logo_geo
მაკა რაზმაძე: ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს...
- +

4 ნოემბერი. 2017. 02:03


 

„როცა ადამიანების ჯგუფი ამბობს, რომ წმინდა და მაღალი მიზნებისთვის იბრძვის - რაც უნდა მიუღებელი იყოს სხვა ადამიანებისთვის ის მიზანი, მაინც გარკვეულ პატივს სცემენ ამ ბრძოლას და მებრძოლებს. მაგრამ როცა ადამიანურ ზღვარს გადადის, ბრძოლის ხერხები უკვე აღარც მიზანს აქვს მნიშვნელობა და აღარც ამ ბრძოლის მანამდელ შედეგებს", - ამის შესახებ ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს.


„ძალიან ვწუხვარ, რომ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ და უკვე მერამდენედ ვხედავთ ძალიან სამწუხარო საქციელებს ზოგიერთი ადამიანის. როცა პირადად მე შემეხო პირდაპირ ეთერში ზღვარსგადასული ცინიზმი, მაშინ აქ უმეტესობამ მე დამაბრალა - მეტის ღირსი ხარ სტუმრად რომ მოგყავსო.

ტენდენცია ხომ ასეთია - ვისაც შეურაცხყოფას მიაყენებენ, იმის გაკიცხვა ბევრად იოლია. მისი ბრალია - ალანძღვინა თავი, მოაკვლევინა თავი, იმდენი ქნა, სანამ არ გადარია და არ შეეხო ხელით... იქნებ ესაა ჩვენი საზოგადოების პრობლემა და ამიტომაც ეძლევათ შემდეგ სტიმული იმ მოძალადეებს, რომ უარესად მოიქცნენ. საზოგადოებამ რომ გადახედოს საკუთარ პრიორიტეტებს, იქნებ აჯობოს ჟურნალისტების, რეიტინგული სტუმრების და სხვა ადამიანების დადანაშაულებას?

პირადად მე კი "ქართული მარშის" ლიდერებს და მის გულშემატკივრებს მივმართავ - აღარასდროს გავაკეთებ ამ თემაზე გადაცემებს. არც სტუმრად მოვიწვევ აღარასდროს არავის, სანამ იმ ახალგაზრდა გოგონებს ბოდიშს არ მოუხდით და სამუდამოდ არ შეწყდება ამ ტონში საუბარი ადამიანებთან თქვენი მხრიდან.

გადახედეთ საკუთარ ფასეულობებს და დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა - ესაა თქვენი ბრძოლის მიზანი? ისაა მიზანი, რომ თქვენზე სუსტებს აჯობოთ და მუდმივად შეურაცხყოფა მიაყენოთ ირგვლივ ყველას?

ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, რადგან გადაცემის სტუმრები ჩემთვის ძალიან ფასეული ადამიანები არიან განურჩევლად ყველა. უბრალოდ ვთვლი, რომ ახლა გაჩუმება და პრობლემის არ შემჩნევა ამორალურია", - წერს რაზმაძე. 


 

big_banner
არქივი