logo_geo
რამაზ ხოტივარი: დღეს სოსო ჩხაიძის დაბადების დღეა...
- +

25 მარტი. 2018. 12:37




რეჟისორი რამაზ ხოტივარი ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტისა და პედაგოგის სოსო ჩხაიძის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„დღეს სოსო ჩხაიძის დაბადების დღეა. ჩვენ ჯერ კიდევ კარგად არც გვესმის სოსოს ფასი. ის არ არის მხოლოდ კარგი, საინტერესო, ნიჭიერი კინორეჟისორი. მისი ფილმები გასულია სულიერების იმ ორბიტაზე, საიდანაც ხელისგულივით მოჩანს ყველაფერი - დედამიწა, ადამიანი, საზოგადოება. სოსო იყო ფენომენი, რომელიც ამოხსნას საჭიროებს. მაყურებელი მალე იხილავს შვიდსერიან ფილმ-შედევრს „შვიდკაცა", რომელიც შეძრავს ჩვენს გაყინულ საზოგადოებას. ამ ფილმს სოსო იღებდა 80-იანი წლების ბოლოს („თუში მეცხვარის" შემდგომ), მაგრამ ვერ დასცალდა ბოლომდე დამთავრება. ახლა მიმდინარეობს ამ ფილმის აღდგენა-რესტავრაცია. დიდი სიხარული გველის მაყურებლებს. მანამდე კი გთავაზობთ პირველ ნაწყვეტს ჩემს მოგონებებიდან სოსოს ჩხაიძის შესახებ.

 

1969 წელი. სოსო ჩხაიძე ჩვენს ახალ სტუდიაში („საქტელეფილმი") მოვიდა შეპყრობილი მთა-თუშეთზე ახალი ფილმის შექმნის იდეით. ეს წყნარი, დარბაისელი გურული (ნუ გიკვირთ შეუთავსებლობისა - გურული სოსო მართლაც იყო ერთდროულად დარბაისელიც და წყნარიც - სანამ გადაირეოდა) აჟიტირებული გვიყვებოდა თუშეთსა და თუშებზე:

 

- ძმებო, ვერ წარმოიდგენთ სად ვიყავი და რა ვნახე! ეს რა ხალხია! მართალს წერდა რუსი ანდრეი ბელი. - ქვეყნიერების შექმნა მამაზეციერმა თუშეთიდან დაიწყოო! ისეთ ფილმს გავაკეთებ, - ახალ სამყაროს აღმოვაჩენ!

 

თქვა და აღმოაჩინა კიდეც. გადაღების დაწყებას კი არ ჩქარობდა, ჯერ პროფესია ბოლომდე კარგად უნდა ვისწავლო, ექსპერიმენტის საშუალება მომეცითო, სთხოვა რეზო ჩხეიძეს. მიიღო უფლება და ორი წელი იღებდა „მეთხუთმეტე ზაფხულს", მართლაც ექსპერიმენტს, რომელშიც, თუ დააკვირდებით, უკვე იგრძნობა დიდი რეჟისორის ხელი.

 

მორჩა თუ არა ამ ფილმს, გადაიღო „ძველი ქართული საგალობლები". გადაიღო, მაგრამ რა გადაიღო! შედევრების კრებული შედევრი - ასე შემიძლია ვუწოდო ამ ფილმს. ძველი საგალობლებით გაერთიანებული ძველი ფრესკები და ძველი რელიგიური ტექსტები - საოცარია, როგორ მოერია ამ მასალას სოსო ჩხაიძე. როგორ შეძლო ორგანულად შეკვრა ერთ მთლიანობაში იმისა, რაც ერთიანია მხოლოდ იქ, იდეალში, ზეცაში. ხოლო ჩვენთვის, მოკვდავთათვის, კი არსებობს როგორც სამი დამოუკიდებელი ერთეული რომელთა მხატვრულად შეერთება ეკრანზე თითქმის ვერავინ შეძლო. სოსომ კი შეძლო. ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო და იმიტომ. მის სულში ყველაფერი ეს ხომ ერთი იყო. ანუ:

 

ხელოვნების (იქნებ მთელ სამყაროს) ამ სამი საწყისის - სიტყვის, მუსიკის, გამოსახულების - ურთულეს ურთიერთობებში სოსო ერკვეოდა ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ხოლო რელიგიურობისა და ხელოვნების საზღვარზე (ანუ იმ სიმაღლეზე, სადაც, გულწრფელად რომ ვთქვათ, წმინდანებისა და გენიოსების მეტმა ხეირიანად ვერავინ ვერაფერი გაიგო), სოსო თითქოს საკუთარ სტიქიაში იყო. ის ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე მუშაობდა ამ უწმინდეს მასალასთან და საკუთარი შინაგანი სულიერი ხედვით ქმნიდა ფილმს. სოსომ უტყუარი ინტუიციით გრძნობდა, რომ ჩვენი საეკლესიო ტექსტები, ჩვენი საგალობლები, ისევე, როგორც ჩვენი ხატწერა (როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე) არის ღვთიური ერთობა მკაცრი კანონიკისა და უსაზღვრო თავისუფლების და ქმნიდა სწორედ ასეთი სურათს...

 

ჩვენ ხომ ბევრი ფილმი და ტელეგადაცემა გვინახავს, სადაც ფრესკების ფონზე გუნდიც მღერის და ძველ ტექსტებსაც კითხულობენ ხაზგასმული სერიოზულობით. ყველა ამდაგვარი ფილმი ზედაპირული გამოდის. შედევრს (ხატს) რომ ზედ შედევრს (საგალობელს) და ასევე შედევრს (რელიგიურ ტექსტს) დაადებ - შედევრს ვერ მიიღებ. პირიქით: ფილმის ხარისხი მკვეთრად დაბლდება, ფილმი ხდება ილუსტრაციული. და ყველაფერთან ერთად შეიგრძნობა რეჟისორის ფარული ჩანაფიქრი სხვისი გენიის ხარჯზე იოლად გასვლისა. სოსოს კი იოლად ცხოვრების სურვილი არასოდეს ქონია. ის წავიდა მაქსიმალური წინააღმდეგობის გზით და ერთადერთმა (რაც მე მინახავს) შეძლო ორგანულად შეერთება მთელი ამ მასალისა და წარმოგვიდგინა შედევრი: მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ძველი ქართული საგალობლები" - მართლაც საგალობელი ღმერთისა და ადამიანის, მუხლმოდრეკილი ლოცვა და აღსარება ღმერთის წინაშე.

 

ყოჩაღ, სოსო! შენ ხომ ასეთი არ ჩანდი, შენ, თურმე, უფრო მკაცრ და გულმაგარ კაცს თამაშობდი, ვიდრე სინამდვილეში იყავი! შენმა „საგალობლებმა" გამოამჟღავნა შენი ფარული თვისებები: გულმოწყალება, სინაზე, ადამიანის სიყვარული, პატიების უსაზღვრო უნარი, იესო ქრისტესა და საერთოდ ქრისტიანობის მიმართ საოცარი მოწიწება და იმედი - იმედი ღმერთისა, იმედი ადამიანის გადარჩენისა.

 

რომლისაცა წინაშე

ქედ-დადრეკილ არს ყოველი,

მუხლი ყოველი მოდრკების და ენაი ყოველი

შენსა ხმობს აღსარებასა,

მეცა, სიტყუაო, აღმსარებელსა მომხედენ... - ისმის დავით აღმაშენებლის გულწრფელი სინანულის გალობა... ამ საგალობლებს ვიცნობდით, მაგრამ ეკრანიდან ასეთი მხატვრული ნიჭიერებითა და გულწრფელობით მოტანილი არასოდეს მოგვისმენია. იმიტომ ხომ არა, რომ ვიგრძენით - ეს იყო სოსოს გულის ამონახეთქიც...

 

ამ ფილმმა გარეგნულად შეუმჩნეველი, სინამდვილეში კი რადიკალური ცვლილებები შეიტანა ჩვენს მაშინდელ აზროვნებაში, უფრო სწორად, სულიერ განწყობაში. ქვეშეცნეულად საზოგადოებაც თითქოს ელოდებოდაო ასეთი ფილმის გამოჩენას. იგრძნობოდა, რომ ხალხში ფარულად ისევ გაჩნდა რელიგიური ხელოვნების წყურვილი. პირველი ნახვისთანავე ვიგრძენით, რომ "ძველი ქართული საგალობლები" ძალზედ სერიოზული ფილმი იყო და ძალზედ სერიოზულ დაფიქრებასაც მოითხოვდა. ნათელი გახდა, რომ შეიქმნა ფილმი, რომელიც სულიერი თვალით დანახულს გრძნობადი თვალით აღსაქმელ სახეს აძლევს. შეიქმნა ფილმი, რომელიც მაქსიმალურად უახლოვდება ეკლესიური ხელოვნების უმთავრეს მიზანს: ჩვენ, მოკვდავებს, მიგვახვედროს და გვაგრძნობინოს, რომ ხატი მხოლოდ ნახატი არაა - ის სარკმელია ზეცაში და უხილავის დანახვაში გვეხმარება; რომ საგალობელი მხოლოდ სამხმოვანი სიმღერა არაა - ის ყოვლადწმიდა სამების, ანუ სამყაროს ჰარმონიის მიმანიშნებელია და მარადიული სიკეთის გამოხატულებაა; რომ სიტყვა მხოლოდ მეტყველება არაა - სიტყვა მართლაც ღმერთია, შემოქმედი სამყაროსი! გულწრფელი რწმენით გაჟღენთილი ეს ფილმი მაყურებელსაც გადასცემს ამ რწმენას და აიძულებს დაფიქრდეს ჩვენი არსებობის მთავარ საკითხებზე, თითქოს უქადაგებსო ქრისტეს სიტყვებს:

 

„სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ!"...

 

არ გაგიკვირდეთ იმ პანიკისა, რომელიც ატყდა მატერიალისტების საუფლოში. საშიშროებას ისინი ხომ უმალვე გრძნობდნენ (ვინ-ვინ, და ათეისტებმა არ იციან, რომ საგალობელი და ხატი იგივე ქადაგებაა?). ასეთი რამ კი მათ საბჭოთა ტელეეკრანზე მანამდე არც ენახათ. გაბოროტდებოდა ცენზურა აბა რა მოუვიდოდა! ერთმა, კარგი ქართული გვარით შენიღბულმა ჩინოვნიკმა, მთელი ცხოვრება გააფთრებით რომ ებრძოდა ყველაფერ ქართულს (რომელსაც, სხვათაშორის, კაბინეტში კავკასიის დიდი პოლიტიკური რუკა ეკიდა და დროდადრო ხარბი თვალებით ათვალიერებდა ხოლმე საქართველოს საზღვრებს - განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთის, თან დაუფარავი აღშფოთებით ხვნეშავდა - ის ჯერ კიდევ მაშინ უკვე საქართველოს დაქუცმაცებაზე ოცნებობდა და წითელი ფანქრით საზღვრებს ქართველების საზიანოდ ცვლიდა - ჩვენ მხოლოდ იმერეთის ნაწილს გვიტოვებდა), საგანგაშო წერილები აფრინა მოსკოვის ინსტანციებში - ქართველები გათამამდნენ და ,,ქრისტეს დაბრუნებას ლამობენო" პირდაპირ ასე ეწერა მის წერილში! ,,ქრისტეს დაბრუნებას ლამობენო" - რა სწორად მიგვიხვდა ყველაფერს! ჩვენ ხომ მართლაც ქრისტიანობის დაბრუნებაზე ვოცნებობდით! (ამ ბინძური წერილის ასლი სოსოს ერთმა მოსკოველმა ცენზორმა აჩვენა ფარულად. თან ჩურჩულით ურჩია როგორ ემოქმედა ფილმის გადასარჩენად. მოსკოვში ჩვენ, ქართველებს, მაშინ ბევრი თანამოაზრე აღმოგვაჩნდა).

 

სოსოს ჩხაიძეს თბილისშიც და მოსკოვშიც კატეგორიულად მოთხოვეს რელიგიური სიმძაფრის განეიტრალება (ანუ ფილმის გაფუჭება).

 

სოსომ უარი უთხრა. ცენზურა გამძვინვარდა: Вы что, правда думаете, что вам все можно?! - ასისინდნენ კაბინეტებში. საქართველოსადმი ურყევი სიყვარული უმალ დაიფშვნა. ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა. სოსოც მაგრად დადგა...

 

დღევანდელ ახალგაზრდებს კარგად ვერ წარმოუდგენიათ წნეხის სიმძიმე - ხელოვანის იძულებითი დამოკიდებულება სამთავრობო სტრუქტურებისაგან. ვერ წარმოუდგენიათ და ეს არის სწორედ დიდი მიღწევა, ვიტყოდი, ბედნიერება. მაგრამ ვინც სსრკ-ში ცხოვრობდა კარგად ესმის რისი თქმაც მინდა. რაღაცნაირად რომ ავხსნა, თუ რას ნიშნავდა საბჭოთა ცენზურა, მოვიყვან მიშა კობახიძის მაგალითს: იგრძნეს რა საშიშროება ორიგინალური აზრებისა და სრულიად არადიპლომატიური ხასიათისა, მიშა კობახიძეს, მსოფლიო დონის კინორეჟისორს, უკვე „ქორწილის", „ქოლგის" და „მუსიკოსების" ავტორს, საბჭოთა ცენზურამ... კინოს გადაღების უფლება ჩამოართვა!

 

ვიმეორებ: მიხეილ კობახიძეს ცენზურამ ფილმების გადაღების უფლება ჩამოართვა და წერილობითი რეკომენდაცია მისცა „ქართული ფილმის" დირექციას მიებარებინათ მოწაფედ უფროსი თაობის რეჟისორთან! კია მასხარაობა, მაგრამ ამით ხომ მძიმე ტრავმა მიაყენეს არა მხოლოდ მიშა კობახიძეს, არამედ საერთოდ მთელს კინოს...

 

აი, ვისთან გვქონდა ჩვენ განუწყვეტელი ფარული, თუ ღია ომი. (მამაჩემმა მაშინ შეუთვალა მიშას: მადლობა თქვი, სულაც რომ არ დაგიჭირესო. ცოტა ადრე კი დაგხვრეტდნენ, როგორც ხალხის მტერსაო. შერცხვებოდათ, მე შენ გეტყვი, ბოლშევიკებს და გაწითლდებოდნენო. შენნაირები მოუსპიათო! ეგენი ისედაც წითლები არიან, ოღონდ არა სირცხვილისგანაო. მიშას ამოუხვნეშია: პროფესიის დაკარგვას იქნებ დაჭერაც მერჩიაო)...

 

სოსო ჩხაიძის შემთხვევაშიც, დარწმუნებული ვარ, თუმცა ხმამაღლა არ უთქვამთ, მაგრამ ერთმანეთში, ალბად, ასე ალაპარაკდნენ: ეს ხალხი ძლივს დავიმონეთ, გუბერნიად ვაქციეთ, თითქოს ჩვენკენ მოვაბრუნეთ (ანუ, მათის აზრით, გადაგვარების გზაზე დაგვაყენეს) და ახლა უეცრად ძველი ქართული ტექსტებსა და ქრისტიანობას გვიქადაგებენ! ეს ხომ მათი ნაციონალიზმის გამოხატულებაა, ყოველ მათგანს ჩუმად რომ უდევს გულში! ისე გამოდის, რომ ჩვენ ვაფინანსებთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს!.. ფილმისა და სოსოს ბედი სასწორზე დაიდო. იგრძნობოდა, რომ რაღაცა ცუდს აპირებდნენ (,,ჩხაიძე სერიოზულად აკონტროლეთ!"). მაგრამ სოსო არ შეშინდა, არ წავიდა კომპრომისზე და არაფერი დაუთმო ცენზურას. კოლოსალური ზეწოლისა და დაშინებების მიუხედავად („Ваш фильм закроют, вас отстранят от режиссуры, вы никогда не сможете снимать фильмы, никогда не сможете выехать за границу. Не надо портить жизнь себе и другим"), სოსო ვერ გატეხეს და ერთი კადრიც კი ვერ შეაცვლევინეს.

 

მახსოვს, სოსომ, ცოტა არ იყოს, ჩაფიქრებულმა მომიყვა ეს ამბავი:

 

- მე უკან დამხევი არა ვარ, რაც მოხდება - მოხდეს. ამ წუთებში რეზოსაც ველაპარაკე ტელეფონით, ჩხეიძეს. ისე იყვირა, კინაღამ ყურმილი გამივარდა: „მაგ ჩათლახებისა არ შეგეშინდეს, არაფერზე დაეთანხმოო! მაგრად დადექ, მანდ მოვდივარო". ეს რეზო თვითონაც ჯარისკაცის მამა ყოფილა, კაცო! ისე ნერვიულობდა, სერგო გამახსენდა, თავის ბიჭს რომ ეძახის შეშფოთებული: „ი ტანკი რა უყავ, შვილო-ო!"

 

ორივეს გაგვეცინა.

 

- მერე, შენ გოდერძი მახარაშვილივით ხომ არ უპასუხე: „შიგ მატორში მაარტყეს, მამი-ი-ი!

- სოსოს ისევ გაეცინა:

- არა, ეს არ მითქვამს, იმიტომ, რომ ჯერჯერობით ფილმი არსებობს, ცოცხალია, მოტორში არც მოვარტყმევინებ, მითუმეტეს, რეზო დამპირდა, ჩამოვალ და რაცხას ვიზამო. მაგის „რაცხა", ხომ იცი, შეიძლება ფილმის გადარჩენაც იყოს! ....

 

საქმეში რეზოს ჩარევა ყოველთვის დიდ იმედებს ბადებდა, მაგრამ ამ დროს იმ მაღალჩინოსანმა, რომელმაც თავის დროზე ოფიციალური წერილი გაგზავნა რუსეთში ქართველების დისკრიმინაციის მოთხოვნით, მოულოდნელად მოიხსნა ქართველი პატრიოტის ნიღაბი, დაასწრო ყველას და „ძველი ქართული საგალობლები" თვითონვე აკრძალა ბრძანებით - როგორც „საბჭოთა ხალხისათვის უაღრესად მავნე რელიგიის პროპაგანდა და ნაციონალისტური სიამაყის გამღივებელი ფილმი!". იცოდა, რასაც აკეთებდა და ვისაც ასიამოვნებდა... ფილმთან ერთად აკრძალა, აგრეთვე, ყველანაირი რელიგიური საგალობლის გადაცემა საქართველოს ტელევიზიითა და რადიოთი! მე მომსწრე არ ვყოფილვარ, მაგრამ მთელი ტელევიზია ყვებოდა, როგორი აღელვებული მივიდა (მივარდა!) რეზო ჩხეიძე იმ ჩინოსანთან, როგორ ჯერ დიდხანს თხოვდა შეეცვალა ბრძანება, მაგრამ, როცა ვერაფერი გააწყო, როგორ იფეთქა და რა დღე დააწია ხალხის თვალწინ მისსავე კაბინეტში. კინაღამ მოუკლავს ადგილზე. ამას დიდი სკანდალი მოყვა, მაგრამ მაშინ ეს საქმე ჩაფარცხეს...

 

საერთოდ, ამ ფილმის გადაღების დროს, განსაკუთრებით კი მისი დახურვის შემდეგ, სოსოს ჭკუას ასწავლიდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა: რელიგია არის ეს და არ ის. ფრესკა მოზაიკა არ გეგონოს, ასე კალეიდოსკოპივით რომ მიაწყე ერთმანეთზე. საგალობელი ეს ჩვენი ეროვნული საგანძურია (ვითომ სოსომ ეს არ იცოდა). ასე უპრაკუნოდ (რატომ უპრაკუნოდ?) როგორ ეპყრობიო! რელიგიის უვიცი ხომ სწორედ რელიგიურობისა და ეროვნულობის კვარცხლბეკიდან იცავს ერთსაც და მეორესაც და ამ ფასეულობებით სპეკულიანტობს...

 

მოკლედ, ფილმი აკრძალეს. სოსო ყველაფერს ჩუმად იტანდა. ერთხელ კი შეთქმულივით გამენდო:

 

- კარგი ხალხი ჩაერია საქმეში და ფარულად მეხმარებიან. მაგრამ მე მაინც დავიჭირე თადარიგი. ლამარა დევდარიანმა და ლაბორატორიის გოგოებმა დიდი საქმე გამიკეთეს - მათთვის დიდი ხიფათის მიუხედავად (მთავრობამ, როგორც გავიგეთ, გადაწყვიტა ფილმის მასალების მთლიანად ჩარეცხვა) - ფილმის ნეგატივიც გადამალეს (ვითომ სადღაც დაიკარგა), ჩუმად, ფარულად დამიბეჭდეს ფილმის ორი ასლი და სახლში გამატანეს. ასე რომ, ფილმი უკვე არსებობს ფიზიკურად და აწი მის დღევანდელ ბედზე მაინცდამაინც აღარც კი ვზრუნავო...

 

ლამარა დევდარიანი, კინოფირის ბეჭდვის შესანიშნავი პროფესიონალი, ჩუმი და კეთილშობილი ქართველი ქალი, ფილმის გადარჩენისათვის უდიდეს რისკზე წავიდა - ის ფარულად საბჭოთა სისტემას დაუპირისპირდა და იდეოლოგიურად აკრძალული, ანუ მავნე ფილმი - ქრისტიანობის განმადიდებელი ფილმი - ჯალათებს დაუმალა და განადგურებას გადაარჩინა. ეს იყო უპატიებელი დანაშაული, რომელიც, რომ გამჟღავნებულიყო, მხოლოდ სამსახურის სამუდამო დაკარგვით არ შემოიფარგლებოდა...

 

აქ უნდა ითქვას, რომ ფილმის დასაცავად თავი გადადეს ქართველმა თანამდებობის პირებმაც - ოთარ თაქთაქიშვილმა, ვახტანგ ბერიძემ, კარლო გარდაფხაძემ - აღარ ვამბობ რეზო ჩხეიძემ - სულის სიღმეში მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, არამყვირალა პატრიოტებმა, ბევრი, მართლაც ეროვნული საქმის, უხმაუროდ გამკეთებლებმა. მათ შეძლეს, დაძაბულობა დიპლომატიურად გაანეიტრალეს და ფილმი ტელეეკრანზეც გამოაშვებინეს...

 

სოსო გრძნობდა, რომ მოვიდოდა დრო და ფილმი დაიპყრობდა მაყურებელს. თუმცა საქართველოში მაშინაც იყო ხალხი, ვისთვისაც „ძველი ქართული საგალობლები" იმთავითვე გახდა სამაგალითო ფილმი. საბედნიეროდ, ისინი კარგად ხედავდნენ კარგს და უყოყმანოდ აკუთვნებდნენ ფილმს ადგილს შედევრებს შორის.

 

ჟამი რაი წულილთა და ხმელთა

აღმოფშვინვათაი წარმოდგეს,

ზარი მეფობისაი წარხდეს და დიდებაი დაშრტეს...

მაშინ შემიწყალე მსაჯულო ჩემო!..

 

- დავით აღმაშენებელთან ერთად ლოცულობს სოსო ჩხაიძე და ჩვენც ყველას გვალოცებს მასთან ერთად..." - წერს ხოტივარი. 


 

big_banner
არქივი