logo_geo
გიორგი გიგაური: 25 წელია — 22 დეკემბერია!
- +

22 დეკემბერი. 2016. 20:40


 

„22 დეკემბერს, ზუსტად 25 წელი შესრულდება, რაც საქართველოს დედაქალაქის გულში, რუსთაველის გამზირზე, ავაზაკებმა სისხლიანი სამხედრო გადატრიალება დაიწყეს და ხალხის მიერ არჩეულ ეროვნულ ხელისუფლებას ქვემეხებიდან ჭურვები დაუშინეს! და რაოდენ ნიშანდობლივია, რომ არცერთ (!!!) ჩვენს ე.წ. ბნელიტელს ეს საბედისწერო თარიღი არც კი გახსენებია!.." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი გიგაური წერს.

 

„დიახ, მე საგანგებოდ არ ვწერ, რომ 22 დეკემბერს საქართველოში ,,სამოქალაქო ომი" დაიწყო! არა იმიტომ, რომ რაღაც აკვიატება მაქვს, არამედ იმიტომ, რომ შევარდნაძის ტელევიზიისეული ურცხვი პროპაგანდისტული ტყუილის გამეორება არ მინდა!

 

დიახ, 1991 წლის 22 დეკემბერს, გამთენიისას, ზუსტად 25 წლის წინათ, თბილისის გულში დაიწყო სისხლიანი პუტჩი და არა - „სამოქალაქო, ძმათამკვლელი ომი"!

 

დიახ, 1991 წლის 22 დეკემბერს, გამთენიისას, ზუსტად 25 წლის წინათ, რუსთაველის გამზირზე ერთმა მუჭა ავანტიურისტებმა, მკვლელებმა და ქვაბ-ავაზაკებმა (და არა - ,,ერის დემოკრატიულმა ნაწილმა"!) დაიწყეს ქვეყნის გარეთ დაწერილი მუხანათური გეგმის განხორციელება, რომლის მიზანი გახლდათ ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების დამხობა და ედუარდ შევარდნაძისთვის ადგილის მოსუფთავება!

 

დიახ, ეს იყო ამერიკული გეგმა, რომელშიც დაშლის პირას მყოფმა საბჭოთა კავშირმაც მიიღო მონაწილეობა! უფრო თუ დავაზუსტებთ, ამერიკულ „ცერეუში" დაწერილი ამ მზაკვრული გეგმის განხორციელებაში რუსული მხრიდან მონაწილეობდა უკვე „ამერიკის ხელის ბიჭად" ქცეული რუსეთის პრეზიდენტი - ბორის ელცინი და მისი გარემოცვა!

 

აკი, წლების შემდეგ, ტელეკამერების წინ, ელცინის ხელისუფლების სახელმწიფო მდივანმა გენადი ბურბულისმა აღიარა კიდეც - აი, აქ, ჩემს კაბინეტში დაიწერა გამსახურდიას დამხობის გეგმაო! ამხ. ბურბულისმა, ცოტა კი მოიტყუა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ისიც და მისი ბოსიც - ელცინი, ამერიკელი პატრონების ყურმოჭრილი მონები იყვნენ, სიმართლე მაინც თვალსაჩინოა - ზვიად გამსახურდია ამერიკამ და მამა-ბუშის ხელისუფლებამ დაამხო!

 

და ჩვენთვის, ქართველებისთვის, დიდი ვერაფერი შეღავათია, რომ 1991 წლის 22 დეკემბრიდან 13 წლის შემდეგ, სადღაც 2005 წლის 10 მაისს, თბილისში ჩამობრძანებულმა შვილმა-ბუშმა, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას, პატივი მიაგო ზვიად გამსახურდიასა და საქართველოს თავისუფლებისთვის თავშეწირულ გმირებს!

 

თუმცა, ეს მაინც ლირიკაა!

 

ცხოვრების მკაცრი პროზა კი ის გახლავთ, რომ 1991 წლის 22 დეკემბრიდან განვლილი 25 წლის შემდეგაც, საქართველოში მაინც - 22 დეკემბერია!

 

მადლობა ღმერთს, 25 წლის წინანდელივით, საქართველოს დედაქალაქის გულში „ჰაუბიცებს" აღარ ისვრიან, ხალხს ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების ერთგულებისთვის არ ხვრეტენ და ცოცხლად ხორცს არ ათლიან, მაგრამ...

 

მაგრამ, უბედურებაც ის არის, რომ 1991 წლის 22 დეკემბრის პირველი საბედისწერო გასროლის შემდეგ დაწყებული ეროვნულობისა და ქართველობის, პატრიოტიზმისა და სახელმწიფოებრიობის რბევა და მიზანმიმართული მოკვდინება დღესაც გრძელდება!

 

დიახ, 25 წლის შემდეგაც - 22 დეკემბერია, რადგან დღემდე მიზანმიმართულად კლავენ ქართულ განათლებას, ქართულ სკოლას და ქართულ უნივერსიტეტებს!

 

დიახ, 25 წლის შემდეგაც - 22 დეკემბერია, რადგან დღემდე მიზანმიმართულად კლავენ და ახრჩობენ ქართულ ტრადიციებს, ათასწლოვან მორალსა და ზნეობას!

 

დიახ, 25 წლის შემდეგაც - 22 დეკემბერია, რადგან დღემდე მიზანმიმართულად კლავენ ქართულ სოფელს და ქართველ გლეხს - როგორც ქართული სასიცოცხლო სივრცის საფუძველს და „ცხოვრების მარილს"!

 

დიახ, 25 წლის შემდეგაც - 22 დეკემბერია, რადგან არც საქართველოს მთავრობაში, არც საქართველოს პარლამენტში, სანთლითაც ვერ მოიძიებთ კაცს (ქალს), რომელზეც შეიძლება ითქვას, აი, ეს არის უმწიკვლო, უანგარო ეროვნული სულით გაცისკროვნებული პატრიოტი ქართველი, რომელიც ილიასა და ზვიადის ქართული გზის ღალატს სიკვდილსაც ამჯობინებსო!

 

და ბოლოს, 25 წლის შემდეგაც - 22 დეკემბერია, რადგან ქართველმა ერმა დღემდე არ იცის, ვინ, რა ვითარებაში და როგორ გამოასალმა წუთისოფელს საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია!

 

„ოცნების ხელისუფლებამ" და პროკურატურამ (მოდით, პირდაპირ ვთქვათ, „ასავალ-დასავალის" უდიდესი ძალისხმევითა და მეცადინეობით!) მართალია, ზვიად გამსახურდიას საქმეში თვითმკვლელობის ვერსია კი შეცვალა მკვლელობის მუხლით, მაგრამ ამის შემდეგ საქმე წინ, ერთი ნაბიჯითაც არ დაძრულა!

 

კი, ბატონო, ჩვენ აქამდეც ვიცოდით და მრავალთვიანი ჟურნალისტური გამოძიების შედეგადაც დავამტკიცეთ, რომ ზვიად გამსახურდია მ ო კ ლ უ ლ ი ა, მაგრამ თუ შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი მ ო კ ლ ე ს, სახელმწიფომ არ უნდა დაადგინოს, ვინ და რატომ მოკლა პირველი პრეზიდენტი?!

 

თუმცა, ეს რიტორიკული კითხვაა!

 

აბა, როგორ გამოიძიებენ ზვიად გამსახურდიას მკვლელობას ისინი, ვინც ზვიად გამსახურდიას მკვლელობის შემკვეთების ერთი მხრივ, მარიონეტები და მეორე მხრივ - პოლიტიკური მემკვიდრეები გახლავან!

 

დიახ, ამერიკის მარიონეტები და ედუარდ შევარდნაძის მემკვიდრეები, აბა, როგორ გამოიძიებენ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს?!

 

საკუთარ უცხოელ პატრონებსა და მამა-მარჩენალს ხომ არ დაადებენ ხელს?!

 

ჰოდა, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვგონებ, სტატიის ბოლოს, აბა, რომელი ჭკუათამყოფელი გაიკვირვებს, რომ 25 წლის შემდეგაც - 22 დეკემბერია!..

 

თუმცა, ჩვენს ქუჩაზეც აუცილებლად (!) მოვა გაზაფხული!.." - წერს გიგაური.




 

big_banner
არქივი