logo_geo
მამა პეტრე კოლხი: დიდხანს ვმალავდი... ვიცოდი, მოვლას ვერ შეძლებდნენ...
- +

1 სექტემბერი. 2017. 21:41


 

მამა პეტრე კვარაცხელია საკუთარი ჯანმრთელობისა და სულიერი მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:


„კლინიკის შუშებიანი კარი შევაღე, მენეჯერი ჰოლში მიცდიდა. შორიდან გამიღიმა, მომიახლოვდა, ხელი ჩამომარვა და კარდიოლოგთან შემიძღვა... მკურნალი ექიმი გამაცნო...

-ხო მშვიდობა გაქვთ, მამა პეტრე?!

-ალბათ, უბრალოდ, გული მტკივა ექიმო...

წარმოვთქვი და ფეხქვეშ მიწა იძრა... წარმოვიდგინე, ამ სიტყვების გაგონება, დედას გულს როგორ მოუკლავდა...

ვმალავდი, დიდხანს ვმალავდი... ვიცოდი, მოვლას ვერ შეძლებდნენ და მდგომარეობა უარესად რატომ უნდა გამერთულებინა... ახლა დედა აღარ მყავს და ერთით ნაკლები სადარდებელი მომეხსნა... არ ინერვიულებს...

როგორ ვუთხრა ექიმს, გული რა ფორმით მტკივა?! კარდიოგრამაც რომ გადამიღონ, მაინც არ გამოჩნდება, სანამ გულს ფაქტის წინაშე არ დააყენებენ...

ტკივილით გაბერილ გულში ვფიქრობ, ეჰ, ჩემო ექიმო, ნეტავ იცოდე, გული რამდენ რამეზე მტკივა...

იმ ქვების გამო, უსამართლოდ ხშირად რომ მომხვედრია, იმ ცილისწამების გამო, საკუთარი სიბინძურეების დამალვის მიზნით რომ ავრცელებენ, იმ აგრესიის გამო, რჯულის კანონის დაცვას რომ უწოდებენ, იმ ,,მეგობრის" გამო, შავ მიწაში ცოცხლად რომ გმარხავს, იმ ბოროტების გამო, ნიჭს და მონდომებას რომ არ გპატიობენ, იმ სტატუსის გამო, სიმართლის ძიებისთვის გამყიდველს რომ გიწოდებენ, იმ ფარისევლების გამო, ზნეობის დაცვის სადარაჯოზე ჩემს დასჯას რომ ითხოვენ და უზნეობაში იხრჩობიან, იმ სიბნელის გამო, თვალებში მზის სხივებს რომ გიკლავენ, იმ მომხვეჭველობის გამო, საკუთარი სტომაქის ხარჯზე უამრავი ადამიანი მშიერი რომ იხოცება, იმ ფანატიკოსების გამო, თავისუფლად სუნთქვას რომ გიკრძალავენ, იმ უწიგნურობის გამო, მსოფლიო ლიტერატურის წაკითხვა, ღვთის გმობა რომ ჰგონიათ, იმ უცოდინრობის გამო, მღვდელს ლექსის წერა რომ ეკრძალება, იმ სილაჩრის გამო, ძალაუფლების მოყვარულებს, უპირობოდ რომ ემორჩილებიან, იმ ურწმუნოების გამო, ქრისტეს შურისმაძიებლად რომ მოიხსენიებენ,

იმ იმედგაცრუების გამო, ქრისტეს სახელით მოვაჭრეებმა რომ მომიტანეს, იმ სასიწარკვეთილების გამო, გულგაყინულმა მორალისტებმა რომ მიმიყვანეს, იმ... იმ... იმ ყველაფრის გამო, რაც ითქმის და ვერ ითქმის...

კარგია, რომ დედა ვერ ხედავს შვილის ტკივილს, მაგრამ შვილები ხედავენ მამის ამოუთქმელ ტკივილებს და იტანჯებიან უსიტყვოდ...

ჩვენ ყველა ერმთმანეთს ვკლავთ, ვასამარებთ, არ ვინდობთ, ვანადგურებთ... მერე კუბოსთან გვირგვინებით მივდივართ...

ამ ყველაფერს ოპერაცია ვერ უშველის... ან რატომ უნდა იყოს საჭირო, როდესაც თავისუფლად შეიძლება ვუმკურნალოთ ერთმანეთს..." - წერს მამა პეტრე.










 

big_banner
არქივი