logo_geo
ბესარიონ გუგუშვილი: იმ ერთ ღამეს უამრავი ადამიანი გახდა გმირი...
- +

21 დეკემბერი. 2016. 11:23




„იმ ერთ ღამეს უამრავი ადამიანი გახდა გმირი. იმ ღამეს უამრავი გახდა უფრო დიდი ვიდრე დედამ შობა. ბევრზე-ბევრმა აჯობა საკუთარ თავს, დაამარცხა სუსტი და ლაჩარი საკუთარ სულში", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზვიად გამსახურდიას მთავრობის პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი 1991 წლის 22 დეკემბერზე წერს.

 

„გმირები გახდნენ ის უზენაესი საბჭოს დეპუტატები - რომლებსაც არ შეეშინდათ და არ მიატოვეს თავისი პოსტი... გმირები გახდნენ ის მინისტრები, პრეფექტები, ქალაქებისა და სოფლების მერები და გამგებლები - რომლებსაც არ შეეშინდათ და არ დათმეს ლეგიტიმურობა...

 

სამუდამო გმირი გახდა მთავრობის სასახლის დამცველი ის ასობით თავმდაბალი მებრძოლი - რომელთა სახელი დღეს აღარავის ახსოვს. გმირები გახდნენ ის ათასობით უიარაღო, მაგრამ უსაზღვრო რწმენით აღჭურვილი ჩვეულებრივი, დღეს უსახელო ადამიანი - რომლებმაც ის ღამე მთავრობის სასახლის ეზოში, მისადგომებთან, დერეფნებში და ოთახებში თეთრად გაათიეს და თავისი იქ ყოფნით, თანადგომით ამხნევებდნენ მებრძოლებს...

 

მე კარგად მახსოვს იმ ღამის მებრძოლების, მათ შორის შავ ფორმიანი „ომონელების" თავმდაბალი, უშიშარი, გადაწყვეტილი თავგანწირვის ძალით დამშვიდებული სახეები... ისინი არ იცავდნენ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და თუნდაც ეროვნულ, ლეგიტიმურ ხელისუფლებას (როგორც ზოგს უნდა ახლა გაასაღოს): ისინი რესპუბლიკის პრეზიდენტის მეთაურობით იცავდნენ მართალ, კაცურ, ამაყ საქართველოს - თვითონ კაცები. ამიტომ - მუდამ გამარჯვებულები იქნებიან - იმის მიუხედავად, რომ ვერც სიცოცხლეში და ვერც მერე ვერ ეღირსებიან იმ დაფასებას, რომელიც მათ ერგებათ. და, დარწმუნებული ვარ - ამას არც ელოდებოდნენ, არც ელოდებიან და არც სჭირდებათ... ესაა სწორედ მათი თავგანწირვისა და გმირობის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი!

 

იმ ღამეს გმირი გახდა მთელი ქართველი ხალხი - რომელმაც არა სთქვა უარი საკუთარ არჩევანზე... გმირი გახდა ქართველობა ზოგადად - რომელიც ტყვიითა და სიკვდილით ვერ შეაშინეს და ვერ დააჩოქეს!" - წერს გუგუშვილი.




 

big_banner
არქივი