logo_geo
კახა კვაშილავა: კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონ ზურაბს ამ მონოგრაფიის გამოცემას და მას ბევრ, დაინტერესებულ მკითხველს ვუსურვებ!
- +

6 ნოემბერი. 2021. 20:55

 

 

პროფესორი, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სოხუმის უნივერსიტეტში კახა კვაშილავა სოციალურ ქსელში წერს:

 

„შენთვის წიგნი მაქვს, მეუბნება ამ დილით რექტორი ზურაბ ხონელიძე, შემდგომ სტუმრები ჰყავდა უკრაინიდან – ჩვენი უნივერსიტეტის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეგობრები უკრაინის საელჩოდან და კიევის ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტიდან.

 

სტუმრები რომ გაისტუმრა, კუთვნილი წიგნი მოვითხოვე . გამოიტანა და ასეთი ძალიან თბილი წარწერით მოგვიძღვნა შორენასა და მე. უღრმესი მადლობა წიგნისთვის და ასეთი თბილი სიტყვებისთვის.

 

ვაკეში პატარა საქმე გვქონდა მე და შორენას. ჩავჯექი 301-ში, გადავშალე წიგნი და დავიწყე კითხვა. ჩამოსასვლელ გაჩერებას გავცდი. ჩამითრია და ვერ მოვწყდი. მარტო იმიტომ კი არა, საინტერესო რომაა, ენაა თავისუფალი, ყოველგვარი ზედმეტობებისაგან თავისუფალი. თუ ჩემი გჯერათ, მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი რედაქტორი იქნებოდა, რომელიც გრძნობს ტექსტს, ხვდება რომელი სიტყვაა ზედმეტი და როგორი სიტყვათწყობა იქნება კონკრეტულ შემთხვევაში უპრიანი. ამასთან, ორთოგრაფიაში პროფესიონალ ფილოლოგსაც გაეჯიბრება. დამიჯერეთ. ასეა ეს!

 

საუნივერსიტეტო დიპლომატია, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების განახლებული ფორმა და დიპლომატიის ახალი სახეობა, ბატონი ზურაბის ნოუჰაუა და მისი აპრობაცია, მე ვარ მოწმე, არაერთხელ შედგა საკმაოდ მაღალპროფესიული აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან აშშ-დან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან. გამოხმაურება და შეფასებაც არ იყო ხათრიდან გამომდინარე. პირიქით, ძალიან მკაფიო მაღალი შეფასება და მხარდაჭერა მიიღო ბატონმა ზურაბმა. დაიგეგმა და მალე გაიმართება საერთაშორისო კონფერენციებიც, რომლის ძირითადი თემა სწორედ საუნივერსიტეტო დიპლომატია იქნება. მაგრამ მხოლოდ ეს არა: ზოგიერთმა უნივერსიტეტმა ბატონ ზურაბს სთხოვა ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო სილაბუსის შედგენა და ერთგვარი საავტორო უფლებებიც კი მოითხოვეს, რაზეც, ბუნებრივია, ბატონი ზურაბი უარს არავის ეუბნება. ჰო, ჩვენთან უკვე ამოქმედდა სამაგისტრო პროგრამა „დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა“, რომელიც საუნივერსიტეტო დიპლომატიის არსს დაეფუძნა. პირველი მიღებაც გვაქვს უკვე და 4 სემესტრში დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის 5 მაგისტრიც გვეყოლება.

 

მოკლედ, წიგნი ძალიან საინტერესოა!

 

რატომ?

 

იმიტომ რომ, ის დაწერა ადამიანმა, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს, როგორც პროფესიონალ დიპლომატს (რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პროცესში) და პროფესიონალ მეცნიერ-პედაგოგს.

 

როგორც პროფესიონალ დიპლომატს გუშინ და გუშინწინ არ დაუწყია ფიქრი ქვეყნის წინაშე მდგარი არაერთი პრობლემის გადაჭრისა (ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, კონფლიქტების მოგვარება) და საერთაშორისო გამოწვევებზე (რეგიონალური უსაფრთხოება, საქართველოს საერთაშორისო როლის ამაღლება, ჩვენი ქვეყანა როგორც კავკასიის ისტორიული და ბუნებრივი ცენტრი) ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული მოქმედებების დასაგეგმავად.

 

როგორც მეცნიერ-პედაგოგმა პროფესიონალი დიპლომატის ნააზრევ-ნაფიქრალი საუნივერსიტეტო სივრცეს შეუთავსა და მიიღო საინტერესო დასკვნა, რომ უნივერსიტეტი, როგორც აკადემიური ინსტიტუცია, ყველაზე მეტად მოერგება. სწორედ აქ, სადაც მიმდინარეობს ინტელექტუალური მუშაობა, სადაც ახალი თაობა პროფესიას და შესაბამის უნარ-ჩვევებს იძენს (სწორედ ამიტომ შესთავაზა ბატონმა ზურაბმა უნივერსიტეტს ახალი სლოგანი: „ცოდნა–აღმაშენებელი“), შეიძლება ეფექტური შედეგის მიღწევა, თუნდაც, კონფლიქტების რეზოლუციის მიზნით. დამერწმუნეთ, ამაზე ჯერ არავის უფიქრია.

 

სხვათა შორის, ადმინისტრაციული კორპუსის ფოიე რომ განახლდა, ბატონ ზურაბის ინიციატივით, მისი გაფორმება იმდაგვარად მოხდა, რომ სტუმარმა, შემოვა რა უნივერსიტეტში, იმთავითვე იგრძნოს, სად მოვიდა, რა დახვდება და რა არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რაში მდგომარეობს მისი მიზანი, ამოცანა. დამისახელეთ სხვა უნივერსიტეტი, სადაც ამდაგვარ რამეს ნახავთ. მგონი, არსად.

 

თუმცა, ეს ყველაფერი არაა. სამუშაოები გრძელდება. იდეები ბატონ ზურაბს მუდამ აქვს. აი, დღეს უკრაინელ სტუმრებს ისეთი „ექსკურსია“ მოუწყო ფოიეში, ძალიან მაღალი და თბილი გრძნობებით ელაპარაკებოდა საქართველოზე, უნივერსიტეტზე, აფხაზეთზე. სტუმრებიც ინტერესით უსმენდნენ და კითხვებითაც აიკლეს.

 

მოკლედ, გამიგრძელდა სიტყვა. არა, ეს რეცენზია არაა. რეცენზიები სხვადასხვა ქვეყნებიდან უკვე ჩამოსულია. ახალიც იქნება.

 

რაც დავწერე, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სუბიექტური, როგროც ადამიანისა, და ობიექტური, როგორც პროფესიონალი მკვლევარისა, განცდებია.

 

ბოლოს ერთი ამონარიდი წიგნიდან და მიხვდებით, რომ ის აუცილებლად უნდა აღმოჩნდეს ჩვენს ბიბლიოთეკებში და ზოგიერთ სახელმწიფოებრივ საკითხებზე ფიქრისა და მსჯელობისას, ჩავიხედოთ, დავაზუსტოთ და ობიექტური დასკვნა გამოვიტანოთ. იმედია, ამ წიგნს ყურადღებით წაიკითხავენ ისინი, ვინც სახელმწიფოებრივი პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაზე აიღო პასუხისმგებლობა. მაგრამ პასუხისმგებლობის აღება ერთია, მთავარი გრძნობდეს ამ პასუხისმგებლობას.

 

მაშ, ასე, ამონარიდი. მართალია, ცოტა ვრცელია, მაგრამ თუკი აქამდე მომყევით, ესეც წაიკითხეთ:

 

„წინამდებარე პრობლემატიკით ავტორის დაინტერესება მხოლოდ დროის მოთხოვნა, ან პოლიტიკით გატაცება როდია. საქართველოში ათწლეულობით დაგროვილი პრობლემების ანალიზი გვიბიძგებს არსებული სტატუს-კვოს მიუღებლობისკენ. სახეზეა მოცემულობა: დროებით გაყოფილი, პოლიტიკურად დასნეულებული და ზნეობრივადაც გასაჭირში მყოფი ეროვნული სხეული, რომლის მომავალს ავტორი მხოლოდ ორგანული მთლიანობის გათვალისწინებით ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ XXI საუკუნე სამყაროს მოწყობის კონცეპტუალური სისტემის შეცვლასთან ერთად იდეების ეპოქად მოინათლა, საქართველოში აუცილებელი სიღრმისეული კვლევის შედეგად, მიგნებისა და ძველი პროცესების ამსახველი ახალი მომწესრიგებელი იდეით ჩანაცვლების ნაცვლად, ადგილი აქვს საზოგადოების გაუმართლებელ დაბნეულობას, კონფორმიზმს, მეტიც, უმძიმეს ჟამ-გამოვლილი ქართველი ერის დაუძლეველ სიღარიბესა და მისი მსხვერპლად ქცევის სამწუხარო ფაქტს! რეალურად, ქართული სახელმწიფო სამი ათეული წელია მოძრაობს ისეთ წრეზე (კალაპოტში), რომელიც აცდენილია და არ შეესაბამება ქვეყნის განვითარების ეროვნულ-სახელმწიფოებრივ, კულტურულ-ცივილიზაციურ, გეოეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ინტერესებს, პრობლემების დრამატიზირების ნაცვლად, ქართველებმა, რომლებიც გონიერებით არავის ჩამოვრჩებით, უნდა ვაღიაროთ, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. „რა გვჭირს?“ „რა სენით ვართ შეპყრობილნი?“ „თუ გვეშველება?“, „ვინ გვიშველის?“, პროვინციალიზმით გაჯერებულ ამ და სხვა კითხვებზე პასუხი უნდა ვეძებოთ არა ჩვენგან შორს „მიუწვდომლის წიაღში“, იქ, სადაც მისი მიგნება შეუძლებელია, არამედ, ჩვენში: საკუთარ აზროვნებაში, ქვეყნის როლის ახლებურ გააზრებასა და მისთვის დამატებითი ფუნქციის შეძენის აუცილებლობაში, მოქმედ არაეფექტიან სისტემაში, საზოგადოებაში, სახელმწიფოში, თვით პოლიტიკაში, რომელიც ანტიპოლიტიკად ვაქციეთ!

 

... ვფიქრობთ, აუცილებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მისი მთავარი სამოქმედო ხაზის – „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ დღევანდელი და ხვალინდელი პოტენციური შესაძლებლობების მნიშვნელობის (ღირებულების) გააზრება. ქართული სახელმწიფოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევით, უნდა შეიქმნას ახალი თავისუფალი „სივრცე“, სადაც სააზროვნო ველი და სამეტყველო ენა იქნება არა ანტაგონისტური, არამედ, აკადემიური და დიპლომატიური, მარად ცოცხალი და უნიკალური თავისებურებებით.

 

დადგა დრო, უკეთ გაისარჯოს ქართული და აფხაზური (ასევე, ოსური) გონი და გავიაზროთ, რომ:

 

– ხელისუფლების დამოკიდებულება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი – ეს არის აფხაზეთის პრობლემატიკისადმი მთელი ქართული საზოგადოების დამოკიდებულების ყველაზე ფაქიზი ინდიკატორი. აფხაზეთის (ასევე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის) პრობლემატიკისადმი დამოკიდებულება – ეს არის დამოკიდებულება ერთიანი ქართული სახელმწიფოსადმი. ამდენად, ცხადია, უნივერსიტეტის წარმატება – ქართული სახელმწიფოს წარმატებაა;

 

– ერთი ფუძიდან აღმოცენებული ორი – აფხაზეთისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები, სტრატეგიული მნიშვნელობის ის უნიკალური კერებია, რომელთა ფუნქციონირება, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, კვლავაც არასრულფასოვანი იქნება. ჩვენი სურვილი – ერთად შევიმუშავოთ უნივერსიტეტების სტრატეგიული, მსოფლმხედველობრივი და გარემოპირობების შესაბამისი ერთობლივი სამოქმედო გეგმა, ეს არის არა გარიგება, არამედ ჩვენი დღემდე აუმოქმედებელი რესურსის აქტივობათა ერთობლიობის გამოყენების შესაძლებლობა, რომელიც შეესაბამება ქართველისა და აფხაზის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ხელს შეუწყობს მშვიდობიან, თანაცხოვრების შეუქცევად პროცესს. გამოსავალი არის, იგი არ არის დაფა რული, მთავარია, ჩვენ არ ვიყოთ დაფარულები. თუ რომელიმე „მეგობარს“ სხვაგვარად წარმოუდგენია, ჩვენ მათ იმედებს ვერ გავამართლებთ!

 

– ევროპულ არჩევანთან ერთად, რეალური და უმოკლესი გზა – ვემსახუროთ სამშობლოს, მის ერთიანობას, დავიცვათ ჩვენი – ქართველებისა და აფხაზების (ასევე, ოსების) ეროვნული თვითმყოფადობა, იდენტობა, გავაჩინოთ ჩვენი – უნივერსიტეტისა და ქვეყნის – საქართველოს დამატებითი საჭიროება და აუცილებლობა, გადის „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ პრინციპების დამკვიდრებასა და მის ერთ-ერთ ძირითად განმახორციელებელზე – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე.

 

მჯერა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აფხაზეთის უნივერსიტეტთან ერთად, სწორედ ის კერაა, რომელიც ლოგიკურად ამთლიანებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს, აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას, ესმის სამშობლოს ხმა, ვალშია მასთან და მზად არის, განსაკუთრებული ეროვნული ვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოების, ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რწმუნებულებით აღჭურვის შემთხვევაში, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მოამზადოს ქართულ-აფხაზური (ასევე, ქართულ-ოსური) საზოგადოება ჩვენი ურთიერთობისთვის – ერთობისთვის, ამ მიზნით იმოქმედოს და მოემსახუროს ისეთი მოდელის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობის გააზრების აუცილებლობის, თვითგანახლების, კონფლიქტების დარეგულირებისა და საყოველთაო მშვიდობის შენებას“.

 

ყდაც რომ სიმბოლურია, სამენოვან მონოგრაფიაში გადმოცემული ავტორისეული ხედვის გამომხატველი: ქართული ბორჯღალო როგორც სიმბოლო ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობისა და მისი მოსახლეობის მარადიულობისა.

 

კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონ ზურაბს ამ მონოგრაფიის გამოცემას და მას ბევრ, დაინტერესებულ მკითხველს ვუსურვებ“ , - წერს კახა კვაშილავა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი