logo_geo
„სამუდამოდ ზნეობრივი სიწმინდის საუფლოში დარჩა და გაუჩინარდა...“
- +

21 მარტი. 2018. 15:24



პროფესორი ამირან არაბული სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

თანდილა - პანტო თათარაიძე.

 

სოსო ჩხაიძის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „თუში მეცხვარე" ერთ-ერთი კოლორიტული (ანდა რომელი „პერსონაჟი" არაა ასეთი ამ არაჩვეულებრივ ფილმში!) ფიგურა, ვრცელი ცხოვრებისეული გზა რომ გამოუვლია და სევდიან სიბერემდე მოჰყოლია მთის კამკამა ნაკადულივით სუფთა სინდისი, შრომისმოყვარეობა, ალალმართალი კაცის სახელი, ტკბილმოუბრობა და რაღაცნაირად ბავშვურ-მიამიტური კეთილშობილება...

 

მთა-ბარობაში, ანუ, როგორც თუშები იტყვიან, „თუშეთ-კახეთობაში" ნაცადი, ნაწრთობი და, ბოლოს, დაღლილი და მოფამფალებული. ჯან-ღონე აღარ მოსდევდა, მაგრამ უმთებოდ, ყოფნაც ვერ წარმოედგინა: ხან დანოსგორის ნიავით იმხნევებდა ხოლმე უბერებელ გულს, ხან კიდევ კვავლოსთავ მდებარე მეცხვარეთა ქოხში სტუმრობით (ეს ფოტოსურათიც სწორედ ამ ქოხის შესასვლელშია გადაღებული).

 

„ფოტოგენური" სახისა თუ იერის წყალობით რამდენიმე სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმშიც მოხვდა, მათ შორის გოდერძი ჩოხელის „ადამიანთა სევდაში", სადაც თეთრ ნაბადწამოსხმული მწვანითმოსილ მთის ნისლიან მწვერვალზე ზის და მართლაც წააგავს ადამიანთა ბედის გამრიგე უზენაესი ძალის „ხილულ" ხატს. და როცა ამ კადრებს იხსენებ, გგონია, რომ დაბლა, ამღვრეულ და ღალატიან სოფელში ჩამოსვლა აღარ ისურვა და სამუდამოდ იქ, ზნეობრივი სიწმინდის საუფლოში დარჩა და გაუჩინარდა", - წერს არაბული. 


 

big_banner
არქივი