logo_geo
შრომის ინსპექციის სამსახურმა „შრომის ლექსიკონის“ შედეგების პრეზენტაცია გამართა
- +

15 დეკემბერი. 2021. 15:08

 

შრომის ინსპექციის სამსახურმა „შრომის ლექსიკონის“ შედეგების პრეზენტაცია გამართა. საინფორმაციო კამპანიის მიზანი განახლებული შრომის კოდექსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.

 

„შრომის ლექსიკონი“ განმარტავს შრომით უფლებებთან დაკავშირებულ ტერმინებს და აცნობს დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს მათ უფლება-მოვალეობებს.

 

კამპანია ასევე უზრუნველყოფს შრომის ინსპექციის საქმიანობისა და როლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ხელს უწყობს შრომით კულტურაში ახალი სტანდარტების დამკვიდრებას.

 

კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა ვიდეორგოლები და პოსტერები შემდეგი თემატიკის ირგვლივ: არადისკრიმინაციული გარემო სამუშაო ადგილზე, სექსუალური შევიწროებისგან დაცვა, გონივრული მისადაგების პრინციპი, შრომითი ხელშეკრულება, სტაჟირება, სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური სამუშაო, დეკრეტული შვებულება და თანამშრომლობა დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქისთვის არსებობდეს ჯანმრთელი შრომითი გარემო და პირობები. ასევე, საჭიროა ჩვენი მოქალაქეების იმ ფუნდამენტური უფლებების დაცვა, რომელიც მათ დასაქმებაზე გადის, რადგან მხოლოდ დაცული შრომითი უფლებების მქონე მოქალაქეს შეუძლია შექმნას ის დოვლათი და სიკეთე ეკონომიკაში, რომელიც აისახება თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია და მომზადებული მასალები Facebook, LinkedIn და Instagram გვერდებზეა განთავსებული. აქვეა შესაძლებელი, მომხმარებელმა პირადი შეტყობინების სახით შეკითხვები დაუსვას იურისტებს და მიიღოს კვალიფიციური, ამომწურავი ინფორმაცია შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, დონორი ორგანიზაციებისა და “საქართველოს პროგრესული ფორუმის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

საინფორმაციო კამპანია „შრომის ლექსიკონი“ „საქართველოს პროგრესული ფორუმის“ ინციატივითა და USAID-ის, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, სოლიდარობის ცენტრისა და ნორვეგიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

big_banner
არქივი