logo_geo
ოთარ კახიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით პოლიტიკური ბრძოლაა
- +

5 დეკემბერი. 2016. 21:15



„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში პარტიასთან დაკავშირებით წერს და აღნიშნავს, რომ  ენმ-ში შიგნით პოლიტიკური ბრძოლაა, ერთ მხარეს მიშას სახელს ამოფარებული ახალაიას გუნდი თანამოაზრეებით და მეორე მხარეს - ბაქრაძე-ბოკერია-მელიას გუნდი თანამოაზრეებით.


კახიძე ყველას მოწოდებს, „ნუ გაუტყდებათ, როცა ახალაიას გუნდის წევრს უწოდებენ" და თავად აცხადებს, რომ ბოკერიას გუნდის წევრია.


„მინდა აღვნიშნო, რომ მე არ შემიფასებია ახალაიების საქმიანობის სამართლებრივი მხარე და წარსულზე არ მისაუბრია, განსხვავებით ოპონენტებისგან, რომლებიც პირდაპირ იშვერენ ხელს ენმ-ს ლიდერების მიმართ, სამიზნედ ჰყავთ ამოღებული გიგი, გიგა და ვანო. ისეთ კითხვარებს ადგენენ, ასავალ-დასავალის ჟურნალისტებს შეშურდებათ. ახალაიას ადვოკატი ამონტაჟებს ვიდეოებს, ცვლის სათაურებს და მაგრად წვალობს ჩემ წინააღმდეგ შავი პიარის ასაგორებლად. აქვე დავამატებ, რომ ახალაიები არაერთხელ საჯაროდ დამიცავს უმტკიცებულებო ბრალდებებისგან და ზოგადად, მგელი და ვაშლის თლა არ მაინტერესებს. მე ვსაუბრობ პარტიის შიგნით მიმდინარე, რეალურ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე. ნუგზარი, აკო და ჩიორა რომ ახალაიას გუნდს წარმოადგენენ, ახალი ამბავი არ არის, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ახალაიას პოზიციაც მახსოვს და მისი გუნდის მხარდაჭერაც, ახალაიას ადვოკატის განცხადებებს რომ არ გაემიჯნენ და მას მერეც რომ განაგრძობს კამპანიას - ესეც ცხადია, გიგას, გიგის, კეზერას და ვანოს საწინააღმდეგო მესიჯებიც რომ ამ გუნდის მხარდამჭერებისგან მოდის - ესეც ნათელია", - წერს ოთარ კახიძე.


კახიძის განცხადებით, ბოკერიას თანამოაზრეების მიზანი არის არა მიშას გარიყვა და მისგან გამიჯვნა, არამედ პარტიის „ლიდერშიფის" სრულფასოვნად დაკომპლექტება, განვითარება და ივანიშვილის დამარცხება.


„ახალაიას ფლანგის მიზანიც ხელისუფლების შეცვლაა, მაგრამ ისინი მიიჩნევენ, რომ ამის გამო თავმჯდომარის პოსტის ხელუხლებლად შენახვა არის აუცილებელი და ცდილობენ ისე დაუხატონ მიშას ვითარება, თითქოს სკამი თუ არ დარჩა ცარიელი და თავმჯდომარეს თუ ავირჩევთ - მიშა ვეღარ იქნება ლიდერი და გაირიყება. ამ საკითხზე უნდა იყოს დისკუსია და არა იმაზე, კუნინგის ტილოზე რას ფიქრობს ბოკერია, როგორ გაურიგდა უგულავა ციხიდან ივანიშვილს, როგორ ტარდებოდა ტენდერები კეზერაშვილის დროს და არის თუ არა ბედუკაძე ვანოს აგენტი - ეს არის წითელი ხაზების გადაკვეთა, ეს არის პოლიტიკური ოპონენტის დასაძირად ასავალ-დასავალის უბინძურესი მეთოდების გამოყენება. ჭორაობის ნაცვლად, ვიკამათოთ მთავარ საკითხზე - პარტიის წინსვლისთვის აუცილებელია თუ არა თავმჯდომარის პოსტის ვაკანტურად დატოვება და არის თუ არა ამ სკამზე დამოკიდებული მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი და პოლიტიკური წონა? და ბოლოს - ზოგ-ზოგიერთს ნუ გიტყდებათ ახალაიას გუნდს როცა გიწოდებენ. მე არ მიტყდება ადეიშვილის მოადგილე რომ ვიყავი, არც ბოკერიას გუნდელობის მრცხვენია და იმ 9 წელზე პასუხისმგებლობაც ყველას გვაქვს, კარგზეც და ცუდზეც, ზოგს მეტად და ზოგსაც ნაკლებად, მაგრამ მაინც ყველას", - წერს კახიძე. 


 

 

big_banner
არქივი