logo_geo
მანუჩარ კაჭახიძე: სიცოცხლე ღირს ასეთი წუთებისათვის...
- +

6 დეკემბერი. 2016. 17:09



ჟურნალ „მამულის" რედაქტორ-გამომცემელი შეერთებულ შტატებში მანუჩარ კაჭახიძე სოციალურ ქსელში ილია მეორესთან შეხვედრის შესახებ წერს:

 

„სიცოცხლე ღირს ასეთი წუთებისათვის...

 

შემთხვევით ჩავრთე „ვაიბერი" და მეუფე საბას შეტყობინება დამხვდა, სულ ოთხად ოთხი სიტყვა, - საღამოს 9 საათზე უწმინდესი გელოდებათ!

 

დატრიალება მაშინ უნდა გენახათ. დედულეთში მივდიოდით, იქ სუფრა და 17 წლის უნახავი ბებია მელოდებოდა.

 

გზიდან მოვბრუნდით.  ოთხ საათში თბილისში უნდა „ჩავფრენილიყავით".

 

უკვე შეღამებული იყო, საპატრიარქოში რომ შევედით...

 

სიჩუმის მეფობა შეგიგრძვნიათ? ეს დედაოებიც ისე ჩუმად, ფეხაკრეფით დადიან, გეგონება, მიწას არ ეხებიან.

 

ძმებს გადავხედე... მეუღლესაც... დაძაბულობა და მოლოდინის რიდი მათშიც დავინახე. ხელებს იფშვნეტენ, დასჯილი ბავშვივით, გაუნძრევლად არიან ჩასვენებულნი სავარძლებში.

გაუსაძლისი რომ გახდა ეს სამარისებული სიჩუმე, ფეხზე წამოვდექი და ირგვლივ, გარემოს დათვალიერება დავიწყე. კედელზე, ფერწერული ტილოდან უწმინდესი იმზირება... თვალები წყლიანი აქვს? თუ სევდიანი?

ზარმა შემოკრა... იქვე, სამი ნაბიჯის შორი-ახლო, სრულიად მოულოდნელად ლიფტი გაიღო და... ახალგაზრდა ბიჭის ხელზე ჩამოყრდნობილი, ფეხაკრეფით, წელში მოხრილი გამოვიდა... უნეტარესი.

 

რომ არ გაეღიმა ჩემთვის, ალბათ, გული წამივიდოდა...

 

ყველანი საპატრიარქოს ეზოს შუაგულში გავედით... 16 სექტემბრის საღამო იყო და შესაბამისად, თბილოდა და გრილოდა. უკეთეს საღამოს ვერ ინატრებდი.

 

უწმინდესის ტახტრევანს მივუახლოვდით.

 

ბიჭებმა, ქორალმა, გალობა დაიწყო...

 

„შენ ხარ ვენახი, ახლად აყვავებული, მორჩი კეთილი..."

 

თავით ვეშვები ამ საგალობელის სიღრმეში, მილიონჯერ მოსმენილი არ მწყინდება და უცბად... საგალობელის ბოლო სიტყვებს რატომღაც სხვა ახსნას ვუძებნი: „სამოთხეს ამოსული, ღმერთმან შეგამკო, ვერავინა გჯობს ქებული"...

 

და თუ არა, ვინ უნდა იყოს ღმერთისგან შემკული, თუ არა მისგანვე გამორჩეული... პატრიარქად.

 

როგორი პეწით ეპყრობიან პატრიარქს... პლედი შემოახვიეს მხრებზე, ბებერი ძვლების უკეთ გასათბობად.

 

მისი არსებობით მთელ საქართველოს ათბობს და... ალბათ, ჩვენ ვერ ვპასუხობთ იმავე სითბოთი... ათასი ჯურის ტელეგადაცემებში თავს ვესხმით „ენჯიოშნიკები" თუ სოროს-კმარელები...

 

ლოცვა დაიწყო, ხშირად წამოეშველებიან წამოდგომაში და მისი ჩუმი ხმა ზედ მალამოდ ედება ჩემი უსამშობლოობის მოუშუშებელ იარებს, ჭრილობათა ნაპრალებს.

 

მედავითნე დაბალ ხმაზე იწყებს ტროპარ-კონდაკების კითხვას და... ამ დროს მიხმობენ პატრიარქთან.

 

მივეახლე და დავუჩოქე... ვეამბორე. ადამიანი, განსაკუთრებით, თუ ის ზედმეტად მგრძნობელია, ყოველთვის არჩევს სიწმინდეს...

 

თავზე ხელი დამადო და არ აუღია.

 

დავბრუნდი-თქო, ვეუბნები, უძღები შვილი დაგიბრუნდი-თქო.

 

„გვიან, მაგრამ, მთავარია, არ დაგავიწყდიო", - დაუფიქრებლად მპასუხობს.

 

შემდეგ, - ეს რა მომიტანეო... - ჩემს ხელში დახვავებულ, ჩემივე ავტორობით გამოცემულ წიგნებზე მეკითხება.

 

ჩემი უცხოეთში ყოფნის გასასამართლებელი საბუთებია-მეთქი, ვეუბნები და სათითაოდ ვაწოდებ. ინტერესდება ერთ-ერთის გარეკანით, მეკითხება, ეკლესიას ანგრევენო?

 

წიგნის, „წაშლილი სამშობლოს" გარეკანზე ეკლესიის ერთ მხარეს გლდანის ეპარქიის „ურალის" მანქანით დარბევის სცენა მაქვს ჩასმული... ხოლო მეორე მხარე, სადაც ხალხი ეროვნული გმირების, - ზვიადის, მერაბის, ქაქუცას სურათებით შედის ეკლესიაში, - ნათელშია და ფერებში ჩანს. იქვე ვერიკოს „მონანიების" სცენას ვაჩვენებ 7 ნოემბრის მიტინგის დამრბეველ პოლიციელებთან ერთად - უმოწყალოდ რომ სცემენ მშვიდობიან მოსახლეობას.

 

ამოიხვნეშა... თეთრი ქათქათა ცხვირსახოცით ცრემლი მოიწმინდა. გვერდით მდგარი ბიჭები მოგვიახლოვდნენ, ეგონათ, რომ გადაიღალა და ვაწუხებდი... ვიფიქრე, დამთავრდა, გაცლას მომთხოვდნენ... პატრიარქმა რაღაც ანიშნა და ისინი სამუდამოდ გამეცალენ.

 

გავგულიანდი, ვიცი უკვე, რომ დროში შეზღუდული არ ვარ და პატრიარქი ჩემია.

 

შემდეგ მეორე წიგნი, ტრილოგია „სატახტო ქალაქი" ჩაიხუტა გულში. პატარა ბავშვივით მკითხა, მოუთმენლობით, რა ხდება ამ წიგნშიო.

 

მცხეთა, ქუთათისი და ტფილისი - ალაპარაკებული ლიტერატურული გმირები არიან და თვითონ ჰყვებიან თავის ისტორიას და სათქმელს-მეთქი.

 

რა კარგია, რომ ქალაქის გულისთქმას ყური დაუგდეო.

 

გავოცდი. ის კი არ მითხრა, რომ რა კარგი ქენი, ქალაქები აალაპარაკეო, - არამედ დამეთანხმა, რომ ქალაქები სულიერი არსებები არიან, სტკივათ, უხარიათ...

 

ამერიკაში აქამდე დაკარგულ საფლავებს ვეძებ და დღემდე 250-მდე ვიპოვე-თქო, 15 წელია ემიგრაციაში ქართულ ჟურნალს გამოვცემ-თქო, - წავიტრაბახე...

 

უკვე მეორედ მომეფერა, თავზე გადამისვა ხელი. საერთოდ, პატრიარქი როცა თავზე ხელს დაგასხამს, გლოცავს. მაგრამ, მე ვიგრძენი, რომ ეს დალოცვის გარდა, მოფერებაც იყო.

 

17 წელი არ მენახა სამშობლო-თქო, ახლა ჩამოვედი, პარიზში შევიარე, ქართულ ტაძარში ჯვარი დავიწერე და ახლა თქვენი დალოცვის გამოთხოვაც მსურს-მეთქი.

 

გეგონებოდა, თითქმის გასაბრაზებლად მოემზადაო, ხმა შეუკრთა და ამიტომაც დაბალ ხმაზე მკითხა: ხომ ქართველი შეირთეო?

 

აი, მაშინ მივხვდი, რომ ეს ქორწინება არათუ მხოლოდ დიდი ნაბიჯი იყო, არამედ ცხოვრების ყველაზე სწორი და მართალი გადაწყვეტილება.

 

სიხარულით მოუხმო, ხელი დაგვასხა ორთავეს და დაგვლოცა. მე გავთამამდი, უწმინდესო, დედის მუცელში ჩემთან ერთად ჩემი ორი ტყუპისცალიც იყვნენ და ისინიც ვერ დავტოვე თქვენი მადლის გარეშე-თქო.

 

მათაც უხმო...

 

ამასობაში, მედავითნე კონდაკის წაკითხვას მორჩა, პატრიარქს უნდა გაეგრძელებინა და წამოდგომა გადაწყვიტა. ხომ გახსოვთ, ის ბიჭუნები ჩამოგვეცალნენ-მეთქი. ახლოს აღარცერთი იდგა. მხოლოდ მე ვიდექი მის წინ.

 

ჰოდა, უსაზღვრო მოწიწებით ვისურვე, ხელი შემეშველებინა და... გავუწვდინე. უნდა გენახათ, როგორი სიყვარულით მომხვია ხელი და წამოდგა. სიახლოვის უზარმაზარი და უძლიერესი ჯაჭვი შეიკრა-თქო, მეგონა.

 

გვერდზე, განზე გავდექით... და სულ რამდენიმე წუთში მამა დავითის ხელით პატრიარქმა დაჭრილი ხილი მოგვართვა...

 

იქიდან რომ წამოვედით, ვერც ჩვენი ფეხის ხმას გაიგონებდით... სიხარულით დავფრინავდით, სიმსუბუქით დავფრინავდით და უკვე აღარ გვიკვირდა, თუ როგორ დადიოდნენ ფეხაკრეფით დედაოები ან რატომ მეფობდა სიჩუმე იქ", - წერს მანუჩარ კაჭახიძე.



 

 

 

 

 

big_banner
არქივი