logo_geo
გიორგი უძილაური: მეორე დღეს NATO და რუსეთი აღარავის ახსოვდა, მეორე დღეს ლარის კურსი დაეცა...
- +

22 დეკემბერი. 2016. 13:11



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით წერს:

 

„მეორე დღეს NATO და რუსეთი აღარავის ახსოვდა, მეორე დღეს ლარის კურსი დაეცა...

 

ლარის კურსის დაცემა კარგი არაა, კარგი ისაა, რომ ასეთი რყევებისას მოსახლეობა მეტად კონცენტრირდება ქვეყნის რეალურ პრობლემებზე.

 

ცუდი ისაა, რომ ჯერ სრულყოფილი საჯარო დიალოგი არ დაწყებულა. მთავრობამ უნდა მოძებნოს რაიმე ფორმის მედიამოედანი და იქ თქვას, რატომ და სადამდე გაგრძელდება ლართან დაკავშირებული ეს პროცესები, რათა მოსახლეობაში დროზე დასრულდეს ემოციებზე აგებული მარჩიელობა და თუნდაც მთავრობის ლანძღვა.

 

მოსახლეობასაც სჭირდება მარტივი კითხვების დასმა თავისი თავისთვის:

 

რაში სჭირდება მთავრობას მოსახლეობის გაღიზიანება? მაზოხისტი ხომ არაა? იქნებ ლარის კურსის დაწევა აუცილებელია ქვეყნისთვის?

 

ყველა შემთხვევაში, ამ საკითხზე სჯობს შედგეს დიალოგი და ყველამ ერთად დაინახოს ერთმანეთის პოზიციებიც, შესაბამისი რეალობაც და პერსპექტივაც. ბანკების ბრალია? ბანკებმაც თავისი თქვან! ხელისუფლების? ბანკის? კრედიტების აღებას მიჩვეული ხალხის? მედიის? ეროვნული ბანკის? სპეკულაციების? ამაზე დიალოგებია საჭირო და არა მონოლოგები. ეს დიალოგები შექმნის საფუძველს საქართველოში რეალური პოლიტიკის ასამუშავებლად და ამ მუშაობაში ხალხის ჩასართველად. ოღონდ არა მომჩივანის და მოპასუხის როლებით, არა ბრალდებულებით და ბრალმდებლებით, არამედ თანასწორი უფლებებით და თანასწორი პასუხისმგებლობებით. ცალცალკე ყოფნას და ცალცალკე მაუწყებლობას შედეგი არ მოაქვს, ხალხსაც, ხელისუფლებებსაც და ბიზნესსაც ამ ქვეყანაზე გამოწერილი აქვთ ერთად ცხოვრება და ამიტომ რაც დროზე დაიწყება დიალოგი, მით მალე დაიწყება პრობლემების მოგვარებაც.

 

....რუსეთი და NATO კი მოიცდიან, იმათ ისედაც არ სცალიათ საქართველოსთვის და რომც მოიცალონ, საქართველოს არ დაეკითხებიან, ისე იმოქმედებენ. რაც ჩვენს ძალებშია, ის გავაკეთოთ დროზე, გავძლიერდეთ ეკონომიკურად და მერე ვილაპარაკოთ გეოპოლიტიკაზე", - წერს უძილაური.



 

big_banner
არქივი