logo_geo
ნათია მიქიაშვილი: არ დაგეზაროთ და წაიკითხეთ, გთხოვთ: ეხება ყველაფერს და ყველას...
- +

14 დეკემბერი. 2016. 12:17


 

„არ დაგეზაროთ და წაიკითხეთ, გთხოვთ: ეხება ყველაფერს და ყველას..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნათია მიქიაშვილი წერს.

 

„არავინ არ ვარ, ვგულისხმობ - აღარ ვარ ჟურნალისტი და შესაბამისად, აღარც რომელიმე ჩინოვნიკისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის მატარებელი, სწორედ ამიტომ ვყვები ამ ამბავს...

 

ვარ რიგითი რაჭველი. აუცილებლად უნდა წავსულიყავი შაბათს რაჭაში. ვიფიქრე, უცებ ავირბენ და ჩამოვირბენ-თქო (ასე ვაკეთებ ხოლმე). დავრეკე, მითხრეს, რომ გზებზე ძალიან კარგი მდგომარეობააო და წავედი.

 

რაჭა ძალიან მიყვარს და ისე მიხაროდა, რომ მივდიოდი, საბურავებზე შეხედვაც კი დამავიწყდა... დიდი თოვლის და თოვის მიუხედავად, ტყიბულამდე ორი უღელტეხილი უპრობლემოდ გადავიარე. გზაში მაშველები შემხვდნენ, ოღონდ საშველი სხვა იყო, დახმარება შევთავაზე, უარი მითხრეს, თქვენ იარეთ მშვიდობით და ამას მოვერევითო...

 

დავადექი ნაქერალას - მხედველობა თითქმის არ იყო, ძალიან თოვდა, ცა და დედამიწა გაერთიანებული დამხვდა, სათვალე გავიკეთე და გზის კონტურები მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა. არ გამჭირვებია, უღელტეხილი მშვიდად გავიარე... დათოვლილი შაორი ულამაზესი იყო... გავიარე ნიკორწმინდა და სოფლის გასასვლელში ბოლო მოსახვევში საშინელი შეცდომა დავუშვი - უკვე დაღმართი იყო დაწყებული, მეორედან პირველში გადავრთე, რამაც მუხრუჭის ეფექტი გამოიწვია და მოვსრიალდი...

 

არ ვიცი, რამდენი წამი გაგრძელდა მარჯვენა მხრიდან თვალებდაჭყეტილი პირღია თეთრ უფსკრულზე ფიქრი, მაგრამ ერთადერთი, რაც თავში ტრიალდება, იყო „ტორმუზი არა, ტორმუზი არაა". აბსოლუტურად ქმედუუნარო ვიყავი და მარტო ორი პაწაწინა შეშინებული სახე მედგა თვალწინ. ალბათ, მაგიტომაც მარცხენა მხარეს ისევ ღობეზე შესკდომა აირჩია ავტომ, მე არავინ შემეკითხა... თოვლმა ბალიშის ფუნქცია შეასრულა, მანქანა ძალიან არ დაზიანებულა, მაგრამ, ვიღაც კეთილი რაჭველი ღობის გარეშე დავტოვე... ორი მარჯვენა საბურავი ჰაერში ტრიალებდა, დედაჩემი გაოცებული იყურებოდა, ნანა არ აპირებდა წამოსვლას, მაგრამ მარტო გასაშვებად შევეცოდე და ბოლო წამს ჩამიხტა მანქანაში. თავისი მუნჯურით, რამდენადაც შეძლო, გამაგებინა, რომ თოვლის ნახვა უნდოდა... ასე რომ, ჩემი მფარველი ანგელოზი ტყუილად არ დავარქვი...

 

პირველმა შოკმა მალე გადაირია, მოგროვდა გარშემო უამრავი ადამიანი, რომელიც მანამდე თვალით არ მენახა, მთელი გზა მარტო მოვდიოდი და ვერ მივხვდი, ეს ხალხი ასე უცებ საიდან გაჩნდა. ვიღაც ბიჭებმა ტროსი მოიტანეს. ჩემი მანქანის საჭესთან ასე უცებ თოვლიდან ამოსული მამაო დაჯდა. სხვა გამვლელმა ავტომ ჩამიბა და გზაზე დამაყენეს. ამბროლაურამდე ვიდრე ჩახვალ, ბოლო მოსახვევი დაღმართში თვალებდახუჭულმა ჩავიარე. ჩავედი.

 

მერე ჯიუტი თხასავით მოვიქეცი და სოფლამდე ასვლა გადავწყვიტე, მაგრამ პირველივე მოსახვევში ისევ ჩავრჩი. აქ უკვე ჩემი კეთილი ვახო გაჩნდა (სხვა დროს მოგიყვებით, ვინ არის კეთილი საკეციელი ვახო) და ბიჭებთან ერთად ამოიყვანა ხელით მანქანა, რომელიც იქვე საკეციაში დავტოვე და წამომიყვანეს ამბროლაურში. ნათესავების შეწუხება არ მინდოდა შუა ღამეს და ამიტომ ცენტრში მდებარე სასტუმროში გავჩერდი, ფასი: 40 ლარი - საუზმეც შედის. ცენტრალურ გათბობას ვერ რთავენ, რადგან ნომრები არ არის დატვირთული და ხარჯს ვეღარ ისტუმრებენ. დედაჩემი რომ ნახეს, სხვისთვის დაჯავშნული, უკვე „პლიტებით" გამთბარ ოთახში შემიშვეს (ბოდიშს გიხდით მათ, ვისაც ჩემს გამო ცივ ოთახში დაძინება მოუწია, მაგრამ მითხრეს, რომ ორი ბიჭია და არა უშავს - კაცები არიანო). უკვე გვიანი იყო. სულზე მივუსწარით სასტუმროს წინ მდებარე პაწაწინა ტავერნას (ასე ჰქვია), ჩქარა-ჩქარა უგემრიელესი კერძები გაგვიმზადეს, დაგვაპურეს, ჩაი დაგვალევინეს და სულ 20 ლარი გამოგვართვეს.  გარეთ გამოსულები მივხვდით, რომ დედაჩემს არ ჰქონდა წამლები წამოღებული, რომელიც მისთვის ყოველდღიურად არის აუცილებელი, რადგან კრუნჩხვა დაეწყება, თუ არ დალია... გარშემო ყველაფერი დაკეტილი იყო. ერთადერთი 24-საათიანი აფთიაქი ამბროლაურის ფონზე შორს, ბინებისკენ არის და გადავწყვიტე, ფეხით წავსულიწავი, ნანამ, რა თქმა უნდა, მარტო არ გამიშვა და წამომყვა.

 

არ ვიცი, პოლიციის ყურადღება რატომ მივიქციეთ (ალბათ სიცივეში, ღამე, თოვაში, ამბროლაურში ხალვათად ჩაცმული ორი ქალი უცნაურია), მაგრამ გაგვიჩერეს და გვკითხეს, რამე ხომ არ გიჭირთო. ვუთხარი, არაფერი-თქო, აფთიაქში მივდივარ დედის წამალზე-თქო. წაგვიყვანეს აფთიაქამდე და დაგვაბრუნეს სასტუმროში, სახელები ვკითხე - რა მნიშვნელობა აქვსო. ერთი ის მითხრეს, რომ ერთი გლეხი და მეორე თავადი იყო ( ნინო გიორგობიანი, თეა პერტაია - თუ რთული არ იქნება, იქნებ მადლობა ვუთხრა ადამიანების დახმარებისთვის იმ პოლიციელებს, შაბათს, 10 დეკემბერს, ღამე ვინც პატრულირებდა, ოღონდ პატრული იყო თუ არა, ზუსტად არ ვიცი, არ თქვათ, რომ ეს მათი მოვალეობაა, შეეძლოთ, გვერდი აევლოთ).

 

მერე დაიწყო მთავარი: ჯაჭვების ძებნა რაჭაში, რომელიც უბრალოდ არ არსებობს, ჩემი ზომა საბურავები (17) იქ არავის აქვს, მაღაზიაში არ იყიდება არც ამ ზომის საბურავები, არადა, ვიცი, რომ გამორიცხულია ჩემი კიდევ იქ დარჩენა, შვილები მელოდებიან, დემეს სიცხე აქვს... „თეგეტაში" დავრეკე, დილერი არ ჰყავთ, ვინც საბურავებს ამბროლაურში წამოიღებს, როგორ წამოვიდე? მთელი ღამე სიზმარში უფსკრულში მივფრინავდი, პანიკის შეტევა დამეწყო და მივხვდი, რომ საჭესთან ამ საბურავების პირობებში ვეღარ დავჯდებოდი...

 

ყველას დავურეკე, ვისაც ვიცნობდი და არ ვიცნობდი... ბოდიშებით და შველას ვეხვეწებოდი, რიგითი რაჭველის გადარჩენის ღონისძიების დაგეგმვაში მონაწილეობდნენ: გარემოს დაცვის ინსპექცია, სამაშველო სამსახური, ადგილობრივი პოლიცია, ბევრი კეთილი ადამიანი და ვახო, მქონდა საშუალება, მედევნებინა თვალი, თუ როგორ რეაგირებდნენ ეს ბიჭები დახმარების თხოვნის ზარებზე... 30 წუთში 12 ზარი იყო... ბედის ანაბარა არავინ დაუტოვებიათ.. იმ დღეს ყველა მაშველი იყო.. ჯაჭვებს ვერ ვშოულობდით და ჩემი საბურავებით წამოსვლა პირდაპირ ნიშნავდა ავტოსაგზაო შემთხვევისთვის თავის გაწირვას. საჭესთან დაჯდომის მეშინოდა.

 

სამაშველოს ამბროლაურის სამხარეოს უფროსმა სოსომ (გვარი არ ვიცი) საკუთარ ავტომობილს მოხსნა ჯაჭვები, ჩემსას გაუკეთეს ბიჭებმა - ყველაზე მაგარი მაშველი მძღოლი ვაჟა დასვეს ჩემს მანქანაზე, მაგრამ ორი უკანა საბურავი მაინც საფრთხეს ქმნიდა და უღელტეხილებით წამოსვლას, ქუთაისში, ამბროლაურიდან შემოვლითი, ძველი სამხედრო, სვანეთის გზით წასვლა ვარჩიეთ, იქ ერთი პრობლემაა, არავინ დადის და რამე რომ გაგვჭირვებოდა, კაცი ვერ გაიგებდა. ტელეფონებიც ცუდად იჭერს. სამაშველოს ჩემს გასაცილებლად არ ეცალა... ადამიანები ჰყავდათ გადასარჩენი... ეს უკვე გარემოს დაცვის ინსპექციამ, ამბროლაურის სამხარეოს უფროსმა მალხაზმა (გვარი არ ვიცი) ითავა, რომელიც პოსტიდან პოსტამდე გვაცილებდა, არ დაიზარა და ჩემი და დედაჩემის უსაფრთხოებაზე იზრუნა. სასტუმროს Hotel Silovani მეპატრონემ, მეორე დღის საფასურის გამორთმევაზე კატეგორიული უარი განაცხადა... და ასე აღმოვჩნდით ქუთაისში. სადაც აღარც თოვლი იყო და აღარც ჩემი კეთილები რაჭუკუნები.

 

არაფერი... უბრალოდ მადლობის თქმა მინდა და იმისი, რომ ჯერ არაა ჩვენი საქმე წასული. ადამიანები ვართ.

 

ჰოდა, ოპტიმიზაციო... ასეთი ადამიანები ბევრნი უნდა იყვნენ, ზაფხულშიც ხან რომელი ჩაჩეხილი ტურისტი ამოჰყავთ ხევიდან, ხან რომელი „მოცურავე" - რიონიდან.

 

P.S. სახლში მისული დემეს და სანდროს რომ ჩავეხუტე, ყველა იმ ადამიანის სახეს ვხედავდი, ვინც მიშველა. მე თქვენი მეგობარი ვარ.

 

P.P.S. ხათუნა პაიჭაძე - ხათო ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ ყველაზე უღრან ტყეში, იმ სვანეთის გზაზეც კი, ორი გრეიდერი მუშაობდა", - წერს ნათია მიქიაშვილი.




 

big_banner
არქივი