logo_geo
დაჩი ცაგურია: ვღრიალებდი ბოლო ხმაზე და ვეფერებოდი ჩემს შვილს საკნიდან - არც ვიცოდი, როგორი იყო...
- +

12 სექტემბერი. 2017. 20:09


„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება.


„უამრავი შეურაცხყოფის შემდეგ ეს რაღაც გააკეთეს და დამცინიან. ეს ვიდეო არის გადაღებული 2012 წელის 2 ოქტომბერს, სადაც მე და ჩემი თანამებრძოლი ბექა ვტოვებთ რუსთავის სამხარეო პოლიციის შენობაში არსებულ საპატიმრო დაწესებულებას სადაც საშინლად ნაცემი, ნაწამები და შეურაცხყოფილი ვეგდე. ეს ის დროა, ციხის კადრები რომ გავრცელდა, მე და ჩემი მეგობრები მივვარდით ჯერ გლდანის ციხესთან, გავმართეთ აქცია, იქ გავიგე, რომ ამ კადრების გასვლის პარალელურად იმართებოდა პრაქტიკულად მიშას დადგმული „ქეთო და კოტეს" პრემიერა და ესწრებოდა კიტრი თუ ქინძი, როგორცაა რა... ეგრევე შევწყვიტეთ აქცია გლდანთან, სადაც უკვე „ქართული ოცნების" ახალგაზრდულიც მოვიდა და ისე, რომ იქ არაფერი გვითქვამს, იმიტომ რომ ეგრევე მიიღებდნენ „შესაბამის ზომებს" კუდ-ის ბრიგადები, მოულოდნელად გამოვეცხადეთ მიშას ფილარმონიაში კონცერტზე და ავუტეხეთ ერთი ამბავი. მიშა ეგრევე გაიყვანეს უკანა კარიდან და გააპარეს, ჩვენ მთელი საპროტესტო მოძრაობაც სწორედ ფილარმონიიდან დავიწყეთ, რომელიც უდიდეს ტალღად გადაიქცა და უამრავი მცდელობის შემდეგ მხოლოდ მეოთხე თუ მეხუთე დღეს შეძლეს ჩემი დაჭერა, ჩემთან ერთად დაიჭირეს ბექაც, რომელთან ერთადაც არჩევნების მეორე დღეს დავტოვე საპატიმრო. აქციები როცა დავიწყეთ, ჩემი მეუღლე დავტოვე სახლში მეტრიანი მუცლით, ფეხმძიმე და ვანერვიულე, რასაც არასოდეს ვერიდებოდი. მე გავუნადგურე მთელ ჩემს ოჯახს ნერვები, ჩემი 34 დაკავება დედაჩემს ჯანმრთელობის, მამაჩემის სამი ინფარქტის და ჩემი უკვე მუცელში მჯდარი შვილის და მეუღლის რისკის ფასად დამიჯდა. ჩემი დაკავების შემდეგ სასამართლოში რომ მიგვიყვანეს საშინლად ნაცემები და დასისხლიანებულები, დარბაზში ჩემი მეუღლე რომ დავინახე, გული გამისკდა, ისეთი ნანერვიულები იყო... ეს უზარმაზარმუცლიანი გოგო პრაქტიკულად გავწირე, რის გამოც მას და მაშოს მთელი ცხოვრება პატიებას ვთხოვ, ჩემი ასეთი თავხედობის გამო. მოკლედ, აღარ შეგაწყენთ იმის მოყოლით, როგორ წიხლებით შემდგნენ დაკავებისას ჯერ ელბაქიძის აღმართზე და მერე მიშას აშენებულ „გამჭვირვალე" „რეფორმირებული" პოლიციის შენობაში ოპერის უკან, სადაც ჩემი და ბექას ცემას ხელის კამერით იღებდნენ, მერე ცოცხი დამადეს და ისე მიღებდნენ სურათებს. გინება და შეურაცხყოფა ხომ იავნანასავით მესმოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება აბსურდული იყო და მაბრალებდნენ თითქოს ელბაქიძეზე გამვლელებს ვაგინებდი და თავს ვესხმოდი, მერე პოლიციამ მომიწოდა თურმე სიმშვიდისთვის და იქ ხუთი პოლიციელი მიცემია სასტიკად. უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, ტანზე შემოხეული ერთი პატრულიც მოიყვანეს. მოსამართლემ, ცხადია, პატიმრობა მოგვისაჯა და ასე მოვხვდით რუსთავის სამხარეოს ე.წ. კაპეზეში. იქ როცა ვიყავი, ნათიას დროზე ადრე გაუკეთეს საკეისრო კვეთა და ჩემი ულამაზესი მაშო ასე დროზე ადრე მოევლინა ამ ქვეყანას. მე ციხეში ჩემი მჭირდა, ვადანაშაულებდი ჩემს თავს ამ ყველაფერზე, ვნერვიულობდი, განვიცდიდი, რომ ასეთ დროს ნათიას გვერდზე არ ვიყავი, მეშინოდა, ვაითუ სიმართლეს მიმალავდნენ და ნათიას ან ბავშვს რამე ხომ არ სჭირდათ. მკლავდა და მანადგურებდა ეს განცდები, თან ამ ყველაფერში მხოლოდ ჩემს თავს ვადანაშაულებდი და ასეც იყო, დამნაშავე მხოლოდ მე ვიყავი. პატიმრობისას ვიხვეწებოდი, ვემუდარებოდი ყველას, რომ ჩემი შვილის ფოტო ეჩვენებინათ... ვღრიალებდი ბოლო ხმაზე და ვეფერებოდი ჩემს შვილს საკნიდან და არც ვიცოდი, როგორი იყო. მხოლოდ ერთ რამეს ვნატრობდი, რომ მენახა ჩემი მაშოს სურათი მაინც. ასე ძალიან არ მიტანჯია ჩემი 34 დაკავებიდან არც ერთხელ, მიუხედავად იმისა, რომ უმძიმესი ტრავმები მქონია და პრაქტიკულად დამაინვალიდეს. ვეღარ დავდივარ მთაში, იმიტომ რომ არ შეიძლება მძიმე ზურგჩანთის აწევა ხერხემლის ტრავმის გამო, ხელის მტევანი ისე დამიმტვრიეს, ე.წ. ტურნიკზეც კი ვეღარ ვეკიდები, აღარაფერს ვამბობ კლდეზე ცოცვაზე, ამიკრძალეს ჩოგბურთის, ფეხბურთის, კალათბურთის თამაში, ამიკრძალეს თხილამურზე სრიალიც (მაინც ვსრიალებ). მოკლედ, ეს პატიმრობა ჩემთვის უმძიმესი იყო. აქაა გადაღებული კადრები, სადაც ამ ყველაფრის შემდეგ საპატიმროს ვტოვებ და ჩემი ძმა კახი მაჩვენებს ტელეფონში პირველად ჩემი შვილის ფოტოს და ამ რეაქციის გამო დამცინიან ეს ავადმყოფები. თქვე აქოთებული ტვინით გატენილებო, ეს კი არა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი იქ საკანში, ისე ვეფერებოდი ჩემს შვილს, ალბათ უფრო სასაცილო იქნება ეგ კადრები, უთხარით თქვენს უფროსს პეტრიაშვილს, მისი ძმაკაცის მეგის ქარდავას არქივში იქნება, დაურეკოს, გამოართვას, მოგაწოდოთ, უფრო სასაცილოა, მერწმუნეთ... ეგ კი არა, დღემდე ჩემს შვილებს ისე ვეფერები, ალბათ ეგ „მასალაც" რომ ჩაგივარდეთ ხელში, უფრო მაგრად გაიცინებთ, ისეთი სასაცილო ვარ მაგ დროს, ჩემ ანგელოზებს რომ ვხედავ. თქვენსავით დაკავების შემდეგ „facebook"-ზე კი არ მაპოსტინებდნენ და სელფები კი არ გადამიღია საკანში. მე ეგ მახარებს, რომ ჩემი და ჩემი თანამებრძოლების უბედურებამ უკვალოდ არ ჩაიარა და დღეს თქვენ დაკავების შემდეგ „facebook"-ზე პოსტავთ, სელფებს ავრცელებთ საკნიდან. ასე რომ, ეგრე გააგრძელეთ თქვენი საყვარელი ლიდერის მაგალითით, რომელმაც ჩემი შეურაცხყოფა არ იკმარა და ჩემი ოჯახის წევრების ლანძღვით განაგრძო „მუშათა უფლებები დაცვა". აბა, თქვენ იცით, წინ, სააკაშვილის სანაგვეში აღმოცენებული პეტრიაშვილისკენ ნაბიჯით იარ!" - წერს ცაგურია.



http://coub.com/view/xcpef  


 

big_banner
არქივი