logo_geo
ზაირა მიქატაძე: წაუკითხავს, დაუხურავს და კიდეც გათავებულა... გული გახეთქვაზე მაქვს...
- +

16 დეკემბერი. 2017. 19:52


სამხედრო ფოტოგრაფი ზაირა მიქატაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მეორე დღეა, ვფიქრობდი, ხმამაღლა მეთქვა თუ არა, რადგანაც ისედაც გამძიმებთ ჩემი მძიმე-მძიმე ისტორიებით, მაგრამ ბოლოს მაინც თქმა ვარჩიე. ამ გაზაფხულზე ხარაგაულის სოფელ ჩხერიდან აფხაზეთის ომში დაღუპული 22 წლის მეომრის, გიორგი ლურსმანაშვილის დედამ დამირეკა და მთხოვა, მისთვის ჟურნალი „ვეტერანის" ყველა ახალგამოსული ნომერი გამეგზავნა. ცოტა მოგვიანებით, ქუთაისიდან ჩემი მეგობარი დათო ახრახაძე შემომეხმიანა და დედის სურვილი გამიმხილა: ნეტავ, ჩემს გიაზეც დაწერდესო. ქალბატონ მზიას დავპირდი, რომ ჩხერში ავიდოდი. შემოდგომამდე ვერ მოვახერხე ასვლა. დრო თვითონ გადამითვალა, ნოემბრის ბოლომდე ვერ გამოსცემ, შვილო, ცოტა რაღაცა მეც გამეგებაო და არ შეგაწუხებო. მხოლოდ ერთხელ შემახსენა თავი. ვუთხარი, რომ დღე-დღეზე დაიბეჭდებოდა. ამასობაში თურმე მწვავე ინფარქტი მიუღია. მე არაფერი ვიცოდი, ჟურნალი ისე გავუგზავნე. გუშინ შემატყობინეს, რომ სამი კვირა სიკვდილს ებრძოდა თურმე. რამდენიმე დღით მოუკეთებია, ნატრობდა, ღმერთმა ისე არ მომკლას, გიას სტატია არ წავიკითხოო. გუშინ აუტანიათ სოფელში ჟურნალი. თვითონვე წაუკითხავს, დაუხურავს, გვერდზე დაუდევს და კიდეც გათავებულა. რას მივაწერო არ ვიცი, მეორე დღეა, გული გახეთქვაზე მაქვს..." - წერს მიქატაძე.




















big_banner
არქივი