logo_geo
ხანდაზმულ ცოლ-ქმარს აცრაზე უარი უთხრეს
- +

20 ივნისი. 2021. 23:11

 

 

მოქალაქე თემო ლაგვილავამ მეგობრის მშობლები, სოფელ ბანოჯაში მცხოვრები ცოლ-ქმარი, კოვიდ-საწინააღმდეგო აცრაზე, „ასტრაზენეკაზე“, რამდენიმე დღის წინ დაარეგისტრირა.

 

18 ივნისს, ცოლ-ქმარი აცრის გასაკეთებლად სოფელ ბანოჯიდან ქუთაისში ჩავიდნენ. თუმცა, როგორც თემო ლაგვილავა ამბობს 81 წლის კაცსა და 73 წლის ქალს, ექიმმა აცრაზე უარი უთხრა. უარის მიზეზად კი შაქრიანი დიაბეტი და „პრობლემური სისხლძარღვები“ დასახელდა.

 

ხანდაზმულმა ცოლ-ქმარმა დასახმარებლად კვლავ შვილის მეგობარს მიმართეს და „პფაიზერზე“ დარეგისტრირება სთხოვეს:

 

„ჩემი მეგობარი გერმანიაში ცხოვრობს. რაკი აცრაზე უცხოეთიდან დარეგისტრირება არ შეიძლება, მთხოვა, რომ მშობლებისთვის აცრა დამეჯავშნა. აცრა ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში დავჯავშნეთ. ეს ხალხი დანიშნულ დროს სოფლიდან ქუთაისში ჩავიდნენ, იქ კი აცრაზე უარი უთხრეს. როგორც მეგობრის მშობლებმა ამიხსნეს, აცრის კაბინეტში მათ ექიმი გაესაუბრა, გაიგო, რომ დიაბეტი ჰქონდათ, აღნიშნა, რომ შესაძლოა, ჰქონოდათ ასევე პრობლემური სისხლძარღვები და „ასტრაზენეკათი“ აცრის რეკომენდაცია არ მისცა. შემდეგ კი უთხრეს, რომ „პფაიზერზე“ დარეგისტრირებულიყვნენ. დამირეკეს და დახმარება მთხოვეს, იქნებ „პფაიზერზე“ დაგვარეგისტრიროო“.

 

თემო ლაგვილავამ სიტუაციის გარკვევა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცხელ ხაზზე სცადა. როგორც მას ოპერატორმა განუმარტა, ხანდაზმულმა ცოლ-ქმარმა იმუნიზაციის საბჭოს უნდა წარუდგინოს ჯანმრთელობის ცნობა, ე.წ. ფორმა 100, რის შემდეგაც, საბჭო განიხილავს მათ მიმართვას და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მათ „პფაიზერით“ აცრიან:

 

„ეს ადამიანები ძლივს ჩამოვიდნენ სოფლიდან ქუთაისში. გამოდის, რომ ახლა ხელმეორედ უნდა ჩავიდნენ ქუთაისში, იარონ ექიმებთან, ჩაიტარონ გამოკვლევები, დახარჯონ თანხა, შემდეგ აიღონ ეს ცნობები და მეილით გააგზავნონ ყველა დოკუმენტი ჯანდაცვის სამინისტროში, იმუნიზაციის საბჭოში. არადა, ეს ადამიანები რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან, აქვთ შაქრიანი დიაბეტი. სწორედ ამ ადამიანებისთვისაა რეკომენდებული აცრა, ისინი კი ძლივს სოფლიდან სოფლიდან ჩამოსულები უკან გააბრუნეს“.

 

რადიო თავისუფლება მეტი დეტალის გასარკვევად დაუკავშირდა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცხელ ხაზს.

 

როგორც ცხელი ხაზის ოპერატორმა განგვიმარტა, ქვეყანაში „პფაიზერის“ მცირე დოზებია დარჩენილი და იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ვაქცინით მხოლოდ სპეციალური ჯგუფების წარმომადგენლებს, ე.წ. რისკ-ჯგუფში მყოფ პირებს ცრიან.

 

ოპერატორის განმარტებით, აცრის მსურველმა ყველა საჭირო დოკუმენტაცია ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე, იმუნიზაციის საბჭოს სახელზე უნდა გააგზავნოს. მისივე განმარტებით, თუკი პირი ვერ ახერხებს დოკუმენტაციის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნას, ამ შემთხვევაში, ის ჯანდაცვის სამინისტროში, კანცელარიაში უნდა მივიდეს და საბუთები იქ დატოვოს.

 

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცხელ ხაზზე ისიც გვითხრეს, რომ იმუნიზაციის საბჭო „პფაიზერით“ ვაქცინაციის მსურველთა მიმართვას, სავარაუდოდ, 10-15 დღის განმავლობაში განიხილავს.

 

 

big_banner
არქივი