logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძე სლოვაკეთის ელჩს შეხვდა
- +

9 ივნისი. 2021. 16:58

 

 

საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ის ძირითადი საკითხი იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სლოვაკეთის ელჩთან საქართველოში პაველ ვიზდალთან გაცნობით შეხვედრაზე განიხილა. მინისტრმა დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სლოვაკეთის ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში სლოვაკი დამკვირვებლების კონტრიბუციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ ელჩს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ NATO-ს მეტ ჩართულობას საქართველოში ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მხარეებმა ისაუბრეს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესზე, სადაც განსაკუთრებით აღინიშნა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) ინიციატივის განვითარებაში სლოვაკეთის კონტრიბუცია.

 

შეხვედრას სლოვაკეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ივან კმეტიც დაესწრო, რომელმაც დაასრულა თავისი დიპლომატიური მისია საქართველოში და გამოსამშვიდობებელი შეხვედრებისთვის ანკარიდან ჩამოვიდა. მინისტრმა სლოვაკ ოფიცერს მის შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

 

big_banner
არქივი