logo_geo
მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკის განსაზღვრის დროს საქართველოს საკითხი ყოველთვის იყოს ჩვენი პარტნიორების დღის წესრიგში
- +

30 სექტემბერი. 2021. 19:32

 

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ განხილვაში „ევროპარლამენტის გზავნილები რუსეთის უკანონო ქმედებებზე“ მიიღო მონაწილეობა.

 

ონლაინ დისკუსიისას მაკა ბოჭორიშვილმა 2021 წლის 16 სექტემბერს ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირისა და რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ მიღებულ ანგარიშში საქართველოს, ევროკავშირის ასოცირებული სამეულისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მიმართ ევროპარლამენტის მხარდამჭერ გზავნილებზე ისაუბრა. კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგზე, ევროკავშირთან „ასოცირებული სამეულის“ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ევროპულ უსაფრთხოებაში ევროკავშირის როლზე გაამახვილა ყურადღება.

 

„იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და განვითარება მუდმივად დგას საფრთხის წინაშე, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკის განსაზღვრის ან თუნდაც მსჯელობის დროს საქართველოს საკითხი ყოველთვის იყოს ჩვენი პარტნიორების დღის წესრიგში. საქართველო, ასოცირებულ პარტნიორებს შორის პირველი გამოვიდა ევროპული ამბიციების ბუნდოვანებიდან და ღიად დააფიქსირა სურვილი გააკეთოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2024 წელს და ამით, ევროკავშირის დღის წესრიგში ოფიციალურად დააყენოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, რაც ბუნებრივია ჩვენს ევროპულ მომავალს ბევრად უფრო ცხადს გახდის, ვიდრე ის დღეს გამოიყურება. ასოცირების შეთანხმების წარმატებით შესულების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზის 2/3 მეტი უკვე გავლილი ექნება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მანძილს საბოლოო მიზნამდე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

მისი თქმით, რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმი წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვის და სტაბილურობისთვის. მაკა ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის მთავარი გარანტორია.

 

 

 

კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ევროკავშირის მხრიდან „ასოცირებული სამეულისთვის“ უფრო ამბიციური თანამშრომლობის, ევროკავშირში ინტეგრაციის ახალი სტრატეგიის შეთავაზების აუცილებლობასა და ევროკავშირთან უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

 

big_banner
არქივი