logo_geo
მანანა თოქმაჯიშვილი: გაგიკვირდებათ და წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა დაგეგმილ დროს (იანვრის ბოლოს) ორმხრივად აღდგება
- +

21 იანვარი. 2024. 17:18

 

 

თბილისის მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის საკითხზე ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

 

„მართალია ეს ხალხი, რად უნდა გზის რეაბილიტაციას 8 თვე, აყარე ძველი, გადააგე ახალი. ყოფილიყო გასული საუკუნის ინფრასტრუქტურით, რა უჭირდა.

 

არც დიდუბის ხიდი იყო გასაახლებელი, მერე რა, რომ ინტენსიური მოძრაობაა ხიდზე და 70 წელია ხელი არავის უხლია, სამაგიეროდ, დისკომფორტი ხომ არ გვექნებოდა.

 

ახლა კი უფრო სერიოზულად, ვისაც მართლა აინტერესებს შექმნილი აჟიოტაჟიდან სიმართლის გაგება, მოკლე პასუხები მთავარ კითხვებზე (ვრცლად ბევრჯერ ისაუბრეს ჩემზე უფრო კომპეტენტურებმა):

 

- რატომ გაჭიანურდა სამუშაოების დასრულება?

 

გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღად (პირველივე დღიდან) დასახელებული იყო 2024 წლის იანვრის ბოლო. დღეს 21 იანვარია, გაგიკვირდებათ და საგზაო მოძრაობა დაგეგმილ დროს, ისევ იმავე თარიღში (იანვრის ბოლოს) ორმხრივად აღდგება.

 

- რატომ არ გაუწყვიტა თბილისის მერიამ უპასუხისმგებლო კომპანიებს ხელშეკრულებები არა იანვარში, არამედ 6 თვის წინ?

 

6 თვის წინ, 4 თვის წინ, 3 თვის წინ და ასე შემდეგ გამზირზე მიმდინარეობდა კომუნიკაციების შეცვლის სამუშაოები, რაც არის რეაბილიტაციის ყველაზე რთული და ხანგრძლივი პროცესი. ამ სამუშაოებს აწარმოებდნენ სხვადასხვა კომპანიები, მათ შორის- „თბილისი ენერჯი“, „ჯივიპი“, „თელასი“... სწორედ ამის შემდეგ ხდება უშუალოდ გზის, ტროტუარების, თარგების მოწყობა და სხვა მსგავსი ტიპის სამუშაო. შესაბამისად, ხარვეზები, რაც კომპანიებს წინა თვეებშიც ჰქონდათ და ამის შესახებ მუდმივად ხდებოდა მითითებები მონიტორინგის მიერ, თვალსაჩინო გახდა დასკვნით ეტაპზე. ანუ, როცა ყველა ძირითადი სამუშაო დასრულდა და დაიწყო მოწესრიგების ეტაპი, ცხადი გახდა, რომ კონტრაქტორი კომპანიები ვერ ართმევდნენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. შესაბამისად, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ.

 

- რატომ შეარჩია მერიამ ისეთი კომპანიები, რომლებიც ვერ ართმევენ თავს აღებულ პასუხისმგებლობას?

 

მერია არ არჩევს კომპანიებს, მერია ადგენს სატენდერო პირობებს, დანარჩენს შესყიდვების კანონი არეგულირებს. ტენდერი ცხადდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე და ნებისმიერს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა.

 

და ბოლოს, წერეთლის გამზირზე სამუშაოები სულ მალე დასრულდება და დარწმუნებული ვარ, ყველა, ვისაც უყვარს თბილისი, გულით გაიხარებს განახლებული გამზირით, რომელიც დასავლეთ საქართველოდან ჩვენს ქალაქში შემომავალ ნაკადს ერთ-ერთი პირველი ეგებება.

ეს დიდუბის ხიდია. ხიდს, რომელზეც ყოველდღიურად ათასობით ავტომანქანა გადაადგილდება, აი, ასეთი ჟანგიანი არმატურა იცავდა. ხო, რა ვიცი...

 

პ.ს. ხიდი უკვე რეაბილიტირებულია და სრულიად უსაფრთხოა“, - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი