logo_geo
ცოტნე გამსახურდია: ფიქრის, აზროვნების, სხვის მდგომარეობაში შესვლის უნარი სულ დაკარგეთ?
- +

30 მარტი. 2018. 18:06


 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„იმ უბედური რუსი ბიჭის ვიდეო ტრიალებს ქსელში, სამი შვილი რომ დაეწვა. სადაც ამ ტრაგედიის შემდეგ სულ სხვა ტონით და სხვა სიტყვებით აქებს პუტინს და რუსეთის ხელისუფლებას. ქართული facebook ლანძღავს, კრულავს და დასცინის ამ უბედურს. და რადგან მეზარება სათითაოდ პასუხის გაცემა, ასე, საჯაროდ დავწერ.

 

ხალხო, ოდნავ მაინც არა გაქვთ ადამიანობა, თანაგრძნობა? ფიქრის, აზროვნების, სხვის მდგომარეობაში შესვლის უნარი სულ დაკარგეთ? განა ამას ის ხალხი არ წერს, რომელმაც სისხლის მდინარეების, ქვეყნის დანგრევის, ცხინვალის, გაგრის, სოხუმის მერე შევარდნაძეს დაუჩოქა? განა ის ხალხი არაა, რომელიც ავარიებში და პოლიციის განყოფილებაში მოკლულ და ნაწამებ ახლობლებს ყიდდა და ყიდის? განა ეს ხალხი 440 ლარად ციხეში პატიმრებს არ აწამებდა? „თვითმფრინავის ბიჭების" მშობლებმა რომ ორდენები და თანამდებობები მიიღეს მათი შვილების ჯალათისგან, ეგეც დაგავიწყდათ?! განა თქვენ არა ხართ, ვინც ანწუხელიძის, ტატუნაშვილის და სხვათა შემდეგ კიდევ რუსეთს უმღერ-უცეკვის და ურთიერთობების დარეგულირებაზე ლაპარაკობს?! კიდევ გავაგრძელებდი, მაგრამ ალბათ საკმარისზე მეტია.

 

ის რუსი ჩემი არც მეგობარია და არც ბიძაშვილი. უბრალოდ, ამდენი სიყალბის, უგნურების და ზედაპირულობის გამო ვართ იქ, სადაც ვართ, და კიდევ უარესად ვიქნებით. როდესაც ხედავ წაშლილ, განადგურებულ, დანგრეულ ადამიანს, ნიშნისმოგების და განკითხვის მაგივრად ალბათ სხვა გრძნობები უნდა გაგიჩნდეს. თუ გსურს ადამიანად დარჩენა!" - წერს გამსახურდია.



 

big_banner
არქივი