logo_geo
დიმიტრი ხუნდაძე: პირველადი ჯანდაცვის რგოლს აქვს მასშტაბური მნიშვნელობა
- +

28 მარტი. 2022. 20:31

 

 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პირველადი ჯანდაცვის რეფორმის და არსებული მდგომარეობის გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ისაუბრა პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გზამკვლევზე და აღნიშნა, რომ ამ რეფორმამ მოსახლეობისათვის ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს და, შესაბამისად, გაუმჯობესებული მკურნალობა შესთავაზოს.

„პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გზამკვლევის მთავარი მიზანი გახლავს განსაზღვროს ის ძირითადი ეტაპები და ასევე მთავარი საშუალებები და გზები იმისათვის, რომ ჩვენ პირველადი ჯანდაცვის სისტემა გავაძლიეროთ. უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოიკვეთა ის, რომ თუ პირველადი ჯანდაცვა არ გაძლიერდა ქვეყანაში, ძალიან რთული იქნება ზოგადად როგორც გადამდები, ასევე არაგადამდები დაავადებების მართვის პროცესების გაუმჯობესება, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა და, ზოგადად, ეფექტურობის გაუმჯობესება, რადგან პირველადი ჯანდაცვა არის ის, რაც რეალურად მართავს შემთხვევების 80%-ს ადგილზე და მხოლოდ მცირე ნაწილს სჭირდება შემდეგ უკვე მაღალ სპეციალიზირებული ჩარევები“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ქვეყანას პირველადი ჯანდაცვის რეფორმირების რამდენიმე მცდელობა ჰქონდა.

მომხსენებელმა სისტემაში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა და კომიტეტის წევრებს პირველადი ჯანდაცვის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან ასევე ისაუბრა დიდ ქალაქებსა და სოფლად პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებისთვის 2019-2021 წლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 2022-2025 წლებისთვის პირველადი ჯანდაცვის რეფორმის გზამკვლევზე და აღნიშნა, რომ მთავარია როგორც ქალაქის, ასევე სოფლის მოსახლეობას თანაბრად ჰქონდეს წვდომა მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე.

„პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე, მის ფუნქციაზე და საჭიროებაზე არაერთხელ გვისაუბრია. თუმცა მრავალწლიანი აქტიური ჩართულობის მიუხედავად, პრობლემები ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს. პრობლემების გარკვეული ნაწილი გამოიკვეთა კოვიდპანდემიის დროს და გარკვეული რეკომენდაციებიც იქნა შეთავაზებული ჩვენი მხრიდან. რა თქმა უნდა, პირველადი ჯანდაცვის რგოლს აქვს მასშტაბური მნიშვნელობა - ის არის საშუალება პრაქტიკულად ჯანმრთელობის დაცვისაც და ხარჯთეფექტურობის მძლავრი ფილტრია“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კომიტეტი სამინისტროსთან, სხვა შესაბამის უწყებებთან აქტიური თანამშრომლობისათვის კვლავაც მზადაა, რათა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ პირველადი ჯანდაცვის რგოლის სანდოობის გაზრდას, ამ რგოლის ექიმებისა და ექთნებისათვის მოტივაციის ამაღლებას, უწყვეტი პროფესიული განათლების რეფორმირებას და მოსახლეობისთვის საჭირო მედიკამენტების ხელმისაწვდომობას.

 

 

big_banner
არქივი