logo_geo
მაესტრო, რომელიც ბოლომდე დაიხარჯა – გარდაიცვალა ქართველი ბლუზმენი კოკა ცქიტიშვილი
- +

11 ივნისი. 2017. 18:56


 

მშვიდობით მაესტრო... შენი მუსიკა და ის ენერგია, რაც მისგან გადმოდის, უშენოდ გააგრძელებს სიცოცხლეს და ყოველ ჯერზე იმას შეგვახსენებს, მიუხედავად ყველაფრისა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ნამდვილმა ხელოვანმა და, უბრალოდ, ადამიანმა...


შაბლონს და სიყალბეს ვერც მუსიკაში და ვერც ცხოვრებაში  იტანდა... ამიტომ მასზე გამოსამშვიდობებელი ტექსტის დაწერა სიფრთხილესა და ზომიერებას მავალდებულებს... იშვიათი პროფესიონალი, მეგობარი, კოლეგა... განიცდიდა, რომ საქართველოში ბევრს ნამდვილ მუსიკაზე მეტად რესტორნის იაფფასიანი სიმღერები მოსწონდა... მისი ბექგრაუნდი სხვა ხარისხსა და დონეს ითხოვდა, რასაც ბოლომდე შეესაბამებოდა კიდეც. სცენაზე ნამდვილ ბლუზს ასრულებდა და მართლა ბოლომდე იხარჯებოდა...

 

 

საქართველოდან წასვლა ბევრჯერ შეეძლო იქ, სადაც უფრო მოუსმენდნენ და დააფასებდნენ, მაგრამ მსგავსი რამ გეგმაში მართლა არასდროს ჰქონია. პირიქით, სულ მალე საქართველოში მისი ინიციატივით უპრეცედენტო საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი უნდა გამართულიყო, რისთვისაც ამდენი ძალა და ენერგია დახარჯა. მუსიკალური ფესტივალი პროგრამა Check in Georgia-ს ეგიდით უნდა გამართულიყო, რაც საქართველოს პოპულარობას კიდევ უფრო გაზრდიდა. მისი სახელი და გვარი მსოფლიო რანგის უცხოელი მუსიკოსებისთვის საკმარისი იყო იმისთვის, რომ საქართველოს ფესტივალზე ჩამოსასვლელად სხვა რაიმე პირობით არც დაინტერესებულიყვნენ. ეს კი დღევანდელ პრაგმატულ დროში ბევრის მთქმელია!..


კოკა ცქიტიშვილის შემოქმედებითი გზა:


1999 წელს საქართველოში ჯგუფი Koka & T. Blues Mob დააარსა, ევროპაში 2000 წლიდან აწყობს გასტროლებს. 2012 წლიდან ჯგუფი ევროპის ბლუზის კავშირის წევრია. ქართული მუსიკალური ჯგუფის KOKA & T.BLUES MOB ხელმძღვანელს, ბას-გიტარისტსა და სიმღერების ავტორს კოკა ცქიტიშვილს ბევრ ქვეყანაში იცნობდნენ. მის ჯგუფს ოთხი ალბომი აქვს გამოშვებული და მისი პარტნიორი დღემდე დანიური კომპანია Marskmusic-ია, რომელიც ისეთ შემსრულებლებთან აფორმებდა კონტრაქტს, როგორებიცაა ბი-ბი კინგი, მეჯიკ სლიმი, ძმები ვინტერები...

 

 

კოკა ცქიტიშვილი ბოლო წლებში მუშაობდა ესპანურ-რუსულ მედიაკომპანიაში RusradioMArbella, რომელიც ამ ჯგუფის ინტერესებს მთელ ევროპაში წარმოადგენდა. ქართველ ბლუზმენს ესპანეთის მილიონერების ქალაქ მარბელას ფესტივალებზე წლებია, რაც კონცერტებით იწვევდნენ, იგი ესპანეთში ჩატარებული რუსული ფილმების კინოფესტივალის ჟიურის წევრიც იყო.


მშვიდობით მაესტრო... შენი მუსიკა და ის ენერგია, რაც მისგან გადმოდის, უშენოდ გააგრძელებს სიცოცხლეს და ყოველ ჯერზე იმას შეგვახსენებს, მიუხედავად ყველაფრისა, როგორ უნდა იცხოვროს ნამდვილმა ხელოვანმა და, უბრალოდ, ადამიანმა, რომელიც შაბლონს და სიყალბეს ვერც მუსიკაში და ვერც ცხოვრებაში  იტანდა...

 

 

 

  


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი