logo_geo
ირინა სარიშვილი: არავის ვაპატიებ გიორგის დატანჯულ ცხოვრებას, ასეთ დასასრულს...
- +

16 დეკემბერი. 2016. 15:20




პარტია „იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:


„ის ჩავაცვი, რაც გამოყვანისას უნდა სცმოდა.

დავტოვე ოქროყანაში, სადაც ჩემი დედ-მამის საფლავია, მამაჩემის გულზე.

ამას იმიტომ ვწერ, რომ ბევრი ატირდეს ჩემთან, ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

ბევრმა მინდა იტიროს.

ამდენი ხანი მარტო იყო. ორი თვე ჰყავდა დედა და მეტი ვერ დაგვცალდა.

ამიტომ, მინდა, რომ დღეს ბევრი ატირდეს და მარტო არ იყოს.

ცოტა დრო გავა. გონზე მოვალ და ყველაფერს ვიტყვი.

არავის ვაპატიებ გიორგის დატანჯულ ცხოვრებას, ასეთ დასასრულს და ჩემი დანარჩენი სამი შვილის იმ ტანჯვას, რაც მათ ამ დღეებში გამოიარეს.

გიორგის ვეღარ ვუშველი, მაგრამ ეგებ სხვა გადავარჩინო", - წერს ირინა სარიშვილი.


შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ირინა სარიშვილმა მშობლებისგან საავადმყოფოში მიტოვებული ბიჭის შვილად აყვანასა და მის ტრაგიკულ აღსასრულთან დაკავშირებით პოსტი გაავრცელა.

„ორი თვის წინ ერთ ცეროდენა ბიჭს გადავეყარე საავადმყოფოში, მშობლებისგან მიტოვებულს. იწვა გაუნძრევლად, უხმოდ. ექიმებმა მითხრეს, აზრი არა აქვს, არაფერზე არ რეაგირებსო. ავიყვანე ხელში და გაახილა თავისი ლურჯი თვალები.  იმ წამს უკვე მივხვდი, რომ ჩემი მეოთხე შვილი მეჭირა ხელში.

 

მერე ნელ-ნელა ხმაც ამოიღო, ტრიალიც დაიწყო, ისე გავატუტუცე, რომ ხელში აყვანას მთხოვდა. მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, ვიცოდი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ სახლი, დედა და ძმები 10 თვის ნაწვალებ პატარას ფეხეზე დააყენებდნენ. ეს ორი თვე მე ოთხი შვილი მყავდა და ეს ჩემმა ახლო მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა იცოდნენ. გუშინ ოფიციალური ნებართვა ავიღე მიმღები მშობლის და ხვალ სახლში უნდა წამომეყვანა და ამის მერე ვაპირებდი გასაჯაროებას.

 

დღეს დილით გიორგი ცუდად გახდა და საოპერაციოდ შეიყვანეს. როგორც აღმოჩნდა, სულ სხვა რამ აწუხებდა და სხვა რამეს მკურნალობდნენ აქამდე.  ვერ გაუძლო გიორგის გულმა ოპერაციას და გაჩერდა.  არც აპარატზე შეერთებამ უშველა.

 

დაიღუპა გიორგი, ჩემი მეოთხე შვილი.

 

სოციალური სამსახურიდან სანამ მოვიდნენ, რეანიმაციაში ვიჯექი და ხელში მეჭირა ჩემი პაწაწუნა რიჟიკა.  მერე მითხრეს, მოვიდნენ უკვე, შენ ქვემოთ ჩადი და ჩამოიყვანენ ბავშვსო.

ჩავედი ქვემოთ.  უცებ ვხედავ ,ვიღაც ახმახ ტიპს გამოაქვს საავადმყოფოდან კარდონის გადასკოჩილი ყუთი და ორი პარკი, სადაც გიორგის ტანსაცმელები და პამპერსები იდო. რაღაც ინსტინქტით გიჟივით გავეკიდე ამ ტიპს და რა არის ამ ყუთში-მეთქი და გარდაცვლილი ბავშვიო.

აქამდე ვიბრძოდი, რომ ბავშვი სახლში დროზე წამომეყვანა და ვერ მოვასწარი. ახლა უნდა ვიბრძოლო, რომ ჩემი მეოთხე შვილი მე დავასაფლავო.  ძალიან არეული ვწერ. დავლაგდები რაღაც დროის მერე. უბრალოდ, რაღაცას ვერ ვიგებ და ვერსადროს ვერ გავიგებ.

შეიძლება შეგეშალოს დიაგნოზი,  შეიძლება კანონმდებლობამ შეგიშალოს ხელი, რომ დროულად გადაწყვიტო, რაც გადასაწყვეტია, მაგრამ კარდონის გადასკოჩილი ყუთით ბავშვის პროზექტურაში გადაყვანას ვერ გავიგებ ვერასდროს. ისევე, როგორც ვერ გავიგებ, რატომ შევხვდით მე და გიორგი ორი თვის წინ ერთმანეთს, რატომ ვიბრძოლეთ ამდენი და რატომ დამთავრდა ეს ყველაფერი ასე.  გიორგის ორი თვე უკვე ვყავდი მე, დედა, მაგრამ ვერ მოასწრო ძმების გაცნობა და სახლში მოსვლა და თუნდაც მცირე ხნით, მაგრამ ყველასთან ერთად სიცოცხლე.  ვერ გავიგებ, რატომ უნდა ვუყურებდეთ მე და ჩემი სამი შვილი დღეს მოტანილ საბავშვო ეტლს და ჩვილის სასწორს გაოგნებული და ენაჩავარდნილი და არ ვიცოდეთ, რა ვქნათ. რატომ?

 

ჯერ არ ვარ გონზე და ბოლომდე არ მჯერა, რა მოხდა", - წერდა სარიშვილი.






 

big_banner
არქივი