად და თემატურად მრავალფეროვანია. მასში ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი საკითხები ვრცელი ისტორიული და ფაქტობრივი მასალის საფუძველზეა გაანალიზებული. გულწრფელად მჯერა, რომ წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს ჟურნალისტიკით დაინტერესებულ სტუდენტებს და საინტერესო იქნება ფართო საზოგადოებისთვისაც", - ასეთ შეფასებას აძლევს წიგნს აკადემიური დოქტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი ნესტან ციციშვილი.

დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჟურნალისტების როლს ქართული დემოკრატიის განვითარებაში ჟურნალისტიკის პროფესორი, საერთაშორისო მედიის პროგრამის დირექტორი რიკ როქუელი (აშშ, ამერიკული უნივერსიტეტი), რომელიც საკუთარ აზრს გვიზიარებს ამ წიგნთან დაკავშირებით: „იმის კვალდაკვალ, თუ როგორ მწიფდება ქართული დემოკრატია და როგორ გამჭვირვალობას იძენს მთავრობა და მოვლენები, ჟურნალისტებმა უფრო ბეჯითად უნდა იმოქმედონ... ეს წიგნი დაეხმარება მათ ამ მნიშვნელოვან საქმიანობაში".

წიგნის ღირებულების შესახებ საუბრობს წიგნის ერთ-ერთი რეცენზენტიც, ფილოსოფიის დოქტორი მარკო ბორსოტი: „ჟურნალისტიკა და, კერძოდ, თავისუფალი ჟურნალისტიკა დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა დემოკრატიის პრინციპების დასაცავად. დარწმუნებული ვარ, სახელმძღვანელო სტუდენტებს დიდად შეუწყობს ხელს მიიღონ ისეთი ცოდნა, რაც აუცილებელია მათ კეთილსინდისიერ პროფესიონალებად ჩამოყალიბებისათვის", - აღნიშნავს მარკო ბორსოტი.

„დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ ამგვარი წიგნი სანატრელი ჰქონდა ჟურნალისტიკას დაწაფებულ სტუდენტთა არაერთ თაობას. ჯერ იყო და, რუსულიდან გადმოქართულებული, რუსული მაგალითებით გაძეძგილი სახელმძღვანელოებით გვასწავლიდნენ ქართულ ჟურნალისტიკას, შემდეგ რუსულ სახელმძღვანელოებს დასავლური ჩაენაცვლა და ახლა ამათი გაქართულებული თუ ორიგინალური ვერსიებით გაივსო ჟურნალისტიკის სილაბუსები", - წერს ჟურნალისტი და მკვლევარი პაატა ნაცვლიშვილი წიგნის წინასიტყვაობაში და მას „ქართული რეალიების გათვალისწინებით" შექმნილ პირველ ჟურნალისტურ სახელმძღვანელოს უწოდებს.

წიგნს არ ახლავს მინიშნება - თუ ვისთვის არის იგი განკუთვნილი, თუმცა, ამ უკმარისობას ავსებს პაატა ნაცვლიშვილის წინასიტყვაობა: „ამ სახელმძღვანელოს არა აქვს კონკრეტული მისამართი, თუ რომელ უნივერსიტეტში, რომელ ფაკულტეტზე, რომელ კურსზე, რომელი დისციპლინის სწავლებისას უნდა იქნას იგი გამოყენებული. ამ მხრივ ის საკმაოდ მოქნილია - პირველკურსელსაც გამოადგება და მეოთხეკურსელსაც, მაგისტრატურის სტუდენტებისთვისაც სასარგებლოა და „მოქალაქე ჟურნალისტებისთვისაც", ჟურნალისტიკაზე მეოცნებე აბიტურიენტებისა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისთვისაც, ვინაც ჟურნალისტობა მეორე პროფესიად აირჩიეს".






წყარო: newspaper.tsu.ge



 

big_banner
არქივი