logo_geo
„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის“ პროექტის ფარგლებში დასკვნითი შეხვედრა გაიმართება
- +

16 მაისი. 2017. 13:24




17 მაისს, 10:00 საათზე,  სასტუმრო „რუმს თბილისში" ,  „კახეთისა და  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის" პროექტის ფარგლებში გაიმართება დასკვნითი შეხვედრა.  შეხვედრაზე  წარმოდგენილი იქნება მყარი  ნარჩენების ინტეგრირებული მართვის ტექნიკურ-ეკონომიკური  კვლევის ანგარიშის შედეგების პრეზენტაცია კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის.


KfW გერმანიის განვითარების ბანკი ეხმარება  საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის სიტუაციის გაუმჯობესებაში.  მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები პროექტისთვის „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვა"(ISWM) კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, ასევე  რესურსების აღდგენისა და ნარჩენების ვალორიზაციის საკითხებს.


პროექტის პარტნიორია „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია"(SWMCG).


პროექტი ითვალისწინებს ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობას კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის და არსებული ნაგავსაყრელების სტანდარტების შესაბამისად დახურვას.


შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი მატკავა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" დირექტორი  გიორგი შუხოშვილი, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) პროექტის კონსულტანტი კომპანიის, გუბერნიების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.


 

big_banner
არქივი