logo_geo
დუხობორების „უცნაური“ გორელოვკა
- +

14 ივნისი. 2017. 02:48



ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკაში ორი საუკუნის წინ გადმოსახლებული დუხობორების  შთამომავლები ცხოვრობენ.


„ამას წინათ ვითვლიდით, დაახლოებით 45-დან 50-მდე ოჯახი ვიქნებით დარჩენილი, სულ, ალბათ, 136 ადამიანი. ზოგიერთ ოჯახში თითო-თითო მოხუცია დარჩენილი. ჩვენ მათ მაინც ცალკე ოჯახებად ვთვლით. ბოლო პერიოდში ,მიგრაცია ფაქტობრივად შეჩერდა. მასობრივი გადინება აღარ ხდება" - ამის შესახებ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დუხობორების შთამომავალი რაისა ასტაფოროვა საუბრობს. 



ქუჩის ორივე მხარეს სახურავაბიბინებული, ერთსართულიანი ქვის ნაგებობებია -  ლამაზი პატარა, ღრმა ფანჯრებით, ან ხის, ხელნაკეთი ჩუქურთმებით მორთული სახლები  და ელექტროგადამცემ ბოძებზე აშენებულ ბუდეებში მოკალათებული ყანჩები.




ორი საუკუნის წინ ჩამოსახლებულმა დუხობორებმა თან საკუთარი წეს-ჩვეულებები და ტრადიციებიც ჩამოიტანეს და დღემდე მკაცრად ინახავენ. ამიტომაც, ყოველ კვირას, დილით ადრე აუცილებლად ნახავთ ქუჩებში ტრადიციულ კაბებში გამოწყობილ ქალბატონებს, რომლებიც სალოცავისკენ მიდიან. 



„წლების წინ მეც ვფიქრობდი, რა საჭიროა ეს ყველაფერი. მეგონა ყავლი გაუვიდა, მაგრამ გავიდა დრო და მე თვითონ დავიწყე ამ წეს-ჩვეულების, ტრადიციების   გაგრძელება.

ჩემი შვილი მეუბნება - დედა, რატომ გახდი ასეთი კონსერვატორი, ადრე ხომ არ იყავიო (იცინის). არ ვიცი.  როგორც ღმერთი ინებებს, ისე იქნება. ინებებს - შენარჩუნდება, ინებებს გაქრება. ძნელია წინასწარ თქმა.  აი, წამოიზრდება ახალი თაობა და მერე ვნახავთ",  მანამდე კი ...  რაისა ასტაფოროვა იღიმება და ფრაზას აღარ ასრულებს.


ამბობს, ლოცვაზე წასვლას შვილებს არ აიძულებენ, ახალგაზრდების ნებაა, ირწმუნონ რაც სურთ.


დასახლებაში სალოცავს  ვეძებთ. ხის ერთ-ერთ ჭიშკართან თეთრწვერა მამაკაცი თიბავს. მიმართულებას ვეკითხებით რუსულად და პასუხად გვიღიმის. მოვსულვართ. ზედ სალოცავის ჭიშკართან შევჩერებულვართ. 


თეთრწვერა მამაკაცი, კი ადგილობრივ დუხობორებში ცნობილი ნიკოლაი სუხორუკოვი აღმოჩნდა. შევყავართ ეზოში და გვაჩვენებს კარგად შემონახულ სალოცავს, რომელიც თავის დროზე ობოლთა თავშესაფარი ყოფილა. დღეს მას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი იცავს ადგილობრივი დუხობორების მზრუნველ ხელთან ერთად.  

 

 

„ჩვენ არ ვლოცულობთ. ჩვენს რიტუალს ვიდანიე ანუ ნახვა ქვია. რაც ერთი ადამიანის მიერ მეორეში ღმერთის დანახვას ნიშნავს. მზის ამოსვლისას ვიკრიბებით. აქ ქალები ცალკე იქითა კარიდან შემოდიან, კაცები - ამ კარიდან.   იწყება გალობა.  მამაკაცები ერთმანეთს ხელს ართმევენ, 2-ჯერ თავს უხრიან, მესამეჯერ თავს უკვე ქალს უხრიან,  როგორც ღვთისმშობელს. შემდეგ ამ რიტუალს ქალები იწყებენ.  ხელის ჩამორთმევისა და მისალმების დროს აუცილებელია თვალებში ყურება.  თუ არსებობს უთანხმოება, ეს შერიგების ერთგვარი საშუალებაცაა.  ჩვენთან მღვდელი არ არსებობს. არც სანთლები და არც ხატები გვაქვს. ღმერთი თოთოეულ ჩვენგანშია".

 


სალოცავში, კედელზე ხელით ნაქარგი თავსაბურავებია. ყველა მათგანზე განსხვავებული ფერის სხვადასხვაგვარი ორნამენტი. გვიხსნის რომ „გოგონები ამით თავიანთ შინაგან სამყაროს, სურვილებს გამოხატავდნენ. მაგალითად, ეს მიწის აღმნიშვნელი სიმბოლოა. ეს კი  ნიშნავს -  მთელს დედამიწას და სამყაროს ჩემს სიყვარულში გავახვევ.


ეს გვიმრაა  -  არამარტო დუხობორებში არამედ მსოფლიოში,  ნიშნავს  -  დაგეხმარები, გახდე ძლიერი მამაკაცი და შენთვის ვიქნები ღვთისმშობელი  - დაგიფარავ და დაგიცავ.  ბევრი სიმბოლო იყო, რითაც ბიჭები ხვდებოდნენ, რაზე ფიქრობდნენ გოგონები და ემთხვეოდა თუ არა მათი შეხედულებები. იყო დრო, როცა თუ ვინმეს პრობლემა ჰქონდა, აზრსა და რჩევას ეკითხებოდა აქ მყოფებს. ახლა უკვე ეს ნაკლებად ხდება. ბევრი რამ დაიკარგა".


სალოცავის დათვალიერების შემდეგ ნიკოლაი სუხორუკოვს საკუთარ სახლში მივყავართ. გზად თითქმის მთელს სოფელს გავდივართ. ალაგ-ალაგ ახალი სტილის სახლები ჩანს. ძველ, მიტოვებულ სახლებში აჭარიდან გადმოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენო - გვიხსნის ნიკოლაი. შემოსავლის მთავარი წყარო და საქმიანობა მესაქონლეობაა, ეზოებშიც შესამჩნევად ყრია ნაკელი - მას, თურმე,  აქ, ზამთარში გასათბობად, შეშის ნაცვლად ხმარობენ.


ნიკოლაის სახლი, თითქმის სოფლის მეორე ბოლოში, რეალურად კი დასახლების დასაწყისშივე დგას.  თუ როდესმე ზღაპრის წიგნში პატარა, ელფების სახლზე რამე წაგიკითხავთ, ყველაფერი თვალწინ გაგიცოცხლდებათ. ქვის პატარა, მაგრამ მოსახერხებელი სახლი, მწვანედ აბიბინებული სახურავით ( სახურავი აქ მიწით იფარება, ერთ-ერთ ვერსიით მიწა ტბის ფსკერიდანაც არის ამოღებული) აყვავებული ბაღითა და  ალვის ხეებით.



სახლში სულ 3 ოთახია. სამზარეულო, სადაც ღუმელი დგას, მისაღები და ერთიც სტუმრებისთვის. თავისივე დამზადებულ ჩაის გვასმევს. როგორც ამბობს, მკურნალიცაა და სხვადასხვა მცენარის ნაყენით ადამიანებს შველის.


სასტუმრო ოთახი არის ცალკე აღებული სამყარო, სადაც ყველაფერი, საუკუნისწინანდელ სტილშია მოწყობილი.


ნიკოლაი ყველაფერს დეტალურად გვიხსნის:


„ეს იმისთვის შევინარჩუნე, რომ ხალხს ვაჩვენო - როგორ ცხოვრობდნენ ადრე დუხობორები. მინდა ადამიანები მოვიდნენ და მათ მეხსიერების, თავიანთი საგვარეულო მეხსიერების გაღვიძებაში დავეხმარო, მიუხედავად იმისა, თუ რა ეროვნებისაა. მათ შეუძლიათ აქ სრულიად უსასყიდლოდ იცხოვრონ, თავად მოამზადონ ფაფა, ბორშჩი, დაიძინონ ამ ღუმელზე, რაიმე აკეთონ.

აქ მაქვს ჩვენი წინაპრების ტანსაცმელი. ვაგროვებ და ვინახავ დიდ სკივრში, რომელიც სულ აქ იდგა.  აქ არის, მაგალითად ფარდები, ასე ვეძახდით კაბაზე მოსაფარებლებს, კაბებიც, თავშლები, ჟილეტები.  ქსოვილს საკუთარი ხელით ამზადებდნენ ქალები, ღებავდნენ.   ყველა ჟილეტზე ზოლებია დატანილი და იცით, რატომ? მკერდსავსე ქალები ავი თვალისგან რომ დაეცვა.

ვინმეს ცუდი თვალით რომ შეეხედა, რძე გაუშრებოდა მეძუძურ ქალს, აი, ამიტომ აქვს ზოლები, მასზე გადადის ყურადღება შეხედვისას. ამასთან ეს ჟილეტები გაშვებული იყო იმის გამო, რომ ფეხმძიმობა არ დატყობოდა ქალს და კვლავ ავი თვალით რომ არ შეეხედა ვინმეს. მამაკაცების ჟილეტები, გაცილებით მარტივია. მათ ავი თვალი ვერაფერს აკლებდა. უფრო ძლიერები არიან". თუმცა როგორც აღმოჩნდა, თავად მას ტრადიციული ტანსაცმელი არ აქვს.


„მე ჯერ სრულად არ მაქვს, ვაგროვებ.  ხალხმა ყველაფერი გადაყარა, დაწვა, მე ჯერ კიდევ შემორჩინილებს ვეძებ.  ერთმა ქალმა იცის დღეს ეს ხელსაქმე, მაგრამ აღარ აკეთებს.  და იცით რატომ დაიკარგა ხელობა? იმიტომ კი არა, რომ მათ ცოდნა დაკარგეს, არა, უბრალოდ მათთვის  ეს მეორეხარისხოვანი გახდა."


სოფელში დღეს 3 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. ქართული, რუსული და სომხური. ადგილზე, ამბულატორია არ არის, დასახლებაში, მხოლოდ უბნის ექიმია. ცენტრალური გზის მოასფალტებული საფარი დაზიანებულია, დანარჩენ ქუჩებში, კი, წვიმიან ამინდში, გაუვალი ტალახია.


„უცნაური" დასახლება - გორელოვკა ზღვის დონიდან  2065 მეტრზე მდებარეობს და თუ მის ქუჩებში შემოგაღამდათ, ძალიან ახლოს, შეიძლება ტურების ან მგლების ყმუილის ხმაც გაიგოთ.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი