logo_geo
ენათმეცნიერებმა სინას მთის ახალ კოლექციაში იოანე-ზოსიმეს ანდერძი აღმოაჩინეს
- +

18 ივნისი. 2017. 12:56



პირველი ქრისტიანები არაბეთის ნახევარკუნძულზე მესამე საუკუნეში გამოჩენილან, ჩვენს შორეულ წინაპრებს კი VI საუკუნიდან მოუკიდებიათ ფეხი ამ შორეულ ადგილას.


ქართველ მამებს სინას მთაზე დიდი რუდუნებით უშენებიათ ტაძრები და ეკლესია-მონასტრები, შეუქმნიათ მდიდარი წიგნთსაცავი თავისი კატალოგითა და სამკითხველო დარბაზით.


სინას მთაზე არსებულ სულიერ სავანეებს არა მხოლოდ სარწმუნოებრივი, დიდი პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობაც ჰქონდა საქართველოსთვის. „სინას ქართული ფონდი განსხვავდება ივირონის (ათონის მთა) და იერუსალიმის ფონდებისგან; იგი ძირითადად „წინარეათონურია" (მზ. შანიძე, ჟურნალი „მწიგნობარი", 1999 წ., გვ. 113).


სინური ხელნაწერების პირველი მეცნიერული აღწერილობა ეკუთვნის პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორს ალექსანდრე ცაგარელს, რომელიც სინას მთაზე 1883 წელს იმყოფებოდა. პროფესორ მზექალა შანიძის განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ აღწერილობა ძალზე მოკლეა (სულ 50 გვერდამდე) და მასში შეცდომა და უზუსტობა მრავლად არის, ალ. ცაგარელის ნაშრომს თავის დროზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და დიდი ხნის განმავლობაში ერთადერთი წყარო იყო სინას ქართულ ხელნაწერთა შესასწავლად. ამ კატალოგს დღესაც არ დაუკარგავს თავისი ისტორიული მნიშვნელობა", - დასძენს მეცნიერი, რომელმაც სინას მთა გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში მოინახულა. იგი არ იზიარებს საქართველოში დღესდღეობით გავრცელებულ შეხედულებას, თითქოსდა სინას მთის ქართველ მოღვაწეთა მემკვიდრეობა მიზეზთა გამო არ იყოს სათანადოდ შესწავლილი.


პირადად მე სულ სხვა შთაბეჭდილება შემექმნა მას შემდეგ, რაც ქალბატონი მზექალა შანიძის გამოკვლევებს გავეცანი.


ჩვენს საზოგადოებას სრული წარმოდგენა რომ არ გააჩნია სინას მთის ქართულ ხელნაწერთა ბოლოდროინდელი კვლევის შედეგებისა და მეცნიერული აღმოჩენების შესახებ, ამაში ბრალი მასმედიის წარმომადგენლებს მიუძღვით, რომლებიც, როგორც ჩანს, სათანადო ინტერესს არ იჩენენ ჩვენი წარსულისა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისადმი.


პროფესორ მზექალა შანიძის მეცნიერული მტკიცებულებით, „1902 წელს სინაზე ჩასულ ნიკო მარსა და ივ. ჯავახიშვილს ალ. ცაგარელის მიერ აღწერილ ხელნაწერთაგან ყველა ადგილზე აღარ დახვედრიათ. მათი აღწერილობები თითქმის 40 წლის დაგვიანებით გამოქვეყნდა (1940 და 1947 წლებში), მაგრამ ხელნაწერთა დაკარგვა უფრო ადრეც გახდა ცნობილი; პირველად გაირკვა ადგილსამყოფელი სინას მთიდან წამოღებული რამდენიმე ხელნაწერისა, რომლებიც ცნობილმა ავსტრიელმა ენათმეცნიერმა ჰუგო შუხარდტმა იყიდა. 1927 წელს მან წერილობით აცნობა აკაკი შანიძეს, რომ XIX ს-ის ბოლო წლებში შეიძინა 5 სინური ხელნაწერი და 2 ფრაგმენტი. ეს ხელნაწერები ჰ. შუხარდტმა გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას უანდერძა. სინას მთიდან წამოღებული ზოგიერთი სხვა ხელნაწერის ბედი შემდგომ გაირკვა, ზოგი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.


ჟ. გარიტის კატალოგში ალ. ცაგარელის მიერ 92-ე და 93-ე ნომრებით აღწერილი ხელნაწერები მისი შედგენის დროისთვის დაკარგულად ითვლებოდა, - აღნიშნავს მეცნიერი, მისი თვალსაზრისით: „ძველი" და „ახალი" კოლექციები ოდესღაც ერთ მთლიანობას შეადგენდა. ამას უპირველეს ყოვლისა ის ადასტურებს, რომ ახალი ხელნაწერები უმეტესწილად ძველის ნაწილი აღმოჩნდა და ძველის დანაკლისი შეავსო. ახალაღმოჩენილ ხელნაწერთა შესწავლამ ზოგ შემთხვევაში ძველი კოლექციის ნუსხებს მოჰფინა ნათელი, ზოგჯერ კი ახალ მასალასაც მიგვაგნებინა".


დაბოლოს, ერთი საგულისხმო ცნობა, რომელიც იოანე-ზოსიმეს სახელს უკავშირდება. უცხოელი და ქართველი ენათმეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ერთ-ერთი ხელნაწერი, რომელიც თითქმის უკვე შეივსო სხვადასხვა კოლექციიდან, იოანე-ზოსიმეს ანდერძს წარმოადგენს (ეს ხელნაწერი ამჟამად პრინსტონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რ. გარეტის კოლექციაში ინახება). ალ. კვიპრელის თხზულების „ჯვრის გამოჩინების საკითხავის" გადამწერი, რომელსაც ალ. ცაგარელი იოანე სინელს უწოდებს, ცნობილი მოღვაწე იოანე-ზოსიმეა. მისი თავისებური ხელი დღეს კარგად არის ცნობილი. ქალბატონი მზექალა სქოლიოში განმარტავს: ეს არის იოანე-ზოსიმეს ანდერძი, რომელიც გვამცნობს, რომ 983 წელს მას ხელნაწერი მესამედ „შეუმოსავს" (ანუ ყდაში ჩაუსვამს) სინაწმინდაზე. ალ. ცაგარელის აღწერილობით, ცნობილი ანდერძის ადგილსამყოფელი ჟ. გარიტის წერილის გამოქვეყნებამდე უცნობი იყო" (ციტატა სქოლიოდან).


ძიებისას ხელნაწერის ბოლო ნაწილს პროფესორმა მზ. შანიძემ გერმანიაში, გეტინგენის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მიაკვლია: „ეს ხელნაწერი დღემდე დაკარგულად ითვლებოდა. შესაბამისად, შესაძლო გახდა ახალნაპოვნი სინური ხელნაწერის ზუსტი დათარიღებაც, რადგან მისი გადაწერის დრო იოანე-ზოსიმეს აღნიშნული აქვს (#92 ხელნაწერის ბოლოს) - ეს არის 986 წელი. გადამწერის ვინაობასა და გადაწერის თარიღს ცხადყოფს მის მიერ დამოწმებული ანდერძი: "ოდეს ესე წიგნი დაიწერა და განსრულდა და შეიმოსა ხელითა იოანე ფრიად ცოდვილისაითა სინაწმინდასა, დასაბამითთაგანი წელნი იყვნეს ხფჟ (=5690) და ქორონიკონი იყო სვ (=206) და ბერძნულად წელნი იყვნეს ხფთი (უნდა იყოს: ხფით=5619) და ქორონიკონი იყო ჟდ (=94), ინდიკტიონი იდ (=14). ქრისტე, შეიწყალე გაბრიელ, გიორგი, მიქაელ, კირილე, მიქაელ, იოანე, კირილე, მიქაელ, იოანე, ბასილი და ყოველნი მამანი და ყოველნი ქრისტიანენი აწ". ყველა ზემოაღნიშნული თანამედროვე ქრონოლოგიით 986 წელს გვაძლევს, ასე დაათარიღა ხელნაწერი ალ. ცაგარელმაც.


ანდერძის თარიღი, დადგენილი ორმაგი ქართული და ბერძნული სათვალავით, ანდერძში ნახსენები პირები და მთლიანად ანდერძის სტილი მიანიშნებს, რომ გადამწერი იოანე უთუოდ ცნობილი იოანე-ზოსიმე უნდა ყოფილიყო".


„ლოცვასა წმიდასა თქუენ(სა)... ფრიად ცოდვილი ესე იოანე... და მამანი ჩემნი ს(ულიერნი)... და თქუენცა ქრისტე (მან შეგიწყალნენ)".


ქალბატონი მზ. შანიძე სენსაციურ აღმოჩენას უწოდებს „ქართლის მოქცევის" ტექსტის შემცველ ორ ახალ ხელნაწერს.


მზის სინათლე იხილა იოანე ზედაზნელისა და აბიბოს ნეკრესელის ცხოვრების ამსახველმა ტექსტებმაც, რომლებიც შუქს მოჰფენს საქართველოს ისტორიის ადრეულ პერიოდს, მეცნიერებს კი მომავალი კვლევის ახალ პერსპექტივას დაუსახავს.


სტატიის ავტორი: ამირან სინაურიძე


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი