logo_geo
ლევან გოფოძე: კვლავ დატვირთულია რესპუბლიკური საავადმყოფო. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად სავსეა რეანიმაციული განყოფილება
- +

15 დეკემბერი. 2021. 12:37

 

„კვლავ დატვირთულია რესპუბლიკური საავადმყოფო, საკმაოდ ბევრი პაციენტი გვყავს, შეიძლება ითქვას, მთლიანად სავსეა რეანიმაციული განყოფილება. მძიმე პაციენტების ასეთი დიდი რაოდენობა თავისთავად განაპირობებს იმას, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ მცირდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა, რომ შემცირდეს“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამ დროისთვის, დაახლოებით 70 ადამიანი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში.

 

„პანდემიის პირობებში რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირეული რეორგანიზაცია განხორციელდა. ეს გულისხმობს უპირველეს ყოვლისა იმას, რომ ოთხი სართული უკვე შევიდა მოქმედებაში ძველი შენობიდან, ამას დაემატა ისიც, რაც მანამდე გვქონდა, მთლიანად შეიცვალა მისი ინფრასტრუქტურა, გაიხსნა ახალი რეანიმაციული განყოფილება, რამდენიმე თერაპიული განყოფილება, რამაც საშუალება მისცა რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ძალიან დატვირთულ პირობებში, დაახლოებით 350 პაციენტი მიეღო და ემკურნალა მათთვის, მათ შორის, ამ 350-დან 75 რეანიმაციული ადგილი გვქონდა, რაც დამერწმუნებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის და პირადად ჩვენთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომლისთვის.

 

ძალიან მძიმე დრო გამოვიარეთ, მაგრამ ამას ჰქონდა განსაზღვრული დადებითი მომენტებიც იმიტომ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო აღიჭურვა უახლესი აპარატურით, მათ შორის ეს იყო რეანიმაციისთვის და კვლევებისთვის საჭირო აპარატურა. ჩვენ უკვე გვაქვს PCR ტესტირებისთვის საჭირო აპარატურა და ა.შ. გამოწვევები და პრობლემები რა თქმა უნდა, რჩება. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ის, რომ კვლავ დატვირთულია რესპუბლიკური საავადმყოფო, საკმაოდ ბევრი პაციენტი გვყავს, მათ შორის დაახლოებით 70 პაციენტი გვყავს ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში.

 

შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად სავსეა რეანიმაციული განყოფილება, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოწვევაა თითოეული ჩვენგანისთვის და მძიმე პაციენტების ასეთი მაღალი რიცხვი, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოშია ამ წუთას, განაპირობებს იმას, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ მცირდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა, რომ შემცირდეს, ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ მძიმე პაციენტების რაოდენობა, მაგრამ აუცილებლად ჩვენმა მოსახლეობამაც ხელი უნდა შეგვიწყოს", - განაცხადა ლევან გოფოძემ სამედიცინო ჰოლდინგის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე.

 

 

big_banner
არქივი