logo_geo
რუსუდან შარაძე: ამოიღეთ ხმა... გვეშინიაო - ვეღარ იტყვით!
- +

18 დეკემბერი. 2016. 22:30


 

აკადემიკოს გურამ შარაძის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მისი ქალიშვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„გნებავთ ზეწოლაში ჩამითვალეთ და გნებავთ, კისერიც მოგიტეხიათ. უბრალოდ, ისტორიამ უნდა იცოდეს მათი გვარ-სახელები, ვინც 100 %-ით იცის, რომ გურამ შარაძე ბარათელმა კი არა, სულ სხვებმა მოკლეს (საკუთარი თვალით ნახეს და იმიტომ!), თუმცა, თითს არ აქანებენ, რათა გამოძიებას დაეხმარონ. უარესი - ყველაზე დიდ არაკაცობას და არაქალობას სჩადიან: პროკურატურამ რომ მიაკითხა (რაც გამოძიება განახლდა, 2014 წლიდან დღემდე), ზოგმა  ოფიციალურ ჩვენებაში განაცხადა, რუსუდანისთვის და მისი ქმრისთვის მსგავსი რამ არ მითქვამსო, ერთ-ერთი კიდევ, მე დამადგა პირზე, როდის გითხარი რამეო. არადა, 2007 წლის ივლისში მაქვს მათი მოთხრობილი ,,ჩვენებები" პრესაში გამოქვეყნებული. რასაკვირველია, ვინაობის მითითების გარეშე.

 

კიდევ ვიცდი და მერე, ყველას დავასახელებ. უბრალოდ, იცოდეთ, ვინ არიან. ერთ-ერთს, ალბათ, რამხელა პრეტენზია აქვს, რომ  ისტორიაში ჩაეწერება...

 

 ღმერთმა იცის, რომ არამზადას რეჟიმის დროს, მათ ვინაობას  გულში ვინახავდი. 2012 წლის შემდეგ მოთმინებით ველოდებოდი, რომ გაუჩნდებოდათ სურვილი, მოეხადათ თავიანთი ადამიანური ვალი და დახმარებოდნენ გამოძიებას. 

 

ვისაც ვიცნობ (ან ჩემი ახლობლები იცნობენ) და 10 წლის წინ თქვეს საკუთარი თვალით ნანახი (ან მათი ახლობლების მონათხრობი), იმათზე მაქვს ლაპარაკი, თორემ გურამ შარაძის მკვლელობის მოწმეები ათეულობით არიან:

 

მელიქლიშვილზე, უშუალოდ, სროლის თვითმხილველები;

 

შანიძისა და მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლები და უბრალოდ, გამვლელები, რომლებმაც ნახეს სხვა მკვლელი და არა ბარათელი (საკონტროლო გასროლა ვინც შეასრულა);

 

მოწმეები არიან მაშინდელ ძალოვან სტრუქტურებში და ბოლოს, მკვლელობის მიმდებარე ტერიტორიაზე თავად ბარათელის მნახველები, რომელიც სულ სხვაგვარად იქცეოდა, ვიდრე ოფიციალურად იყო ნათქვამი.

 

ამოიღეთ ხმა. გვეშინიაო - ვეღარ იტყვით. რა ჰქვია ამას, თუ არა უპასუხისმგებლობა და ფეხებზემკიდიაობა. ადრე თუ გვიან,  ეს საქმე მაინც გაიხსნება და თქვენ შეგრცხვებათ. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვნგანი სხვისკენ იშვერს ხელს, ქვეყანა არ შენდებაო",- წერს შარაძე. 


 

big_banner
არქივი