logo_geo
პარლამენტმა საქართველოში სტუმრად მყოფ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა
- +

3 ნოემბერი. 2022. 18:42

 

 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, პარლამენტმა  უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაზარალებულთა ოჯახებიდან საქართველოში სტუმრად მყოფ ბავშვებს უმასპინძლა.

 

მიღებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინელ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

 

„მიხარია, რომ საქართველოს პარლამენტის სახელით შემიძლია მოგესალმოთ საქართველოს პარლამენტში. მიხარია, რომ თქვენი თვალები ასე ბრწყინავს იმ სიხარულით, რომელიც თქვენ ასაკში უნდა ჰქონდეს ადამიანს. ქართველმა ერმაც არაერთი განსაცდელი გამოიარა ბოლო ათწლეულებში, ჩვენც, ბავშვობაში გვქონდა მომენტები, როდესაც არ იყო მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, მაშინ ჩვენი თვალებიც ასე ბრწყინავდა მომავლის იმედით და ეს იმედები ყოველთვის მართლდება. ვინაიდან სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე და თქვენი გმირი ქალების და კაცების დამსახურებით ეს სიკეთე გაიმარჯვებს იმ ბოროტებაზე, რომელიც დღეს არის უკრაინის ტერიტორიაზე აგრესორის სახით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მისი თქმით, უკრაინელი ხალხის ბრძოლა შედეგს აუცილებლად გამოიღებს და აგრესიას და აგრესორს შესაბამისი პასუხი გაცემა.

 

„თქვენ ახლა გაქვთ შესაძლებლობა, რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ცოტა განიტვირთოთ, იფიქროთ იმაზე, თუ რამდენად ლამაზია ეს ცხოვრება და ეს სილამაზე რა მალე აღდგება უკრაინაში სწორედ იმ გმირი ხალხის დამსახურებით, რომელიც დღეს იბრძვის არამარტო საკუთარი, არამედ ბევრი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და იმისთვის, რომ ერთხელ და საბოლოოდ აგრესიას და აგრესორს გაეცეს პასუხი. გმირი უკრაინელი ქალები და კაცები, რომლებიც დღეს ფრონტის წინა ხაზზე არიან იბრძვიან სწორედ ამ იდეისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

საქართველოში სტუმრად მყოფ ბავშვებს სიტყვით მიმართა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ.

 

„საქართველოს თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ინიციატივით, ჩვენ ვიყავით მსოფლიოში მეორე საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც ყველაზე ცხელ დღეებში ირპენს, ბუჩას, კიევს და სხვა რეგიონებს ეწვია. მოგესალმებით ამ გმირი ქალაქების წარმომადგენლებს. ეს დიდი განსაცდელი ქართველმა ხალხმა ბევრჯერ იწვნია. ქართველი ხალხის ისტორია არის ბრძოლა მისი დამოუკიდებლობისათვის. სწორედ ეს გვაერთიანებს ჩვენ უკრაინელ ხალხთან. მე მინდა მადლობა ვუთხრა იმ გმირებს, რომლებიც ბრძოლის ველზე არიან. მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინელ ხალხს იმისათვის, რომ ისინი დღეს აკეთებენ ძალიან დიდ საქმეს თავისუფალი სამყაროსათვის“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

დეპუტატმა მოწვეულ სტუმრებს მხარდაჭერა და დახმარებისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.

 

„ვიდრე იქნება ეს მდგომარეობა, ომი, ყველა ადამიანი ვისაც ექნება საჭიროება, რომ საქართველოში ჰპოვოს საშველი და დახმარება, დიასპორის კომიტეტი და  მე, მზად ვართ, ყველას დავეხმაროთ“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

 

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

 

„დღეს ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი იდეა, ეს არის დიდი სიყვარული. ცხოვრების და სიცოცხლის სიყვარული. დღევანდელი დღე მინდა, რომ დაამახსოვრდეთ. გავა დრო და მოიგონებთ, რომ პარლამენტში მოგიწყვეს შეხვედრა. სულ ვფიქრობთ რა გავაკეთოთ  რომ საქართველოში ყოფნის პერიოდში ბედნიერები იყოთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

დეპუტატებმა უკრაინელ ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ღონისძიების შემდეგ სტუმრებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.

 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია 30-ზე მეტ უკრაინელ, ომით დაზარალებულ სტუმარს მასპინძლობს. მათ შორის უმეტესობა მცირეწლოვანი ბავშვია. ბავშვების ერთი ნაწილი მრავალშვილიან, ხოლო ნაწილი - უკრაინაში ომით დაზარალებულთა და მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაღუპულთა ოჯახებს ეკუთვნიან. ბავშვები და მათი აღმზრდელები ირპენის, ბუჩის, ხერსონის, სამხრეთ ოდესის მკვიდრნი არიან.

 

10 დღის განმავლობაში უკრაინელი ბავშვები და მათი აღმზრდელები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვევიან და ქართულ ისტორიულ, კულტურულ და ეთნოგრაფიულ თავისებურებებს გაეცნობიან. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები ეწვევიან მთაწმინდის პარკს. ასევე, მოინახულებენ მცხეთას, დაათვალიერებენ თბილისის კულტურისა და ხელოვნების კერებსა და ისტორიულ ძეგლებს.

 

 

big_banner
არქივი