logo_geo
აფხაზეთის მთავრობის წევრები სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ
- +

8 დეკემბერი. 2021. 19:45

 

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა“, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება.

 

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 8 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (5 სამხედრო, 3 მშვიდობიანი მოქალაქე) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

 

კონფლიქტის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა პირიდან ხვალ ოთხ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ, დანარჩენ მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ.

 

 

big_banner
არქივი