logo_geo
ნანა კაკაბაძე „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეებზე: საკუთარ ქვეყანას უკრძალავენ ეროვნული ინტერესების დაცვას
- +

5 აპრილი. 2024. 10:10

 

 

„როგორც აბელ სეთურის მრევლი არ (და ვერც) მოისმენდა მათი მამა-მარჩენლის საწინააღმდეგო არც ერთ სიტყვას, ისე ამ კანონის „რუსულად“ მომნათვლელებისთვის აზრი არა აქვს კანონის პოლიტიკური, სამართლებრივი თუ უფლებადაცვითი კუთხით განხილვას. ისინი მაინც თვალებდახუჭული და ყურებდახული გააგრძელებენ სკანდირებას: „არა რუსულ კანონს! პოლიქრონიოოოონ“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი განცხადებით,  გაუგებარია, რატომ არის მსგავსი სახის კანონები მისაღები აშშ-სა და ევროპისთვის, ხოლო საქართველოსათვის - მიუღებელი.

 

კაკაბაძის თქმით, შეუძლებელია უცხოეთიდან შემოსული ფულის გამჭვირვალობამ საფუძველი შეუქმნას ფულის გათეთრებას ან არამიზნობრივად, შავი საქმეებისთვის გამოყენებას.

 

„პოლიქრონიოონ... არა რუსულ კანონს! არა რუსულ კანონს! პოლიქრონიოოონ...

 

როგორც აბელ სეთურის მრევლი არ (და ვერც) მოისმენდა მათი მამა-მარჩენლის საწინააღმდეგო არც ერთ სიტყვას, ისე ამ კანონის „რუსულად“ მომნათვლელებისთვის აზრი არა აქვს კანონის პოლიტიკური, სამართლებრივი თუ უფლებადაცვითი კუთხით განხილვას. ისინი მაინც თვალებდახუჭული და ყურებდახშული გააგრძელებენ სკანდირებას: „არა რუსულ კანონს! პოლიქრონიოოოონ...“

 

ამიტომ აღნიშნული კანონის დანიშნულების შესახებ ინფორმაციები მხოლოდ იმათთვის მოვიძიეთ, ვისაც მართლა აინტერესებს, თუ რატომ არის ამ სულისკვეთების კანონები მისაღები აშშ-სთვის და ევროპისთვის და რატომ ითვლება მისი მიღება მაინცდამაინც საქართველოსთვის „პრორუსულ“ და „ანტიდემოკრატიულ“ ქმედებად.

 

ამერიკაში ეს კანონი მე-20 საუკუნის 30-იან წლებში მიიღეს იმ მიზნით, რომ უცხოეთიდან შესული ფული ყოფილიყო გამჭვირვალე და ჰქონოდათ მისი კონტროლის შესაძლებლობა და ამით დაეცვათ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ამ კანონით კონტროლს ექვემდებარებიან არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციები, აგრეთვე ლობისტები, ფირმები, კომპანიები და ფიზიკური პირებიც კი. კანონში პირდაპირ არის მითითებული, რომ ისინი ითვლებიან უცხოეთის ინტერესების გამტარებლებად, რადგან დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან, რის გამოც მათ პირდაპირ ენიჭებათ „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი. უფრო მეტიც, ასეთი პირებისა და ორგანიზაციებისთვის შესაძლოა სპეციალური საგადასახადო სისტემაც კი იყოს შემოღებული, რათა უცხოური თანხებით მუშაობა მაინცდამაინც მიმზიდველი არ იყოს. „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მქონე პირებისა და ორგანიზაციებისთვის დაწესებული აქვთ მაღალი სარეგისტრაციო მოსაკრებელიც და ლიცენზიის გაგრძელების გართულებული წესებიც. ამ კანონით დაწესებულ აუცილებელ კონტროლს არ ექვემდებარებიან მხოლოდ ვაჭრობასთან, მშენებლობასთან და ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებული ფირმები და კომპანიები.

 

ახლა რაც შეეხება „პოლიქრონიონისტების“ მტკიცებას, რომ ეს კანონი მხოლოდ კომუნისტებისა და ფაშისტების იდეოლოგიური გავლენისგან თავის დასაცავად მიიღეს თავის დროზე, ხოლო დღეს მხოლოდ რუსული, ჩინური და ტერორისტული საფრთხეებისგან თავის დასაცავად გამოიყენება და არავითარ საშიშროებას არ უქმნის დემოკრატიას და ადამიანის უფლებებსო. ამ წინადადების მეორე ნაწილს უნდა დავეთანხმოთ, რადგან შეუძლებელია უცხო ფულის გამჭვირვალობამ საფუძველი შეუქმნას ფულის გათეთრებას, ფულის არამიზნობრივად, შავი საქმეებისთვის გამოყენებას და არა დემოკრატიას და ადამიანის უფლებების იმპლემენტაციას, ხოლო რაც შეეხება იმის მტკიცებას, რომ კანონი დღეს მხოლოდ რუსული, ჩინური და ტერორისტული საფრთხეებისგან თავის დასაცავად გამოიყენება, ეს რომ სისულელეა, ამას ყველასათვის ცნობილი ერთი კონკრეტული ფაქტიც ამტკიცებს. კერძოდ, საქართველოს საზოგადოებისთვის მხოლოდ აშშ-ის ამ კანონის საშუალებით გახდა ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილის ლობისტებისთვის მილიონობით დოლარი იყო გადახდილი მისი ავადმყოფობის და პატიმრობის საკითხის ლობირებისა და აქტუალიზაციისთვის და ვინმეს ჰგონია, რომ ეს საკითხი რამენაირად დაკავშირებული იყო ამერიკისთვის რუსულ, ჩინურ და ტერორისტულ საფრთხეებთან? მარტო ამ ერთი მაგალითითაც ნათლად ჩანს, რომ უცხოეთიდან შესულ ყოველ ცენტს აკონტროლებენ ამერიკელები, რათა ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მოქმედების მოტივაცია იყოს გამჭვირვალე, ხოლო უცხოური ფულის ყველა მიმღებმა გამჭვირვალედ ახსნას, თუ რა ქმედებები განახორციელა მიღებული თანხის სანაცვლოდ.

 

აქვე დავამატებთ, რომ ანალოგიური შინაარსის კანონები სხვადასხვა სახით და ფორმით მოქმედებს პრაქტიკულად ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, რითაც ეს ქვეყნები იცავენ საკუთარ სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ინტერესებს. არადა, საქართველოს კანონპროექტი სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით რბილია და თანაც, ვრცელდება მხოლოდ იურიდიულ და არა ფიზიკურ პირებზეც, რაც არასწორად მიგვაჩნია, რადგან შავი საქმეების კეთება არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ ფიზიკურ პირებზე უკონტროლოდ  ჩარიცხული თანხებითაც ადვილად შეიძლება.

 

ქართველი „პოლიქრონიონისტები“ მათი უცხოელი აბელა სეთურების კარნახით საკუთარ ქვეყანას უკრძალავენ ამ კანონის მიღებით სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების დაცვას, სოროსის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა კი ამ შემთხვევაში ასინეთას როლს ასრულებს და აორგანიზებს, რომ უფრო ხმამაღლა და ხმაშეწყობილად მოახდინოს მათმა მრევლმა სკანდირება: პოლიქრონიოონ... არა რუსულ კანონს! არა რუსულ კანონს! პოლიქრონიოოონ... პოლიქრონიოოოონ... სოროსის ფონდში გადაღებული ამ სკანდირების ძალიან საინტერესო კადრები სოციალურ ქსელში სწორედ დღეს გავრცელდა“, - წერს ნანა კაკაბაძე.

 

big_banner
არქივი