logo_geo
ლალი მოროშკინა: გამოვასწოროთ ჩვენი თაობის შეცდომები და დავიწყოთ შენება, თორემ გადავშენდებით!
- +

4 დეკემბერი. 2017. 13:37


 

„ჩვენი თაობის გამოსასწორებელია ჩვენივე დაშვებული შეცდომები! მხოლოდ საყოველთაო შერიგება გადაარჩენს საქართველოს! მორატორიუმი და შერიგება!" - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლალი მოროშკინა და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:



„ჩემი სკოლა #51!

ჩემი ვერა...

 

რამდენჯერ უჩხუბიათ ჩვენს ბიჭებს სკოლის წინ... გოგონები პირველი სართულის ფანჯრებიდან ვხტებოდით, რომ გაგვეშველებინა დაპირისპირებული, გაშლეგებული ყმაწვილები.

 

- თხებო, საიდან ხტებით? - გვიყვიროდნენ მასწავლებლები, მაგრამ მიზანი ამართლებდა სკოლაში დასატუქსად გამოძახებული მშობლების პერსპექტივას.

 

მერე დანებს ვინახავდით მოსული უბნის ინსპექტორისგან და ვიცოდით, რომ საღამოს ეს ჩხუბი ვერის ბაღში გადაინაცვლებდა... მერე ჩუმად, ვითომც არაფერი, კიროვის ბაღში ვიკრიბებოდით და თვალყურს ვადევნებდით, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები გვიყვიროდნენ - აქ გოგოების ადგილი არ არისო... - და მაინც რიდი სძლევდათ.

 

თუ ვხვდებოდით, რომ სიტუაცია უკონტროლოა, მშობლებს ვეუბნებოდით...

 

და მაინც, ქუჩამ წაგვართვა ბიჭები... მერე ომები...

 

ახლა მივიხედ-მოვიხედეთ და სადღა ვართ?

 

მხოლოდ სასაფლაოს ჯვრები, მეტადონის პროგრამაში ზომბები და ერთი-ორი თავის თავში ახლართული მამრი...

 

...მერე იტყვიან, სად არის ვერა-ვაკე-საბურთალოო?

- სად არის და მიწის ქვეშ!

 

და მათი ადგილი ღიპიანმა, მელოტმა, თეძოგამოგდებულმა მედროვეებმა დაიჭირეს, რომლებიც, სანამ ჩვენ ბიჭებს ვასაფლავებდით, დუბაიში ვაჭრობდნენ და თბილისს ეპარებოდნენ...

 

ჩვენი თაობის გამოსასწორებელია ჩვენივე დაშვებული შეცდომები!

მხოლოდ საყოველთაო შერიგება გადაარჩენს საქართველოს!

მორატორიუმი და შერიგება!

ჩვენი შვილების გულისთვის, ყველამ გადავდგათ ერთი ნაბიჯი უკან და გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი!

მოვუხადოთ ბოდიში ერთმანეთს, რომ ქვეყანა გადაგვარების გზაზე დავაყენეთ!

მორატორიუმი სიძულვილის ნთხევაზე, დაპირისპირებაზე მედიაში, ლანძღვა-გინებაზე....

ჩვენ შვილებს ვკარგავთ და ამას ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებიც უყურებენ!

მათაც უჩნდებათ შეკითხვა:

- ერთმანეთს არ ინდობენ და ჩვენ რას გვიზამენ?

არადა, რუსეთთან საბოლოოდ გაუმძაფრდათ მდგომარეობა...

გამოვასწოროთ ჩვენი თაობის შეცდომები და დავიწყოთ შენება, თორემ გადავშენდებით!

 

P.S. ჩემით დავიწყებ და მოგიტევებთ, რამდენ ტალახსაც მესვრით ზოგიერთები... და ბედი თქვენი, ეს მორატორიუმი დიდხანს გაგრძელდეს!" - წერს ლალი მოროშკინა.










 

big_banner
არქივი