logo_geo
ირაკლი გოგინავა: აღფრთოვანებული ვარ ამ ფენომენით...
- +

23 სექტემბერი. 2017. 22:35


 

ირაკლი გოგინავა ჟურნალისტისა და მწერლის მაია კახიძის პოსტს ეხმიანება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„... თითქოს და ეს არაფერიაო, მაგრამ რეალურად, თითოეული ბგერა, რომელიც ადამიანის ბაგეს დასცდება, მნიშვნელობა მიცემულია და ქმედებად მოეთხოვება...

 

...აქედან გამომდინარე, ვალდებულებად ვუთვლი ჩემს თავს, თუნდაც ერთ ადამიანს, სწორად მივაწოდო ჩემგან წამოსული ესა თუ ის აურა, რადგან ჩვენ ყველანი სულიერების სხვადასხვა საფეხურებზე ვდგავართ და როგორც კარგად, ისე ცუდად შეიძლება ისახებოდეს...

 

ჩემი გადასახედიდან, ამაზე ფიქრი, სასწაულია... არ დავიწყებ იმის ახსნას, ვინ არიან კახი&ბელა... მარტივი არ არის...

 

ეს ამბავი სულის ფსკერამდე დადის და ილექება...

 

მთელი ამ წლების განმავლობაში, განა არ შეეძლო, შეხედულება აკლდა, ფული, გავლენა თუ თაყვანისმცემლების ნაკლებობას განიცდიდა?!...

 

მაგრამ არა!

 

მან ბოლომდე შეინარჩუნა ამ ქალის სიყვარული და ერთგულებს დღემდე!

 

ეს მარტივი არ არის და ამას იმაზე მეტი კაცობა და ღირსება სჭირდება, ვიდრე სიტყვებს შეუძლიათ ახსნან...

(ყველანი ადმიანები ვართ და არ ვსაჭიროებთ იმის ახსნას, გარდა იმისა რომ ეს ასეთი მტკივნეულია, რიგი პრობლემები დგანან ადამიანური წვრილმანების რასაც კაცი უქალოდ უნდა გაუმკლავდეს).

 

აღფრთოვანებული ვარ ამ ფენომენით...

 

თუმც...

 

სხვას არასდროს შეაწუხებს ის, რასაც შენი ტკივილი ჰქვია?!...", - წერს გოგინავა.

 

 

აქვე, გთავაზობთ მაია კახიძის პოსტს:

 

„კახი და ბელა... კახი - ბელაზე

 

„...ამბობენ, ადამიანებს სიკვდილის წინათგრძნობა აქვთო და ამის მჯერა. ჩემმა ცოლმა ბოლო სიტყვები რუსულად მითხრა: „ასტავ მენია ვპაკოე, ნე ლიშაი ბლაჟენსტვა". ჩემი ცოლი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე გარდაიცვალა, დაიძინა და წავიდა. ძალიან მისუსტებული იყო და მინდოდა გამერთო, რაღაცას ველაპარაკებოდი, ვართობდი ჩემი ჭკუით. მითხრა „ია ჩუსტვუიუ სუბსტანციუ", არ გრცხვენია, როგორ გეკადრება, რაებს ლაპარაკობ-მეთქი, ისევ დავიქოქე და გაუჩერებლად ვლაპარაკობდი. უცბად „ასტავ მენია ვპაკოიეო", მითხრა და გავჩუმდი. მივხვდი, რომ მიდიოდა. არადა ჩემი აქტიურობით ხელს ვუშლიდი, მინდოდა, მდგომარეობიდან გამომეყვანა, მაგრამ თავი დამანებეო, ბელამ მითხრა. ვერც კი მივხვდი, როდის წავიდა. პულსი ჰქონდა ძალიან ნელი. ვიცი, რომ როცა ადამიანი მიდის, ყვირილი და წივილი მას გარდაცვალებაში ხელს უშლის. ნოდარ დუმბაძეს აქვს ჩემთვის მოყოლილი. ერთხელ მოვკვდიო, მითხრა, ჩემმა ცოლმა დაიწყო კივილი, თავი არ მქონდა, თორემ ისე ჩავცხებდი თავში, რომ მეორედ აღარ ამოეღო ხმაო. როცა ადამიანი მიდის, დაწრეტილი არ არის და ხმამაღალი კივილი მას აწუხებს. როცა ორგანიზმი დაიწრიტება; დაკარგავს გონებას და ფიზიკაც აღარ არის, მერე შეგიძლია, ხმა ამოიღო და რაღაც თქვა. ბელასთან დიდხანს ჩუმად ვიჯექი. მერე გამოვედი და ვთქვი, რომ ბელა გარდაიცვალა. ასეთი რაღაცები რომ არსებობს, განა სასწაული არ არის? თუმცა ხანდახან უფრო მგონია, რომ ამაში განსაკუთრებული და სასწაული არაფერია. მთავარია, ადამიანმა სწორად განსაზღვროს ყველაფერი და მეტად გააანალიზოს სიტუაცია.

როდესაც ჩემი ცოლი გარდაიცვალა, ორმოცი არ გვქონდა ჯერ გადახდილი. ორმოცის რიტუალი უნდა ჩაგვეტარებინა, ვიჯექი და აქტიურად ვფიქრობდი, რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა. უცბად ისეთი ნივთი გადმოვარდა კარადიდან, რომ მისი უბრალოდ ჩამოვარდნა შეუძლებელია. უნდა გადმოაყირავო კარადა, რომ ის ნივთი იქიდან გადმოვარდეს. გავოგნდი, ახტა და გადმოვარდა. ხმამაღლა დავუძახე, ბელა, აქა ხარ? კიდევ დამიმტკიცე, რომ აქა ხარ-მეთქი. უცბად ახტა ჩანგალი და გადმოხტა. ასეთი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. რაც დრო გადის, ჩემთვის ვფიქრობ, ხომ არ მომელანდა-მეთქი. არადა, მართლა მახსოვს, ნამდვილად მახსოვს, რომ ასე მოხდა. არის რაღაცები, რაც კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ღმერთი არსებობს და მისი ყველას უნდა გვჯეროდეს. უფლის ძალიან მჯერა, მჯერა, რას ჰქვია, ყველა ასე უნდა იყოს. ჩემი ცოლი იტყოდა ხოლმე, ისეთი რთული ორგანიზმი, ისეთი რთული ფიზიკა, ისეთი რთული ნაწილი სამყაროსი, როგორიც ადამიანია, როგორ შეიძლება სულ გაქრესო. ამოდენა ენერგია როგორ შეიძლება, რომ გაქრეს? ის ფიზიკურად ქრება, თორემ როგორ შეიძლება, ადამიანი, რომელიც ცოცხალი იყო, ასე უკვალოდ გაქრეს? რა თქმა უნდა, ადამიანი ცხოვრებას მერეც აგრძელებს, უბრალოდ ჩვენ ვერ ვხედავთ..."













 

big_banner
არქივი