logo_geo
ირაკლი შონია: იცხოვრა ღირსეულად და ჩუმად წავიდა ამქვეყნიდან!
- +

13 თებერვალი. 2018. 12:51


 

„მინდა, გავიხსენო ეროვნული მოძრაობის ერთი რიგითი, მაგრამ ძალიან ღირსეული, უკეთილშობილესი ქალბატონი ლიგია ქურხული, რომელიც ყველა აქციაზე დადიოდა, განუყრელი შინდისფერი დროშით..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი შონია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ერთხელ შევესწარი, თუ როგორ გაოცებულები უყურებდნენ დოყლაპია გამვლელები ქამარ-ხანჯლით და შინდისფერი ჩოხით შემოსილ მიხეილ დიდებულიძეს. ზოგმა ცინიკური თვალიც გამოაყოლა. ასე იყო ლიგიაც, როცა ზოგიერთ პროფანს უკვირდა დროშიანი ქალის დანახვა... ლიგია კოლხურ კოშკში გავიცანი მრავალი წლის წინ, მითხრეს, ერთ ქალბატონს შენი ნახვა უნდაო და მეც კოშკის ჭიშკარში გამოვედი. ლიგიას სურდა ეჩუქებინა ჩემთვის 1907 წელს, წმინდა ილია მართლის მკვლელობის შემდგომ გამოცემული უნიკალური ფოტო-აფიშა, სადაც ილიას საფლავზე მგლოვიარე ქართლის დედა იყო გამოსახული, საჩუქარს დღემდე ვინახავ... საზოგადოებას მოეხსენება, რა შეურაცხმყოფელი ეპითეტებით ამკობდნენ ეროვნული მოძრაობის ქალბატონებს, კარვის ქალებად და უწიგნურებად მოიხსენიებდნენ... ლიგია ქურხული იყო ღრმად ერუდირებული, ინტელიგენტი ქალბატონი, გერმანული ენის ბრწყინვალე სპეციალისტი და ძალიან ეამაყებოდა თავისი მოღვაწეობა. დროშასთან ერთად ატარებდა, ასევე, ეროვნული ალმის სამკერდე ნიშანსაც. მისგან არასოდეს მახსოვს, ოდესმე ვინმესთვის რაიმე აუგი ეკადრებინა, მხოლოდ სამშობლოს დამოუკიდებლობის ბრძოლის პრეტენზია და სამართლიანობისთვის ბრძოლა იყო მისი მიზანი... იცხოვრა ღირსეულად და როგორც უამრავი მამულიშვილი, უპრეტენზიოდ და ჩუმად წავიდა ამქვეყნიდან!

ხსოვნა და არდავიწყება ლიგია ქურხულს!" - წერს ირაკლი შონია.










 

big_banner
არქივი