logo_geo
რას ჰყვება ქალი, ვის სახლშიც 1993 წელს ზვიად გამსახურდია მიიყვანეს
- +

18 აპრილი. 2018. 00:51

 

 

ზუგდიდელი ხათუნა დარასელია 19 წლის იყო, როცა სამოქალაქო ომის დროს მშობლებმა სამეგრელოს მთიან სოფელში, ჯაღრაში გახიზნეს.

 

დარასელია მაშინ დღიურებს წერდა. 1993 წლის 13 დეკემბრით დათარიღებულ ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ სახლში, სადაც ხათუნა ცხოვრობდა, საქართველოს ექსპრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მიიყვანეს. ამის შესახებ „ლაივპრესი" წერს.

 

„ყველაფერი ისეთ ისტორიას ჰგავდა, ფილმებში რომ გინახავთ. პრეზიდენტი და მისი თანმხლები პირები არავის უნდა შეემჩნია. სოფელში მეზობლებს უკვირდათ, ჩვენი საკვამურიდან ღამითაც რომ ამოდიოდა ბოლი, მაგრამ დეიდაჩემი, ვის სახლშიც ვიყავით, ეუბნებოდა, რომ ბუხარი ჩემთვის ენთო. მეზობლებს რომ არ შეემჩნიათ ჩვენი ფანჯრიდან ღამით შუქი, ამიტომ ტელევიზორის მოციმციმე შუქზე ვწერდი. თუ დენი არ გვქონდა, ლამპის სინათლეზე ვწერდი“, - თქვა დარასელიამ.

 

„სიმართლე გითხრათ, იშვიათად ვფურცლავ. ახლა, ამ გადმოსახედიდან ძალიან კრიტიკულად ვაფასებ ჩემს ნაწერს. ზოგადად, როცა დღიურს წერ, ამას ხომ მხოლოდ შენთვის აკეთებ და არა საჯაროდ გამოქვეყნებისთვის. ახლა ცოტა მერიდება კიდეც, თუ როგორ მაქვს აღწერილი, როგორ ვტიროდი, როგორ ვნერვიულობდი და განვიცდიდი ყველაფერს. ეს არ არის მწერლის ენა, ეს უბრალოდ დღიურია, რომელიც ასახავს პატარა გოგონას შეხვედრას პრეზიდენტთან“, - ამბობს დარსალია.

 

ჩანაწერები მან 2004 წელს, მეგობრების თხოვნით გამოსცა სათაურით „ფრაგმენტები კოლხური დღიურიდან“ და მათვე აჩუქა.

 

„მაშინ ვხვდებოდი, რომ მე ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიის ნაწილი ვიყავი, მაგრამ ეს რომ მისი სიცოცხლის უკანასკნელი დღეები იქნებოდა, არ მეგონა. უბრალოდ ვიცოდი, რომ ერთხელაც ყველა გაიგებდა, თუ როგორ გახდა საქართველოს პრეზიდენტი დევნილი თავის ქვეყანაში, და როგორ იმალებოდა სამეგრელოს ტყეებში“, - თქვა დარასელიამ.

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, გამთენიისას, სამეგრელოს სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი