logo_geo
სად არის თბილისში საფრთხის შემცველი ზებრა გადასასვლელები
- +

17 მაისი. 2017. 20:44


თბილისში ქვეითთა გადასასვლელების ნაწილი საფრთხის შემცველია. ე.წ. ზებრა განსაკუთრებულ საფრთხეს ცალმხრივ, რამდენიმე ზოლიან გზაზე წარმოადგენს, სადაც არ არის შუქნიშანი. ექსპერტების მტკიცებით, როდესაც ავტომობილი ქვეითს გზას უთმობს, მეორე ზოლში მოძრავი ავტომობილი მას ვერ ხედავს და იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი. ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი მაღალია იმ ადგილებშიც, სადაც ქვეითად მოსიარულესთვის და ავტომობილისთვის შუქნიშანზე ერთდროულად მწვანე შუქი ინთება.


გარდა ამისა, პრობლემას ქმნის არასწორად განლაგებული საგზაო ნიშნები. ექსპერტების თქმით, გამაფრთხილებელი ნიშანი - ახლოვდება ქვეითთა გადასასვლელი, აუცილებელია ე.წ. ზებრამდე 50 მეტრით ადრე შეხვდეს მძღოლს.


სად არის თბილისში არასწორად გაკეთებული ქვეითთა გადასასვლელი:

 

1. მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია - მშრალი ხიდის ქვეშ დახაზულია ე.წ. ზებრა, გზა არის ოთხზოლიანი, მოძრაობა ინტენსიური, არ არის შუქნიშანი.


„მშრალ ხიდთან ყველაზე საფრთხისშემცველი ქვეითთა გადასასვლელია. მშრალი ხიდის კონსტრუქციას გამოვიყენებდი ქვეითად მოსირულეების ლიფტიანი გადასასვლელისთვის", - განაცხადა საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძემ.

 

2. მარშალ გელოვანის გამზირი, ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის" წინ - გზა ოთხზოლიანი, მოძრაობა ინტენსიური, არ არის არც შუქნიშანი და არც ხიდი, რომლითაც ქვეითად მოსიარულეები ისარგებლებენ.

 

„როგორც კი ამუშავდა „აგროჰაბი" მაშინვე გაჩნდა საშიში ადგილი, იმიტომ რომ ყოველგვარი შუქნიშნის გარეშე, ყოველგვარი შემანელებელი, წინასწარ გამაფრთხილებელი ინფორმაციის გარეშე, მძღოლის წინ შეიძლება აღმოჩნდეს მაღაზიიდან გამოსული ქვეითად მოსიარულე. აქ ან მიწისქვეშა გადასასვლელი უნდა გაკეთდეს ან ხიდი", - აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.


3. გია ჭანტურიას ქუჩა - ორზოლიანი გზა, არ არის შუქნიშანი.


„ჭანტურიას ქუჩაზე ქვეითთა გადასასვლელი გაცრეცილია. გარდა ამისა, ქვაფენილიანი ქუჩის შუაში უნდა იყოს გამყოფი ხაზი, რომელიც ერთ ზოლს მეორე ზოლისგან გამოყოფს. ეს გამყოფი ზოლიც არ არის და ეს ცალკე უბედურებაა", - განმართა შალვა ოგბაიძემ.


4. პეკინის ქუჩა - შუქნიშანზე ერთდროულად ირთვება მწვანე შუქი ავტომობილებისა და ქვეითად მოსირულეებისთვის.

 

„როდესაც მეფარიძის ქუჩიდან ამოვდივართ პეკინის ქუჩაზე, გვინდა მოვუხვიოთ მარჯვნივ. ჩვენ მარჯვნივ მოხვევის უფლება გვეძლევა მხოლოდ მაშინ, როდესაც შუქნიშანზე დამატებითი მწვანე ისარი გვერთვება მარჯვენა მხარეს, მაგრამ ამავდროულად ქვეითად მოსიარულეებს, რომლებმაც უნდა გადაკვეთონ პეკინის ქუჩა, ასევე ენთებათ ქვეითებისათვის ძირითადი მწვანე", -ამბობს შალვა ოგბაიძე.


5. ვაჟა-ფშაველას და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირების კვეთა - შუქნიშანზე ერთდროულად ირთვება მწვანე შუქი ავტომობილებისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის.

 

„არასწორია, როდესაც ქვეითებისთვის და ორი საავტომობილო ნაკადისთვის ერთდროულად არის მწვანე შუქი ანთებული. ქვეითი გარბის, მანქანა მისდევს. საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს ზებრაზე გადავიდნენ და ეს ზებრა არის საფრთხის შემცველი", - აღნიშნა ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა.


საგზაო უსაფრთხოების სფერო ცოცხალი ორგანიზმია - ყველა ერთად მივდივართ მეტი უსაფრთხოებისკენ


საგზაო უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებისთვის უცნობია რა პრინციპით იხაზება დედაქალაქში ზებრა გადასასვლელები. შალვა ოგბაიძის თქმით, დღეისათვის თბილისში ზებრა გადასასვლელის დახაზვის სტანდარტები არ არსებობს და პრობლემა მოუგვარებელი დარჩება, მანამ, სანამ ამ სფეროს ერთიანი პატრონი არ გამოუჩნდება.


„რომელი ორგანიზაციაა პასუხისმგებელი? შეიძლება ვიღაცამ მითხრას, რომ ეს არის თბილისის მერია. თბილისის მერია ძალიან დიდია. შეიძლება მითხრან, რომ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური. მანდაც ვიტყვი, რომ ეს ძალიან ზოგადი პასუხია. პრობლემა რომ მოგვარდეს ამ სფეროს ერთიანი პატრონი უნდა ჰყავდეს. დღეს პატრონი არ ჰყავს, თუ ვინმე გამოუჩნდა და არსებობს, სიამოვნებით ბოდიშს მოვუხდი და ხელს ჩამოვართმევ", - აღნიშნავს შალვა ოგბაიძე.


ზებრა გადასასვლელის ადგილმდებარეობას თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ადგენს. როგორც ორგანოში აცხადებენ, მშრალის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეითთა გადასასვლელი მოქალაქეების დაჟინებული თხოვნის საფუძველზე გაკეთდა და უახლოეს მომავალში შუქნიშანი დაიდგმება. ქვეითად მოსიარულეებისთვის ხიდის გაკეთება იგეგმება მარშალ გელოვანის გამზირზეც.


რაც შეეხება ადგილებს, სადაც შუქნიშანზე მწვანე შუქი ერთდროულად ინთება ქვეითებისა და მძღოლებისთვის, ტრანსპორტის სამსახურში განმარტავენ, რომ ქვეითთა გადასასვლელი ამ ადგილებში უსაფრთხოებისთვის არ გაკეთებული და მძღოლები ვალდებულნი არიან ზებრა გადასასვლელზე მიმავალ მოქალაქეებს გზა დაუთმონ.

 

„ტრანსპორტის სამსახური კანონის შესაბამისად მოქმედებს და თბილისში არსებული ზებრა გადასასვლელები კანონს არ ეწინააღმდეგება" , - აცხადებენ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

 

რა რეკომენდაციებს იძლევიან ექსპერტები:


ექსპერტების რეკომენდაციით, ზებრა გადასასვლელის წინ უნდა დაიდგას მაფრთხილებელი ნიშნები, გაუქმდეს ის ზებრა გადასასვლელები, სადაც ქვეითისა და ავტომობილისთვის ერთდროულად ინთება მწვანე შუქი, ცალმხრივ რამდენიმე ზოლიან გზებზე ქვეითთა გადასასვლელებთან შუქნიშნები დაიდგას. გარდა ამისა, ზებრა გადასასვლელები დაიხაზოს კარგად აღქმადი სპეციალური მასალით.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი