logo_geo
ზვიად ტომარაძე მედიას: სოლიდარულები როდიდან გახდით?
- +

7 ნოემბერი. 2017. 17:59



„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ჩემი პასუხი მედიას, რომ „ქართული მარშის" წევრებს აღარ მიიწვევენ ტელეეთერში!

 

პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ მე არ ვარ ორგანიზაცია „ქართული მარშის" წევრი. მე არასდროს მისაუბრია არაკორექტული ტერმინოლოგიით და არც სიძულვილის ენით, მაგრამ რამდენიმე ტელევიზიის გარდა, არც მე მიწვევდით თქვენს ეთერებში. უფრო მეტიც, 30-მდე კანონპროექტი მაქვს პარლამენტში წარდგენილი და ხშირად ისე აწყობდით ამ თემაზე განხილვებს გადაცემებსა და შოუებში, რომ კანონპროექტის ავტორს არც კი მიწვევდით. ზოგადად მეც და მაყურებლებსაც გვირჩევნია, ლანძღვა-გინების მაგივრად, ტელევიზიით ვისმინოთ არგუმენტირებული და კორექტული საუბარი, მაგრამ თქვენ და თქვენმა ე. წ. ლიბერალურმა იდეოლოგიამ იმდენი „მოახერხეთ", რომ უკვე საზოგადოების დიდი ნაწილი აგრესიულ ტონს და ლექსიკას უფრო მიესალმება, ვიდრე დახვეწილსა და მშვიდ საუბარს. ევროპაშიც იგივე პროცესები მიმდინარეობს და სწორედ ამის შედეგია ნაციონალიზმის გამოღვიძება ავსტრიაში, გერმანიაში, უნგრეთში და სხვაგან. რადგან დღეს აგრესიული ლიბერალიზმი კაცობრიობის, ზნეობის და რელიგიის პირველი მტერი გახდა, რომელიც ილიას დროინდელი ლიბერალიზმისგან ისევე განსხვავდება, როგორც მტრედი და ყვავი. საქმე არაკორექტულად საუბარში კი არ არის, არამედ თქვენ არ გაწყობთ, თქვენს ეთერებში თანასწორად ისმოდეს ხმა, რომელიც წინააღმდეგია ამ კაცობრიობის მტერი იდეოლოგიის, რომელიც კეთილშობილური მიზნებით, ბავშვის, ქალის და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების დაცვის მიზნით ინიღბება.

 

თუ მოიწვევთ ვინმე ზნეობის დამცველ კონსერვატორს გადაცემაში, ხშირად მოწვეული სტუმრების, ან ჩართვების დროს, ან დარბაზში წარმომადგენლობის შემთხვევაში ბალანსი მუდამ დარღვეულია, რადგან გსურთ, საზოგადოებაში შექმნათ იმის განცდა, რომ ჩვენ უმცირესობაში ვართ. უმრავლეს შემთხვევაში შესავალს (გადაცემის ქუდს) ისე მიკერძოებულად გააკეთებთ ხოლმე, რომ სიტყვა „მიკერძოება" თქვენს მაგივრად წითლდება! იმაზე აღარაფერს ვლაპარაკობ, ხშირად წამყვანი რომ მხარედ გვევლინება, სტუმრებს შორის დროის განაწილების, საუბრის შეწყვეტის შემთხვევებში. ყოველივე ამის შემდეგ თქვენ გაქვთ იმის უფლება, ვინმეს, თუნდაც „ქართული მარშის" ყველაზე არაკორექტულად მოსაუბრეს ასწავლოთ თანასწორობა? შემწყნარებლობა (თქვენს ენაზე ტოლერანტობა)? ან სამართლიანობა?

 

2016 წელს, ჩემს მიერ მომზადებული კანონპროექტი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ", რომელიც პარლამენტში სოსო ჯაჭვლიანმა გაიტანა, ხომ გახსოვთ, რას ამბობდით მაშინ? ღმერთის, რელიგიის და პატრიარქის შეურაცხყოფა, ეს არის სიტყვის თავისუფლება და ამის გამო არავინ არ უნდა დაისაჯოსო!!! რა, ასე არ ამბობდით? აბა, ახლა რატომ სჯით სხვას სიძულვილის ენით საუბრის ან თუნდაც ლგბტ-პირების მიმართ არაკორექტული მოხსენიების გამო?

 

და ბოლოს, სოლიდარულები როდიდან გახდით? 2013 წლის 18 იანვარს ჟურნალისტები - დავით ქაცარავა და სალომე გოგიაშვილი „იმედის" დილის გადაცემიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ელტონ ჯონზე იხუმრეს. „მე ნამდვილად არ მშურს ამ ბავშვების, ვინაიდან, როცა გაიზრდებიან, მათ ორი მამა ეყოლებათ". აი, ამ ფრაზების გამო ადამიანებს სამსახური დაატოვებინეს და მე არ მახსენდება მაშინ თქვენი სოლიდარობა ამ ჟურნალისტების მიმართ!" - წერს ტომარაძე. 


 

big_banner
არქივი