ავტორი დიანა ლიპარტელიანი
„ლანჩხუთში ვარ დაბადებული. 2 თვის ვიყავი, თბილისში რომ ჩამომიყვანეს. ნაშვილები ვარ. დედაჩემი და მამაჩემი გურიაში ცხოვრობდნენ. როდესაც მამაჩემი გაშორდა დედაჩემს, დეიდამ მიშვილა. მისი მეუღლე, ბიძაჩემი რუსი იყო, ომის ინვალიდი. საკუთარი შვილი არ ჰყავდათ. დაახლოებით, პირველ-მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც ეს ამბავი გავიგე. ნამდვილი და-ძმა მყავს და მათ მითხრეს. მანამ დედას ვეძახდი დეიდას და დეიდას - დედას. სულ მიკვირდა, როდესაც ცუდად ვიყავი, რამე მაწუხებდა, მტკიოდა - დეიდა რომ დამადებდა ხელს, მიყუჩდებოდა... რას ვიფიქრებდი, რომ დეიდა კი არა, დედა იყო",- იხსენებს ტელეოპერატორი ამირან მურვანიძე „ქართულ აზრთან" საუბრისას.
„პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ საცხოვრებელი ადგილების შეცვლასთან ერთად სკოლების შეცვლაც მომიწია. გადასარევი მოსწავლე არ ვიყავი, მაგრამ იყო საგნები, რომლებსაც კარგად ვსწავლობდი. როგორც მაშინ იტყოდნენ, ოთხოსანი ვიყავი.
რაც შეეხება შატალოებს - უმეტესად მე ვიყავი მოთავე. ყველაზე დასამახსოვერებლი შატალო იყო წყნეთი - საგუნდაოდ წავიყვანე მთელი კლასი. ერთ-ერთმა კლასელმა „ჩამიშვა", მოთავე რომ ვიყავი და მაშინ სკოლიდანაც გამრიცხეს და კომკავშირიდანაც. მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი - სკოლიდან გამრიცხეს, კარგი, გამრიცხეს, მაგრამ როგორ ვუთხრა მშობლებს, კომკავშირიდან რომ გამრიცხეს-თქო. ასე დასრულდა ჩემი პარტიული „მოღვაწეობა", მას მერე, არც ერთ პარტიას არ ვეკარები ახლოს."
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:
http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=759