logo_geo
დარეჯან ლიპარტელიანი: ძალიან პატარას დამაწვა მძიმე ლოდად ტკივილი, რომელიც არასდროს არ რჩება...
- +

2 დეკემბერი. 2017. 21:26



ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:



„ექვსნი ვიყავით, 4 და და 2 ძმა...

 

საშუალოდ შეძლებულები ვიყავით, არასდროს გვილხინდა, მაგრამ არც გვიჭირდა... ვშრომობდით, ვსწავლობდით... ოჯახის წევრები, და-ძმანი ერთმანეთს, უზომოდ დიდ პატივს ვცემდით... განსაკუთრებული პატივისცემა გვქონდა მშობლების მიმართ...

 

მამა ჩვენს სწავლა-განათლებაზე ზრუნავდა და ყველა გაკვეთილს, მაგალითად, - პირადად ჩემგან იბარებდა... ყველა მშობელთა კრებაზე სკოლაში, მამა დადიოდა... დედა საოჯახო საქმეებს განაგებდა... ის ძირითადად, ჩვენს კვებასა და ჩაცმა-დახურვაზე, აღზრდასა და სულიერებაზე ზრუნავდა... საუცხოოდ მღეროდა და ხშირად ერთად ვმღეროდით ხოლმე ყველა... ძალიან სათნო, მშვიდი და გაწონასწორებული, ყველასთვის სამაგალითო და მისაბაძი ადამიანი იყო... მამა, ძალიან მკაცრი იყო და არ არსებობდა, უბრალო არასწორი საქციელიც კი, მას რეაგირების გარეშე გაეტარებია, ყველა ქმედებაზე კონკრეტულ პასუხს ითხოვდა... მამას დამსახურებაა სწორედ ის, რომ ყველა ჩემი დედმამისშვილი, ჩემი ჩათვლით, პასუხისმგებლობის გრძნობით ვართ დაჯილდოვებულნი და ეს, მართლა სწორი აღზრდის შედეგია... მადლობა ჩემს მშობლებს ამისთვის...ერთმანეთის უზომო სიყვარული, ურთიერთგატანა და კეთილშობილება, გაჭირვებულისთვის ხელის გამართვა, ეს კეთილი თვისებები, დედისგან გვერგო მემკვიდრეობით და არ გადავაჭარბებ და ვიტყვი, რომ იმ უბანში სადაც ჩვენ გავიზარდეთ, ხონის რაიონში, ჩემს მშობლებს ყველა შენატროდა, - ექვსივე შვილი ერთმანეთზე უკეთესები, წესიერები, ნიჭიერები და ლამაზები ჰყავთო...

 

მართლა, ყველა შენატროდა ჩვენს ოჯახს მანამ, სანამ ერთმა გარეწარმა და ნაძირალამ ჩემს მშობლებს დღის სინათლე ძალად არ ჩაუქრო... ჩემი უფროსი ძმა, 32 წლის ულამაზესი ვაჟკაცი, 3 შვილი მამა მოკლეს!...

 

მაშინ, მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი... ძალიან პატარას და ახალგაზრდას დამაწვა მძიმე ლოდად ტკივილი, რომელიც არასდროს არ რჩება... მას შემდეგ, მთელი ცხოვრება, ყველა ვერაგულ მკვლელობაზე ჩემი ოჯახის უბედურება და ძმის მკვლელობა მიცოცხლდება ხოლმე თვალწინ... გუშინ მომხდარმა ტრაგედიამ, ხორავას ქუჩაზე, კიდევ ერთხელ გამიხსნა ჩემი მოუშუშებელი, ტკივილიანი იარა და საბოლოოდ, ერთ რამეში დავრწმუნდი...

 

მომხდარი ტრაგედიის მთავარი ავტორები ის მშობლები არიან, ვინც ორი ბიჭის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გარეწარი გაზარდა... ვერავინ დამაჯერებს, რომ სითბოსა და სიყვარულში გაზრდილმა შვილმა, ორი თანატოლი ბიჭი სადისტურად მოკლა... ვერც იმას დამაჯერებს ვინმე, რომ „რა კარგ მშობლებს, რა ცუდი შვილი გამოადგათ"... ოჯახში, სადაც სითბო და სიყვარულია გამეფებული, კარგი ადამიანებიც იზრდებიან, ხოლო იქ სადაც სიძულვილი და ბოროტება მძვინვარებს, მკვლელები იზრდებიან!...

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საზოგადოებამ, წესით და რიგით, მკვლელის მშობლების ფსიქოლოგიური მონაცემების გასაჯაროება უნდა მოითხოვოს და ასევე... მათ, მომხდარ ტრაგედიაში, მორალური პასუხისმგებლობაც უნდა დააკისროს..

 

მოკლედ, საზოგადოებამ ხმა უნდა აიმაღლოს მომხდარ სისასტიკეზე და თავის წილი პასუხისმგებლობა, საკუთარ თავზეც უნდა აიღოს.... ბევრი რამ, ჩვენი გულგრილობის დამსახურებაც არის!" - წერს ლიპარტელიანი.









 

big_banner
არქივი