logo_geo
კვლევა: კოვიდ-გადატანილი ადამიანებისთვის „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ერთი დოზით აცრა საკმარისია
- +

12 მაისი. 2021. 12:17

 

 

კოვიდ-გადატანილი ადამიანებისთვის „ფაიზერის“, ან „მოდერნას“ ერთი დოზით აცრა საკმარისია. ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს.

 

ლოს-ანჯელესის სამედიცინო ცენტრ Cedars-Sinai-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინის ერთი დოზის შემდეგ კოვიდ-გადატანილ პირებში იმუნური რეაქცია უტოლდებოდა იმ ადამიანებისას, ვინც ვაქცინის ორივე რეკომენდებული ინექცია გაიკეთა. კვლევის ავტორები წერენ, რომ მიღებული შედეგების მიხედვით, ვაქცინის ერთი დოზა საკმარისია იმ პირებისთვის, ვინც COVID-19 უკვე გადაიტანა.

 

თებერვლიდან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაში, მიიღეს პროტოკოლი, რომელიც კოვიდ-გადატანილი ადამიანებისთვის ორკომპონენტიანი ვაქცინის ერთი აცრის გაკეთებას ითვალისწინებს.

 

ისრაელში, რომელიც ვაქცინაციის პროცესში მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდ-გადატანილების აცრაზე საერთოდ თქვა უარი, შემდეგ კი დაადგინა, რომ ისინი ერთჯერადად უნდა აიცრნენ.

 

„კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინის ერთი დოზის მიღება კოვიდ-გადატანილი ადამიანებისთვის სრულიად საკმარისია. ეს ეხება როგორც კორონავირუსს, ასევე ბრიტანულ, ბრაზილიურ და სამხრეთაფრიკულ შტამებს“, - აცხადებს ისრაელის გრიპისა და რესპირატორული ვირუსების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მიჰალ მანდელბოიმი.

 

 

big_banner
არქივი