logo_geo
მერაბ მეტრეველი: საკმარისია, ქვეყანაში რაიმე ტრაგედია მოხდეს, „ნაციონალები“ ეგრევე ატეხენ წიოკს...
- +

4 დეკემბერი. 2017. 14:00



ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტს ეხმიანება და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„საკმარისია, ქვეყანაში რაიმე ტრაგედია მოხდეს, „ნაციონალები" და მათი მხარდამჭერები ეგრევე ატეხენ წიოკს, ყველაფერი თქვენი ბრალია, ვინც „ნაციონალებს" ებრძოდით, მათი პოლიტიკა რომ გაგრძელებულიყო, ეს არ მოხდებოდაო. როგორ არ მოგბეზრდათ პოლიციური სახელმწიფოს გაპრავება?! მარტივად შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკა, რამდენი მკვლელობა ხდებოდა წელიწადში იმ ცხრა წლის განმავლობაში, ან რამდენი დანაშაული არასრულწლოვანების მიერ და შეადაროთ, ახლა რა ხდება. ფაქტობრივად განსხვავება არ არის, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ რეპრესიული პოლიტიკა, პოლიციური სახელმწიფო და ნულოვანი ტოლერანტობა გამოსავალი არ არის. ასეთი ტრაგედიები ყოველთვის ხდებოდა და სამწუხაროდ, ალბათ სულ მოხდება (აქვე დავდებ მხოლოდ 2011 წელს არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის ჩამონათვალს). ამაზრზენია უკვე, ყველაფრის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გამოყენება.

 

„2011 წლის 31 იანვარი. პოლიციის თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული ვასილ ამირაშვილი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი იუწყება, ამირაშვილმა 26 იანვარს მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მდებარე წმიდა გიორგის ეკლესიასთან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანის გამოყენებით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს - 1986 წელს დაბადებულ ანდრო პილპილაშვილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პილპილაშვილი ადგილზე გარდაიცვალა".

 

„2011 წლის 21 თებერვალი. სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ბრალდებული ჯონი იასაღაშვილი დააკავეს, რომელიც 16 წლის ევგენია ანდუაშვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. 16 წლის ევგენია ადუაშვილის ცხედარს სამართალდამცველებმა დმანისის ერთ-ერთ მიტოვებულ საწარმოში საკანალიზაციო ჭაში მიაკვლიეს. ადუაშვილს შეყვარებულმა (მკვლელმა) მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე ყელი გამოსჭრა, შემდეგ ბენზინი გადაასხა და დაწვა. მოგვიანებით კი ცხედარი ორმოში ჩააგდო".

 

„2011 წლის 26 აგვისტო. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული 16 წლის არასრულწლოვანი დააკავეს. შსს-ის ცნობით, არასრულწლოვანმა 2011 წლის 22 აგვისტოს, დანის გამოყენებით, მეგობრის მამას გულმკერდის არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა. რის შედეგადაც დაჭრილი გარდაიცვალა".

 

2011 წლის 1 ნოემბერი. მოზარდებს შორის ქართული ენის გაკვეთილზე დაწყებული კონფლიქტი სისხლიანი გარჩევით დასრულდა. აბაშიძის №36-ში ერთმანეთს 55-ე სკოლის 30-მდე მოსწავლე დაუპირისპირდა. 16 წლის ბიჭს ჩხუბის დროს ე.წ. სპიცი კისრის არეში გაუყარეს და ორჯერ - გულში.

 

სისხლიანი გარჩევის მიზეზად ბიჭებს შორის ორი წლის წინანდელ დაპირისპირებას ასახელებენ. არასრულწლოვანის კლასელები კი ამბობენ, რომ ინციდენტი ბიჭებს შორის მათივე სკოლელი გოგოს გამო მოხდა. ამ ვერსიაზე მუშაობს გამოძიებაც. დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მას ორი გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმებმა ბიჭის გადარჩენა შეძლეს.

 

აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში ბრალდებული მოზარდი სამართალდამცველებს ჩაბარდა. ის პოლიციაში თავად გამოცხადდა.

 

შსს-ის ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვანია და ის დაჭრილი ბიჭის პარალელურ კლასში სწავლობს. მას ბრალი მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, თუმცა რაკი ის არასრულწლოვანია, გამოძიება მის ასაკს გაითვალისწინებს და, კანონის შესაბამისად, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, სავარაუდოდ, 7 წლამდე პატიმრობას მიუსჯიან", - წერს მეტრეველი.











 

big_banner
არქივი