ავტორი დიანა ლიპარტელიანი
„რაც კი რამ კონფლიქტი ყოფილა ქვეყნის ისტორიაში, 1988 წლის „ნოემბრის შიმშილობიდან" სულ ქუჩაში ვარ. აფხაზეთი, ოსეთი, ჩეჩნეთი, ერაყი, ავღანეთი, უკრაინა - ყველა ომის მონაწილე ვარ, როგორც ოპერატორი, აბა, ისე ცხოვრებაში, სანადირო თოფიც არ მისვრია,"- იხსენებს ტელეოპერატორი ამირან მურვანიძე (ბაბუ) „ქართულ აზრთან" საუბრისას.
„ყველაზე დასამახსოვრებელი, 1988 წლის ავღანეთის ომი იყო. ახალ წელს წავედი ავღანეთის ომში და აი, იმას ვერ ვიშორებ დღემდე თავიდან. მახსენდებიან ქართველები დაავადებულები სხვადასხვა დაავადებებით - ზოგიერთი კუჭ-ნაწლავის დაავადებებით და ა.შ. 5-6 დღით გაგვიშვეს და 16 დღე მოგვიწია დარჩენა, იმიტომ, რომ ჩვენი ქალაქი დაბომბეს. ბოლოს გვითხრეს - ერთადერთი გამოსავალია, თუკი „ჩორნი ტულპანში" მოთავსდებით, ცხედრებზე დასხდებითო და მაგ თვითმფრინავით ვიმგზავრეთ... მეც ადამაიანი ვარ, ჩემზე ძალიან იმოქმედა იმ ყველაფერმა და იმ კადრებს ვერ ვიშორებ თავიდან.
აგვისტოს ომზე ჩემი საიდუმლო მაქვს, რომელსაც ვერ ვყვები. მაშინ 4 ცხედარი მაქვს გადაღებული საკუთარი ხელით მარნეულის აეროპორტში. აეროპორტი დაბომბეს. ასაფრენად გამზადებულ ჩვენს ორ თვითმფრინავს პირდაპირ კაბინაში მოხვდა ბომბი, ააფეთქეს. მფრინავები მყავს ნანახი საკუთარი თვალით - ზოგს რომ კიდურები არ ჰქონდა, ზოგს თავი... საღამოს კი გამოვიდნენ ჩვენი მხედართმთავრები და ამბობდნენ - ჩვენ, ახლა როკის გვირაბს ვუტევთ და ჩვენგან არც ერთი მსხვერპლი არ არისო. მაშინ ვფიქრობდი, აბა, მე რა გადავიღე, ის გარდაცვლილები ხომ არ მომეჩვენა-თქო... მერე ის კადრები უშიშროებამ გააქრო. ისე, როგორც 26 მაისის მიტინგის დარბევის ამსახველი კადრები. მახსოვს, ყველა - პოლიციელები, „მასკიანები" და „უმასკოებიც" სახელით მომმართავდნენ - ბაბუ, გაიწი, ის არ გააკეთო და ეს არ გააკეთოო ... მაშინ ვიფიქრე, ახლა შენი გადაღების დროა-თქო და ყველაფერი გადავიღე დეტალურად, მაგრამ ეს ფირიც გააქრეს.
ერთი პრინციპია - მე უამრავი რამ მაქვს გადაღებული, უამრავი რამის მომსწრე ვარ, მაგრამ გადაღებულს არასდროს ვინახავ. ვთვლი, რომ ის, რასაც მე ვიღებ, ამირანის კი არ არის, ეს არის იმ ტელევიზიის, სადაც მე ვმუშაობ. მე არანაირი უფლება არ მაქვს, ეს კადრები გავყიდო, სხვას მივცე ან რამე."
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:
http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=759