logo_geo
ცოტნე გამსახურდია: ერთი ჩემი უბნელი მახსენდება...
- +

23 იანვარი. 2018. 10:05


ცოტნე გამსახურდია facebook-გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

 

"რაც უფრო უმეცარი, გაუნათლებელი და გამოუცდელია ადამიანი, მით უფრო მეტად ჰგავს იგი ცხოველს - ამ სიტყვის უარესი მნიშვნელობით. ძნელია მის მიმართ რაიმენაირად პოზიტიური დამოკიდებულება გქონდეს... მით უფრო საზიზღარი და საძულველია, პირდაპირ რომ ვთქვათ! ალბათ ქრისტე, ბუდა, ფრანჩესკო ასიზელი ან ვინმე მსგავსი უნდა იყო, რომ ასეთების გულწრფელი სიყვარული შეგეძლოს. არ დამიწყოთ ახლა ბრძენ, მაგრამ უმეცარ გლეხებზე და კეთილშობილი ბუნების ქუჩაში გაზრდილ ბიჭებზე რიტორიკა, სხვა ადგილებისთვის შეინახეთ!

 

გავაგრძელოთ. რაც უფრო გაუნათლებელი და ბრიყვია ადამიანი, მით უფრო ადვილი სამართავია და უკეთ - მოსაწველი. თავად მას შეიძლება ეგონოს, რომ ვინმეს იყენებს ან ვინმეს რამეს სცინცლავს, მაგრამ საბოლოო ჯამში - ექსპლუატირებული და დაბეჩავებული თავად რჩება. ერთი ჩემი უბნელი მახსენდება ადრე, გაძვალტყავებული რომ მივიდა მის მეზობელ და ბავშვობის მეგობარ მილიონერთან 90-იანებში ქუჩაში და რომ მოგვიბრუნდა, კუპიურა დაგვანახა - ვაა, ხუთი ლარი ავახიეო...

 

ესე იგი, რა გამოდის საბოლოოდ:

რაც უფრო ბრიყვია ხალხი, მით უფრო კარგად გამოწურავ და გამოიყენებ; რაც უფრო ბრიყვია, მით უფრო საძულველია. და რაც მეტად გძულს, მით მეტად, შეუბრალებლად იყენებ, ხმარობ, ექსპლუატაციას უწევ, რაც გინდათ დაარქვით.

 

ჰოდა, სწორედ ამ ალგორითმით სარგებლობს აქ პოლიტიკური ჯგუფები, ეკლესია, ბიზნეს ელიტები: გძულს და იყენებ, იყენებ და გძულს, გძულს და იყენებ! ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკუთარ და შთამომავლობის მომავალს აქაურობას პრაქტიკულად, მათგან არავინ უკავშირებს: ფულიც დასავლურ ბანკებშია და შვილებიც იქ ცხოვრობენ და სწავლობენ.

 

თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ, გიხაროდენ, თუ ცოტა ძვირად გიყიდიან!

 

პ.ს. ეს ყველაფერი ფრენდის გვერდზე დაწერილ სტატუსზე გამახსენდა, სადაც ახალგაზრდა გოგონები ამართლებდნენ სარფიანად გათხოვება-გაყიდვას სრულიად ბრიყვული, ცალუჯრედიანი მსჯელობით. აბა, შენი სიყვარული ვიღას აინტერესებს? ან კი როგორი შესაყვარებლები არიან ესენი?" - წერს ცოტნე გამსახურდია.

 

 

 

big_banner
არქივი