logo_geo
ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 141 წელი გავიდა…
- +

23 აპრილი. 2017. 16:27



დღეს ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა!


გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლისა და სულისჩამდგმელის დაბადებიდან 141 წელი გავიდა.


ივანე ჯავახიშვილი დაიბადა 1876 წლის 11 (23) აპრილს ქალაქ თბილისში.


1885 წელს ივანე ჯავახიშვილმა სწავლა დაიწყო თბილისში, პროგიმნაზიაში, ხოლო 1888 წელს იგი თბილისის კლასიკური გიმნაზიის მეორე კლასში ჩაირიცხა, რომელიც დაასრულა 1895 წელს.


გიმნაზიაში სწავლის დროს ივანეს ინტერესი ისტორიისადმი განსაკუთრებით გამოიკვეთა. იგი გატაცებით სწავლობდა ლიტერატურას, ისტორიას, ძველსა თუ ახალ ენებს. წერდა რეფერატებსა და მოხსენებებს საქართველოს ისტორიის სხვადასხვა საკითხზე.


გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ივ. ჯავახიშვილი შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანულ განყოფილებაზე, სადაც სპეციალურ საგნად აირჩია საქართველოსა და სომხეთის ისტორიის შესწავლა.


უნივერსიტეტში შესვლისთანავე ივ. ჯავახიშვილი სათავეში ჩაუდგა სტუდენტთა ქართულ სათვისტომოს, რომლის წევრებიც, როგორც საკუთარ წრეში, ისე უფრო ფართო ასპარეზზე, ქართული ენისა და კულტურის შელახული პოზიციების აღდგენას ცდილობდნენ. შემდეგ ივ. ჯავახიშვილის თაოსნობით დამყარდა კავშირი ამიერკავკასიიდან ჩამოსულ სხვა ეროვნების სტუდენტებთანაც და შეიქმნა „ამიერკავკასიის სათვისტომო".


როგორც მეცნიერმა, ჯავახიშვილმა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან მიიქცია ყურადღება. ნაშრომისათვის „ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში" პეტერბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ოქროს მედლით დააჯილდოვა (1898).


1901 წლის 27 იანვარს მან ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები და მიიღო „ქართული სიტყვიერების მაგისტრანტის" ხარისხი.


პეტერბურგის უნივერსიტეტში მუშაობისას ივ. ჯავახიშვილმა 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა: ორი გერმანულ ენაზე, 22 რუსულ ენაზე და 16 ქართულ ენაზე. ამათგან კაპიტალურ ნაშრომებს მხოლოდ ქართულად გამოქვეყნებული შრომები შეადგენდნენ. და ეს არ იყო შემთხვევითი. ჯავახიშვილი ხომ ახალ ქართულ ისტორიოგრაფიას უყრიდა საფუძველს, ქმნიდა იმის პირობას, რომ ამიერიდან ქართული მენციერების განვითარების ცენტრს საქართველოში გადმოენაცვლა.


1907 წლის 13 მაისს ივანე ჯავახიშვილმა წარმატებით დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია თემაზე: „ძველი საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფოებრივი წყობილება". ოფიციალურ ოპონენტებად ისეთი გამოჩენილი მეცნიერები გამოვიდნენ, როგორებიც იყვნენ ნ. მარი და ვ. ბარტოლდი. აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭომ ივ. ჯავახიშვილს ქართული სიტყვიერების მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი მიანიჭა.


1913-14 წლებში ივანე ჯავახიშვილმა გამოსცა თავისი შრომის - „ქართველი ერის ისტორიის" პირველი ორი ტომი. ეს იყო დიდი მოვლენა ქართულ ისტორიოგრაფიაში. ფაქტიურად ამ შრომის გამოქვეყნებით საფუძველი ჩაეყარა საქართველოს მეცნიერულ ისტორიას.


1917 წლის რევოლუციის შემდეგ ივანე ჯავახიშვილი თავის თანამოაზრეებთან შალვა ნუცუბიძესთან, იოსებ ყიფშიძესთან, აკაკი შანიძესთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა და აქტიური ბრძოლა გააჩაღა კავკასიაში პირველი უმაღლესი დაწესებულების - უნივერსიტეტის დაარსებისათვის.


უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. თანადამფუძნებლები იყვნენ: გრიგოლ გველესიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი.


1918 წლის 26 იანვარს (8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს) ქართული უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა. უნივერსიტეტში არსებულ ერთადერთ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანად ივანე ჯავახიშვილი აირჩიეს. 17 დეკემბრის სხდომამ კი ივანე ჯავახიშვილი ერთხმად აირჩია რექტორად.


1938 წლის 15 ივნისს სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ი.ჯავახიშვილი შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვა. იმავე წელს აირჩიეს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრად. 1939 წელს აირჩიეს სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად).


ივანე ჯავახიშვილის მეცნიერული მოღვაწეობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენდა საქართველოსა და კავკასიის ისტორია და ისტორიოგრაფია, ქართული ეკონომიკისა და სამართლის ისტორია, კავკასიის ეთნოლოგია, საქართველოს ეთნოგრაფია, კავკასიური ენები, საქართველოს საისტორიო გეოგრაფია, ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორია. სამართლიანად ითვლებოდა ისტორიული წყაროთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლად. ის გახლდათ 170-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 20-ზე მეტი მონოგრაფიის ავტორი.


ჯავახიშვილმა ღრმა კვალი დატოვა მეცნიერულ ქართველოლოგიაში.


ჯავახიშვილმა დასაბამი მისცა საქართველოს ისტორიის უმდიდრესი წყაროთმცოდნეობითი ბაზის ღრმა მეცნიერულ კვლევას. განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი ძველი ქართული ჟამთააღმწერლობითი თხზულებების კრებულის - „ქართლის ცხოვრების" შესწავლის საქმეში. მანვე აღმოაჩინა აღნიშნული კრებულის უძველესი ნუსხა, რომელიც ანა დედოფლისეული „ქართლის ცხოვრების" სახელითაა ცნობილი. ჯავახიშვილმა შექმნა ქართული წყაროთმცოდნეობის ფუძემდებლური ნაშრომი „ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა", რომელიც გამოიცა ოთხ წიგნად.


1940 წლის 18 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილი გარდაიცვალა. დაკრძალეს მის მიერ დაარსებული ქართული უნივერსიტეტის ეზოში, პირველი რექტორის - პეტრე მელიქიშვილის გვერდით.







 

big_banner
არქივი