logo_geo
გოგა ჩანადირი: დღეს 81 ლარი ვიშოვე, მეტი ვერ შევძელი, მოდი, იმ გოგოს წაუღეო...
- +

25 აპრილი. 2018. 02:45

 

 

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ტაქსით საბურთალოს მიმართულებით მივემგზავრებოდი.

 

გმირთა მოედანს რომ გავცდი, აკა სინჯიკაშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ უდედმამო სალომეს შეშა მიუტანა. კიდევ 300 ლარიც გადასცა, საიდანაც 250 ლარი საცხოვრებელი ვაგონის ქირის ფული იყო.

 

ლაპარაკს მოვრჩი თუ არა, ტაქსისტმა მკითხა, საქველმოქედო ორგანიზაციიდან ხომ არ ხართო. რადგან ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდოდა, უარის ნიშნად მხოლოდ თავი გავუქნიე.

 

არ მომეშვა, ვინმეს ხომ არ უჭირსო. მეც ამბავი მოკლედ მოვუყევი. გადაირია, პატარა გოგოს ყურადღება როგორ არ უნდა მივაქციოთო. ტელეფონი გამომართვა. მერე კი თავი გაიგიჟა, მგზავრობის საფასური არაფრით გადამახდევინა.

 

საღამოს დამირეკა, უნდა შეგხვდეო.

 

მოვიდა და მითხრა, ალალად გეუბნები, დღეს 81 ლარი ვიშოვე, მეტი ვერ შევძელი, მოდი, იმ გოგოს წაუღეო.

 

მე გლდანში ერთად წასვლა შევთავაზე. სალომეს ეძინა. მისი მეურვე, ჟანა ფეხზე იყო. სტუმარმა მას 81 ლარი გადასცა და უთხრა, საჭმელი იყიდეთო.

 

ეს კაცი კოტე რამიშვილი იყო. მან თავისუფლების მოედანზე ჩამომსვა და მითხრა, სალომეს უყურადღებოდ არ დავტოვებო. მერე კი არამიანცის საავადმყოფოს გზას დაადგა, სადაც მისი ტრავმირებული შვილი იწვა.

 

უფალო კოტეს შვილი გამოაჯანმრთელე და ყველას მისცეს საშუალება რათა ერთმანეთს დავეხმაროთ“, - წერს ჩანადირი.

 

 

big_banner
არქივი