logo_geo
გია ნოდია: ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, არის პოპულისტური ჯანყი ელიტის წინააღმდეგ
- +

11 დეკემბერი. 2016. 15:20




ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ნოდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

 

ის, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში", გლობალური პროცესის, ან გლობალური სულისკვეთების (Zeitgeist) ნაწილად უნდა დავინახოთ. ეს არის პოპულისტური ჯანყი ელიტის წინააღმდეგ, არსებითად იგივე, რამაც ტრამპს მოაგებინა არჩევნები, ან როგორიცაა პოპულისტური მოძრაობები ევროპაში. არ უნდა ავყვეთ ზედაპირული შედარებების ცუნებას: რომ მიშა დონალდ ტრამპს გავს, ან მარი ლე პენს, ან ჯერემი კორბინს, ან ჰუგო ჩავესს, ან კიდევ ვინმეს. ამაში არ არის საქმე: ლიდერები იყენებენ იმ მეთოდებს, რაც ხალხს იზიდავს. მთავარია, რომ ძირეული ემოციაა იგივე: ბევრ ადამიანს (რომელიც თავს უწოდებს „უბრალო ხალხს", ან, ამ შემთხვევაში, პარტიის „რიგით მომხრეს"), უჩნდება განცდა, რომ გარკვეული ელიტური ჯგუფები მას ქედმაღლურად უყურებენ და თავის შიგნით რაღაცეებს აკვარახჭინებენ ისე, რომ მათ არ ეკითხებიან.

 

რამდენად მართალია ეს, მნიშვნელობა არა აქვს: რაღაც ზომით ეს ყველა პარტიაში და ყველა სახელმწიფოში მართალია, წარმომადგენლობით ინსტიტუტებში სხვანაირად ვერ იქნება, ყველაფერი მოედანზე და სტადიონზე ვერ გადაწყდება. მთავარია, რომ ადამიანებში ეს განწყობა დომინანტური ხდება. ამის შემდეგ კი ლოგიკა ითიშება და რაციონალურ დისკუსიებს მნიშვნელობა აღარა აქვს: ადამიანები ხედავენ მხოლოდ საზიზღარ „ელიტას", ან „სვეტებს", ან ვიღაცას, ვინც გულში დასცინის და ცდილობს, რაღაცა მოატყოს.

 

საქართველოში ეს ემოცია თვით „ნაცმოძრაობის" შიგნითაა და მას მიშა იყენებს პარტიაზე კონტროლის დასაბრუნებლად. მაგრამ, ვიმეორებ, ემოციის ბუნება იგივეა, კონკრეტულად ვინაა მისი გამხმოვანებელი, მეორეხარისხოვანია.

 

ირონიულია, რომ კონკრეტული სამიზნე ერთი და იგივე ადამიანი, გიგა ბოკერიაა. ალბათ ბევრს ახსოვს, რომ როდესაც 2007 წლის მოვლენების ტალღაზე „ნაცმოძრაობამ" საშველად ამერიკელ კონსულტანტებს მოუხმო, მათი პირველი რეკომენდაცია იყო, ეს კაცი ტელეეკრანებს მოაცილეთო, რადგან ის „ხალხს აღიზიანებს". რატომღაც (თუ რატომ, ფსიქოლოგებმა ახსნან), სწორედ გიგა აღმოჩნდა ის კაცი, რომელიც ხალხის თვალში ელიტის („სვეტების") ქედმაღლობას განასახიერებს. „ქედმაღლობა" კი, თავის მხრივ, ძირითადი პრობლემა იყო, რაც „ნაცმოძრაობას" პიარის კუთხით ჰქონდა. (მაშინ ეს ქედმაღლობა განსაკუთრებით აუტანელი იყო იმათთის, ვისაც საკუთარი თავი მიაჩნდა ნამდვილ ელიტად).

 

დღეს გიგა ზუსტად იმავე როლში აღმოჩნდა, ოღონდ უკვე საკუთარი პარტიის ამომრჩევლების თვალში. (ის, რომ მასთან ერთად, თუ არა მასზე უფრო, თამარ ჩერგოლეიშვილია ამ როლში, ამ საქმის კომიკური მხარეა: ზოგი ადამიანი facebook-ს და რეალურ სამყაროს ვეღარ არჩევს ერთმანეთისგან. ესეც გლობალური მოვლენაა).

 

სამართლიანია ეს კონკრეტულად გიგას მიმართ? რა თქმა უნდა, არა. ან, შესაძლოა, რაღაც ზომით, კი (ვინ ვართ ქედმაღლობისგან სრულებით თავისუფალი?). მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მასობრივ პოლიტიკას თავისი კანონები აქვს, რომლებიც ხანდახან ფიზიკის კანონებს ჰგავს", - წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი