logo_geo
თემურ გვალია: იმ მომენტში მნიშვნელობა არ ჰქონდა, არც მის პოლიტიკურ შეხედულებას, არც მის რეგალიებს და არც არაფერს...
- +

14 იანვარი. 2018. 20:51



მსახიობიო თემურ გვალია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ახლა მე და ჩემი მეუღლე სახლში ვბრუნდებოდით და ვხედავთ ფალიაშვილის 2 ნომერთან, შუა გზაზე დგას ხანში შესული მამაკაცი. ცალი ხელი გულზე აქვს მიდებული, ხოლო მეორე ხელს უენერგიოთ მიქნევს.. გავაჩერე და აკანკალებული ხმით მეუბნება: ცუდად ვარ, გთხოვთ სასწრაფოს გამოუძახეთ... გადავაყენე მანქანა, ჩავრთე ავარიულები, გადავედი და მანქანის უკანა სავარძელზე დავსვი... შეშინებული იყო.. სულ ცახცახებდა. ნუ გეშინიათ ვეუბნები, და თან სასწრაფოში ვრეკავ.. ჩაიწერეს და მითხრეს რომ უშვებენ მედ-ბრიგადას. სანამ სასწრაფო მოვიდოდა, ამ კაცს ვამშვიდებდი. თან ვამხნევებდი... ნუ გეშინიათ, სასწრაფო გზაშია და რამდენიმე წუთში მოვა... უცნობმა ამომხედა და წყლიანი თვალებით მადლობა გადამიხადა.. ძალიან ვინერვიულე. კინაღამ მეც ცუდად გავხდი... ვეკითხები: სად ცხოვრობთ? თუ სასწრაფო არ წაგიყვანთ მე მიგიყვანთ სახლში მეთქი. მპასუხობს არა, გმადლობ, მე ძალიან შორს ვცხოვრობო... სად შორს?-ვეკითხები. მორიდებულად მპასუხობს: გლდანში. მე ვეუბნები: მერე ეგ რა შორია, მე წაგიყვანთ, არ იდარდოთ მეთქი... თან ვეუბნებოდი: თუ შეძლებთ ასე ჩაახველეთ ხოლმე ხშირ-ხშირად, გულისთვის კარგია მეთქი. ისიც ბავშვივით მემორჩილებოდა და ასრულებდა თხოვნას... შიგადაშიგ ქოშინით, იმედიანი თვალებით ამომხედავდა ხოლმე.

სასწრაფოც მოვიდა.. დიდი მადლობა მათ მართლაც ასეთი სწრაფი რეაგირებისათვის.

გადაიყვანეს მანქანაში, დააწვინეს საკაცეზე, უცებ ჟანგბადის სახის ნიჟარა გაუკეთეს. პარალელურად წნევას უსინჯავდნენ. მე ამ ყველაფერს მანქანის გარედან ვუყურებდი, კარების მინიდან. შემდეგ მძღოლთან დავჯექი წინ და იქიდან ვაკვირდებოდი ინტელიგენტ, ეტყობოდა საუბარზე განათლებულ უცნობს. სასწრაფოს ექიმს ვეკითხები ხომ წაიყვანთ საავადმყოფოში? პასუხი: აუცილებლად. ისე მტკიცედ მითხრეს, რომ ეტყობა სერიოზულად ცუდად იყო პაციენტი. მამაკაცი ვერ მხედავდა მაგრამ ხელი აწია მადლობის ნიშნად და წამლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, თვალები დახუჭა... მე მადლობა გადავუხადე სასწრაფოს ეკიპაჟს და წამოვედი.

იმედია კარგად იქნება. მე ხვალვე გავიგებ მის ამბავს. გვარიც ვიცი და სახელიც, მაგრამ აქ არ ვწერ, რომ მის ოჯახს და ახლობლებს არ შეეშინდეთ... უფალმა გადაარჩინოს!

ამას იმიტომ არ ვწერ, რომ რამე განსაკუთრებული გავაკეთე. არა.... მე ისე მოვიქეცი, როგორც ყოველი თქვენთაგანი მოიქცეოდა...

უბრალოდ ახლა ვფიქრობ, იმ მომენტში ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა არც მის სახელ-გვარს, არც მის პოლიტიკურ შეხედულებას, არც მის ნაცხოვრებს, არც მის რეგალიებს და არც არაფერს, გარდა იმისა რომ ის იყო ადამიანი. იმ წუთებში გრძნობა მქონდა, რომ ის ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი იყო....

უფალს ვთხოვ გამოაჯანმრთელოს უცნობი და თან

ნაცნობი, შორებელი და თან ახლობელი, უბრალოდ ადამიანი, რომელიც დღეს შემთხვევით გავიცანი..." - წერს თემურ გვალია.









 

big_banner
არქივი