logo_geo
როგორ უნდა მოვემზადოთ 16 თებერვლის მზის დაბნელებისთვის
- +

13 თებერვალი. 2018. 12:03



ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში 16 თებერვლის მზის დაბნელების შესახებ წერს:


„მზის დაბნელებები ყველა დროში მომნუსხველად მოქმედებდა ადამიანებზე, ერთდროულად იწვევდა შიშსაც და აღფრთოვანებასაც.

ეს მოვლენა მაშინ ხდება, როდესაც მთვარე დედამიწასა და მზეს შორის მოექცევა ხოლმე და მთლიანად ან ნაწილობრივ ფარავს მზის დისკოს. წლის მანძილზე, როგორც წესი, არაერთ დაბნელებას აქვს ხოლმე ადგილი.

 

ამ წელიწადში მზის 3 დაბნელება გვექნება - თებერვალში, ივლისში და აგვისტოში. სამივე დაბნელება არასრული, ნაწილობრივია. თებერვლის დაბნელება 16 რიცხვში, თბილისის დროით ღამის 00:52 საათზე მერწყულის 28-ე°'ზე უწევს.

 

იქიდან გამომდინარე, რომ ეს ღამით ხდება, მზის დაბნელებას საქართველოს ტერიტორიიდან ვერ დავინახავთ. ეს კი თავის მხრივ, იმის მიმანიშნებელია, რომ ჩვენი ქვეყნის მცხოვრებთათვის ამ მოვლენის ზეგავლენა უკიდურესად მცირედ საგრძნობი იქნება. უმეტესობაზე კი საერთოდ არ იმოქმედებს.

 

თუმცა, ის ადამიანები, ვინც თებერვლის და აგვისტოს თვეში არიან დაბადებულები, ამ ეკლიფსის ზემოქმედების არეალში მაინც მოხვდებიან, ვინაიდან მათი მზე შეხებაში მოდის დაბნელების წერტილთან.

 

ეს დაბნელება მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს მათთვისაც, ვისაც მერწყულისა და ლომის ზოდიაქოს ნიშანში 25°-დან -30°-მდე ჰყავთ პირადი პლანეტები ან რუკის სხვა მნიშვნელოვანი წერტილები, ვინაიდან დაბნელებები დაძაბულ ენერგეტიკას წარმოქმნიან, ბევრს უჩნდება კითხვა - როგორი იქნება ბავშვის მომავალი, თუ ბუნებამ ინება და სწორედ ამ დღეს მოუვლინა სამყაროს?

 

მინდა, თქვენი ეჭვები გავფანტო და გითხრათ, რომ დაბნელებებზე საოცარი პიროვნებები იბადებიან. მათი უმეტესობა სხვადასხვა, გამორჩეული ნიჭითაა დაჯილდოებული. ამ ადამიანების ცხოვრება არასდროსაა ერთფეროვანი და მოსაწყენი.

 

დარწმუნებული ვარ, კარგად იცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ დაბნელებებზე ანუ ამ შემთხვევაში 15, 16 და 17 თებერვალს განსაკუთრებული პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ასაკოვანმა ადამიანებმა, აგრეთვე მათ, ვისაც გულის და სისხლძარღვების პრობლემები აწუხებთ. არარეკომენდებულია გეგმიური ქირურგიული ჩარევები, რაიმე ახლის წამოწყება, მათ შორის ახალი სამსახურის, ასევე არასასურველია მსხვილი შენაძენების გაკეთებაც. ეცადეთ, არ აჰყვეთ უარყოფით ემოციებს, ნუ გაბრაზდებით წვრილმანებზე. დაუთმეთ მეტი დრო ლოცვებს, მედიტაციებს, ან უბრალოდ წიგნი იკითხეთ და მშვიდ, სასიამოვნო ფილმს უყურეთ...

 

საინტერესოა, ვიცოდეთ, რომ მზის დაბნელებები ერთიანდებიან თავისებურ ციკლებში, რომლებსაც დაახლოებით 18-წლიანი ხანგრძლივობა აქვთ. ყველაფერი, რაც დაბნელების პერიოდში შეგემთხვევათ, ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ამ მომდევნო 18 წლის განმავლობაში. შეგიძლიათ ასევე შეეცადოთ და გაიხსენოთ, რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 18 წლის წინ და თუ მაშინ რაიმე ახალი და მნიშვნელოვანი საკითხი წამოიჭრა, სწორედ ის თემები ახლა ან თავიანთი ფინალისაკენ მიდიან, ან სრულიად ახალ ეტაპზე გადადიან.

 

მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, თვითონ მერწყულის 28-ე გრადუსის განმარტების გათვალისწინებაც. გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ასტროლოგის დეინ რედიარდის ინტერპრეტაციით, ეს გრადუსი იძლევა მინიშნებას წარმატებაზე, თუმცა არა ყველასათვის, არამედ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც აქამდე თავდაუზოგავად შრომობდა, ცოდნა და გამოცდილება დააგროვა, წინდახედულია და იცის სად გამოიჩინოს სიფრთხილე, თავშეკავება და სად ქმედება და მოხერხებულობა.

 

15 თებერვლის დაბნელება კოლექტიურ შემოქმედებასთან არის კავშირში, ისეთ აქტივობებთან, რომლებიც ნოვატორული იდეების წინ წამოწევას შეუწყობენ ხელს. მერწყული - ეს გახლავთ ტექნიკა, კოსმოსი. ამიტომ მე ვფიქრობ, შემთხვევითი არაა, რომ მთვარისა და მზის დაბნელებების შუალედში, რომლებიც სწორედ მერწყულის ნიშანში ხდებიან, მოხდა ისეთი არაჩვეულებრივი მოვლენა, როგორიც არის 6 თებერვალს ილონ მასკის მიერ მარსზე ზემძიმე კოსმოსური ხომალდის გაშვება, რომელშიც როგორც იცით, ავტომობილი „ტესლაა" ჩატვირთული...

 

ეს რაც შეეხებოდა ძალზე გლობალურ მასშტაბებს. ჩვენი ქვეყნისთვის კი სავარაუდოდ 16 თებერვლის მზის დაბნელება წამოჭრის საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებს, რადგან ეკლიპსის წერტილი საქართველოს ასტროლოგიური რუკის იმ მონაკვეთზე პროეცირდება, რომელიც ტრანსნაციონალურ საფინანსო კორპორაციებთან ქვეყნის ურთიერთობას განკარგავს. სავარაუდოდ რაღაც ახალ ხელშეკრულებების გაფორმების საჭიროება წამოიწევს წინ.

 

ინდივიდუალურ დონეზე კი ამ ეკლიფსის ზეგავლენა აისახება მეგობრულ ურთიერთობებზე, შესაძლებელია, რაღაც მოულოდნელი ან უჩვეულო ამბები მოხდეს, რამაც გაიძულოთ, რომ სრულიად ახლებურად შეხედოთ ცხოვრებას, და ეს იქნება ახალი ათვლის წერტილი ჩვენს ცხოვრებაში.

 

ეს დღე შესანიშნავია წარსულთან და უსიამოვნო მოგონებებთან გამოსათხოვებლად. როგორც ვთქვი, იწყება ახალი, 18-წლიანი ციკლი, რომელსაც ახალი ენერგიები მოაქვს. ამიტომ დაუნანებლად მოიშორეთ ყველაფერი, რაც უსარგებლოა ან რასაც თქვენთვის ზიანი მოაქვს. ეს ეხება როგორც ძველი ტანსაცმლით გადავსებულ კარადას, ისე უსარგებლო აზრებს თავში. თუ თქვენ მავნე ჩვევის მოშორებას ფიქრობთ, დაიწყეთ ამ დღიდან. თუ დიეტაზე აპირებთ დაჯდომას, რომ უფრო ლამაზები და ტანადები გახდეთ - საამისოდაც შესაფერისი დროა. გაერკვიეთ საკუთარ თავში და გადაწყვიტეთ, რისი ან ვისი დატოვება გსურთ თქვენს ცხოვრებაში, რა გაქვთ შესაცვლელი. და ეცადეთ, წარმოიდგინოთ თქვენი თავი მომავალში ისეთი, როგორსაც ნატრობთ - ჯანმრთელი, ბედნიერი, წარმატებული და ხალისიანი",- წერს ნოელი.











 

big_banner
არქივი