logo_geo
გოგა ჩანადირი: თბილისი - ქალაქი, სადაც ქალს პატივს სცემენ
- +

27 ნოემბერი. 2017. 01:50



ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს.

 

„გადასაღებად სახლის ტელეფონზე დავურეკე. შეხვედრა ჭავჭავაძე-კეკელიძის კუთხეში, საკუთარ საცხოვრებელთან დამინიშნა.

5 წუთით ადრე მივედი და იქ დამხვდა.

მაღალი კაცი იყო. მხრებში ცოტა მოხრილი. თმაც და ულვაშიც ერთიანად თეთრი ჰქონდა. 90 წლისა მალე გახდებოდა. ხელში ცილინდრის ქუდი ეჭირა და ხანდახან მეორე ხელს ურტყამდა. ეს მეცნიერი კოტე ჩოლოყაშვილი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ სიარული უჭირდა, მელიქიშვილზე ჩასეირნება შემომთავაზა.

ქუდი დაიხურა, ხელები წელზე დაიწყო და ტაატით დაიძრა.

მან ძველქართულ საბრძოლო იარაღებზე დაიწყო საუბარი. როცა მელიქიშვილზე გავედით, ორი გოგონა დაინახა და ქუდის მოხდით თავი დაუკრა. 3-4 ნაბიჯზე ქალი გაუსწორდა, გაუღიმა და მასაც ასევე მოექცა. შანიძის კუთხემდე ცილინდრული ქუდი იმდენჯერ მოიხადა, რამდენჯერაც ქალი შემოგვხვდა.

უკან დავბრუნდეთო, მითხრა და ვიდრე პირვანდელ ადგილს არ მივუახლოვდით, ქალებს ქუდის მოხდით თავს კვლავ უხრიდა.

როცა ბატონმა კოტემ მომხედა, ეტყობა, გაკვირვება შემამჩნია.

- ეგრე ნუ მიყურებთ ყმაწვილო. თბილისში ქალს ყოველთვის პატივს სცემდნენ. ეს ჩვენი ქალაქის წესია - მითხრა ბატონმა კოტემ. მეზობელმა ქალმა რომ ჩაურა, ქუდი ისევ მოიხადა და თავი მდაბლად დაუკრა.

#თბილისი

ქალაქი, სადაც ქალს პატივს სცემენ", - წერს გოგა ჩანადირი.








 

big_banner
არქივი