logo_geo
ხმაურის დასაშვები ნორმის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი 23 მაისს განიხილავს
- +

23 მაისი. 2017. 02:01

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს 23 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ.


კანონპროექტი დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლებსა და საჯარო დაწესებულებებში აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ნორმას განსაზღვრავს.


არსებული კანონპროექტის მიხედვით, ხმაურის გადამეტება პირველ ჯერზე გამოიწვევს ფიზიკური/იურიდიული პირის გაფრთხილებას.


ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი 150 ლარით დაჯარიმდება, იურიდიულ პირს კი 500 ლარის გადახდა მოუწევს.


სამართალდარღვევის გამეორების შემთხვევაში კი სანქცია ორმაგდება, როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირისთვის.


ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დასამატებელი მუხლის ნორმები არ გავრცელდება ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებულ დასვენების, კულტურულ და სპორტის საჯარო ღონისძიებებზე.


ინიციატორების ვარაუდით, კანონი ძალაში 2017 წლის 1 ივლისიდან შევა.


რაც შეეხება აღსრულებას, 112-ში უკმაყოფილო მოქალაქის ზარის შესვლის შემთხვევაში, ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი გამოცხადდება.


კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ყოველ მესამე ეკიპაჟს უნდა ჰქონდეს ხმაურმზომი, რომლის მეშვეობითაც დადგინდება, ირღვევა თუ არა კანონი.


ტექნიკური აღჭურვილობისთვის 15 ათასი ევროს გამოყოფა იქნება საჭირო.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი